ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჟღალი გენერლის“ აღსასრული


2007 და 2015 წლის ფოტოები, თარხან ბათირაშვილის ტრანსფორმაცია ტერორისტ აბუ ომარ ალ შიშანამდე

2007 და 2015 წლის ფოტოები, თარხან ბათირაშვილის ტრანსფორმაცია ტერორისტ აბუ ომარ ალ შიშანამდე

უკვე მესამე დღეა ბირკიანში, გლოვობენ კაცს, რომელმაც პანკისის ხეობის ეს პატარა სოფელი მთელ მსოფლიოს გააცნო. ქისტური ტრადიციის თანახმად, სამძიმრის მისაღებად, ბათირაშვილების მამისა და ძმის ოჯახების ჭიშკარი გაიღო, რითაც დადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ომის მინისტრი“, „ჟღალი გენერალი“, 30 წლის თარხან ბათირაშვილი, ერაყში შეტაკების დროს დაიღუპა.

თარხან ბათირაშვილის სახლი ბირკიანში

თარხან ბათირაშვილის სახლი ბირკიანში

ბოლო სამი წლის მანძილზე, ცნობა ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის სიკვდილის შესახებ, ოცზე მეტჯერ გავრცელდა, ამიტომ, ბევრს დღესაც არ სჯერა რომ ალ შიშანი მკვდარია. ბათირაშვილის მკვლელობის თაობაზე სხვადასხვა დროს იუწყებოდნენ: ერაყის ხელისუფლება, ქურთისტანის ლიდერები, სირიის სამთავრობო ძალები, ჩეჩნეთის ლიდერი, რომელმაც ცხედრის ყალბი ფოტოც კი გაავრცელა, სამი თვის წინ, პენტაგონიც კი.

ქისტი უხუცესების თქმით, რახან ბათირაშვილებმა ჭიშკარი გააღეს, ეს უტყუარი ნიშანია, რომ ყველაზე ცნობილი პანკისელის ოთხწლიანი ეპოპეა „ისლამურ სახელმწიფოში“ დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათირაშვილი ოთხ პირად მცველთან: ტოხოსაშვილთან, ქავთაროვთან და კიდევ ორ უცნობთან ერთად, ერაყის ქალაქ შირქათთან 14 ივლისს მოკლეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შირქათთან ახლოს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო აეროდრომი დაკარგა, რის შემდეგაც, ხიდები და ნავთობის საბადოები ააფეთქა, რომ როგორმე მთავარი ფორ-პოსტი ქალაქი მოსული შეინარჩუნოს. ბათირაშვილი საკუთარი რაზმით ამ ბრძოლებში მონაწილეობდა.

პანკისის ხეობის მკვიდრი, მუსიკოსი და პედაგოგი ბელა მუთოშვილი ამბობს, რომ ბათირაშვილს მთელი ხეობა ემშვიდობება:

„გახსნილია ჭიშკარი და მთელი პანკისის ხეობის ხალხი მოდის სამძიმრის სათქმელად“

„გახსნილია ჭიშკარი, სამძიმარს იღებენ და მთელი ხეობის ხალხი სამძიმრის სათქმელად მიდიან ოჯახის წევრებთან.“

ჯერ კიდევ ცხრა წლის უკან, მამით ფშავი და დედით ქისტი ბათირაშვილი, სამხედრო კარიერის გაკეთებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ცდილობდა. 2008 წლის აგვისტოს ომში, სერჟანტის ჩინით, მზვერავთა დანაყოფთან ერთად, ფრონტის წინა ხაზზე რუსების წინააღმდეგ იბრძოდა.

ბათირაშვილი (მარცხნივ) 2008 წლის აგვისტოს ომში

ბათირაშვილი (მარცხნივ) 2008 წლის აგვისტოს ომში

თარხანის ცხოვრება რადიკალურად 2010 წელს შეიცვალა, როცა ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და არმია მისთვის დასრულდა. იმავე წელს, ბათირაშვილს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ციხეში უკრეს თავი. მამა თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ თარხანი კუთხეში მიამწყვდიეს, სადაც საკუთარი ღმერთი დაკარგა.

