ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობა" ირანთან


რა ვითარებაა საქართველო–ირანის ურთიერთობების თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც საქართველომ გააუქმა ირანთან სავიზო რეჟიმი, ხოლო ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის გაფორმდა ბირთვული შეთანხმების სახელით ცნობილი დოკუმენტი.

რა პოტენციალი არსებობს საქართველო–ირანს შორის ურთიერთობის კუთხით, რამდენად შეიძლება გაძლიერდეს მისი როლი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე, სოფლის მეურნეობაში და სხვა. ამ თემებზე სასაუბროდ კავკასიურ სახლში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიზადე იმყოფებოდა. აქვე გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველო–ირანის ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“.

ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაიზადეს თქმით, ირანი ბუნებრივი გაზის რესურუსის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, ხოლო პირველი იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიანგარიშებთ ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოცულობებს, რაც ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ენერგეტიკის საკითხს და ამ მხრივ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის განიხილავს, როგორც ეკონომიკის სფეროს ცალსახად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური მომენტი სათვალავში ჩასაგდები არაა. ელჩის მოადგილემ არაერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ირანს შორის არაა ათვისებული, რასაც მიიჩნევს ხარვეზად. „საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ირანის შესაბამისი უწყებები ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ. ამიტომაც ჩვენი შეთავაზება იყო იმის თაობაზე, რომ ჩატარდეს ენერგეტიკული სემინარები, ტრენინგები. დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი ფორუმის ორგანიზებას“.

ირანის ელჩის მოადგილემ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ცალსახად დააფიქსირა, თუმცა აქვე გაეცა შეკითხვას იმის თაობაზე, აქვს თუ არა კომუნიკაცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან და განიხილება თუ არა გაზის ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში, ან იხილება თუ არა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი. მოჰსენ ქებრიაიზადემ საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილის პარალელურად ისიც დააფიქსირა, რომ ირანს არ სურს გაზის გატანა ევროპაში და გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, საქართველოში ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ირანის შესახებ და პირიქით – ირანში არაფერი იციან საქართველოს თაობაზე.

გიორგი სანიკიძემ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა საქართველო–ირანის ურთიერთობა ერთი წინადადებით ასე დაახასიათა: „ესაა ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობა“. იგი ამბობს, რომ ირანი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვერ მოახერხებს ვერც ერთი ნაბიჯის გადადგმას ისე, რომ ეს დაპირისპირებაში მოდიოდეს რუსეთის ინტერესებთან: „ცალკე აღნიშვნის ღირსია ირანის ურთიერთობა რუსეთთან. ირანი, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში აღიარებს რუსეთის ინტერესების პირველადობას საკუთარ ინტერესებთან შედარებით. საქართველოსთან მიმართებით ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ესაა საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, მესამე პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია და სურვილი გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ ამასთანავე, ეს პროდასავლური ორიენტაცია, გარკვეულწილად, შესაძლოა მიმზიდველიც იყოს ირანისთვის.“

ირანის ელჩის მოადგილე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საგარეო პოლიტიკური ფაქტორებისა, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის სტაბილური მხარდამჭერია. „კავკასიური სახლის“ პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია: „საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აშშ–სთან, ისრაელთან, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა სხვა სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. საქართველოს აქვს რესურსი გამოიყენოს ეს მდგომარეობა და დასავლურ სამყაროსა და ირანს შორის გამტარის როლი შეასრულოს“.

XS
SM
MD
LG