„თარხანის არმიის მეგობრებს ზოგს რა უქნეს, ზოგს რა. ამას ვინღა მიუშვებდა უკან სამხედროში? ესეთ ხალხს სპობდნენ ეგენი“

„მაგას არმიის მეგობრებს ზოგს რა უქნეს, ზოგს რა. წკრიალაშვილი აგერ გზაზე მოკლეს, ამირიძე ციხეში გამოამწყვდიეს. ამას ვინღა მიუშვებდა უკან სამხედროში? ესეთ ხალხს სპობდნენ ეგენი“

ციხიდან გამოსვლისთანავე ბათირაშვილმა საქართველო დატოვა, მცირე ხნით, თურქეთში, ეგვიპტესა და იემენში იხეტიალა, 2012 წლის მარტში კი სირიაში აღმოჩნდა. ფულის გამო დაწყებულმა ბრძოლამ, მართლმადიდებლური წესით მონათლული თარხანი, სულ მალე, ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ისლამისტად და ჯიჰადისტად აქცია. ახალი კარიერული კიბე ამჯერად „ისლამურ სახელმწიფოში“ დაიწყო, სადაც ორ წელიწადში „ომის მინისტრი“ გახდა.

მის მიერ სირია-ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციებიდან განსაკუთრებით გამოყოფენ: ქალაქ ალეპოსთან ახლოს, მენაჰის სამხედრო აეროდრომის დაკავებასა და ქალაქ დეირ-ელ-ზორისთვის ბრძოლებს, რა დროსაც მას შუანიტების ტომის წინააღმდეგ სასტიკი მკვლელობების ჩადენა ბრალდება.

თარხან ბათირაშვილის ფოტო ცსკ-ოს ბაზაში

თარხან ბათირაშვილის ფოტო ცსკ-ოს ბაზაში

პარალელურად, თარხანი ქისტი ახალგაზრდების ნამდვილ კერპად იქცა, რამაც პანკისიდან სირიისკენ პოტენციური რეკრუტ-ტერორისტების მასობრივ გადინებას დაუდო სათავე. დღეის მდგომარეობით, სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოკლული 23 საქართველოს მოქალაქიდან, 20 პანკისელი ქისტია. 100-მდე ჩვენი მოქალაქე კი ისლამური სახელმწიფოს დროშის ქვეშ დგას.

ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცონეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ამბობს, რომ ბათირაშვილის სიკვდილი „ისლამურ სახელწიფოსთვის“ მძიმე დარტყმაა:

„ალ შიშანის დაკარგვა საკმაოდ მძიმე დანაკლისია ისლამური სახელმწიფოსთვის"

„ალ შიშანის დაკარგვა საკმაოდ მძიმე დანაკლისია ისლამური სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს, რომ ე.წ სახელწმიფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა და შემოსავლებმაც იკლო.“

ბათირაშვილის სიკვდილიდან რამდენიმე საათში, ნიცაში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე სატვირთო მანქანით, შემზარავი ტერაქტის ორგანიზება საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ეს „ჟღალი გენერლის“ გამო შურისძიებით ახსნა. თუმცა, რამდენად შეეფერება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს უცნობია.

აბუ ომარ ალ შიშანის მკვლელობამ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩნურ-ქისტურ ფრთაში, ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად - მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი აქცია, რომელიც სოფელ დუისშია დაბადებული. სირია-ერაყის ტერტორიაზე, ბრძოლას აგრძელებს თარხანის ძმა, თამაზ-აბდურაჰმან ბათირაშვილიც.

„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016)

  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
  • 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
  • 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
  • 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)
  • 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
  • 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)
  • 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)
  • 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016)
  • 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
  • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
  • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
  • 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)

XS
SM
MD
LG