ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Aguilera, Mae, Scorpions: დიდი მუსიკალური სეზონი გურიაში


ქრისტინა აგილერა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე
ქრისტინა აგილერა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე

ამერიკელი პოპ ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა, დიდი მუსიკალური სეზონი გურიაში, შეკვეთილის „შავი ზღვის არენაში“, რომლის მშენებლობა, საქართველოს ყოფილი პრემიერის ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ 200 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

Black Sea Arena გურიაში
Black Sea Arena გურიაში

თავად, ექს-ტინამ, ექვსი ამერიკული და ერთი ლათინური გრემის მფლობელმა შეკვეთილის კონცერტს „საუცხოო შოუ“ უწოდა. 35 წლის პოპ ვარსკვლავმა, მართალია, საქართველოში არ შეასრულა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი - Hurt, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხმის რეჟისურასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დიდი შოუ და Black Sea Arena-ს ნათლობა მაღალ დონეზე შედგა.

ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი გამოდგა, ქრისტინას სიურპრიზი, როცა მან, მოულოდნელად სცენაზე, ანსამბლ „ბათუმის“ მომღერლებს უხმო. ამერიკელმა ვარსკვლავმა ისინი, წინა დღით, სოფელ აჭარისწყალში, „აჭარულ ღვინის სახლში“ სტუმრობისას გაიცნო, მათთან ერთად, ჩხავერის ღვინო დააგემოვნა, ქართულ სიმღერები მოისმინა და მაშინვე შეკვეთილში დაპატიჟა.

აგილერა და "ბათუმის" მომღერლები სოფელ აჭარისწყალში
აგილერა და "ბათუმის" მომღერლები სოფელ აჭარისწყალში

ანსამბლ „ბათუმის“ მიერ Black Sea Arena-ზე შესრულებულ, პოეტ მედეა კახიძისა და კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძის - „ვკეცე ვკეცეს“ ქრისტინა აგილერამ სცენაზე ჩამომჯდარმა უსმინა და 9500 მსმენელთან ერთად, აღფრთოვანების დამალვა არ უცდია.

„შავი ზღვის არენის“ მენეჯერი ანი კავლელიშვილი ამბობს, რომ „ბათუმის“ მომღერლების ჩართვა მეგა შოუში, ქრისტინა აგილერას დაჟინებული მოთხოვნით მოხდა.

"ქრისტინამ გვითხრა, რომ საოცრად მოეწონა ბიჭების სიმღერა და ძალიან უნდოდა მათ შოუში მიეღოთ მონაწილეობა"
ანი კავლელიშვილი, Black Sea Arena-ს მენეჯერი

„ეს იყო ქრისტინა აგილერას სიურპრიზი. მან გვითხრა, რომ საოცრად მოეწონა ბიჭების სიმღერა და ძალიან უნდოდა მათ შოუში მიეღოთ მონაწილეობა. ბუნებრივია, ასეთი სიტყვების შემდეგ, თითოეული ჩვენთაგანი საოცარ სიამაყეს გრძნობდა.“

დიდი მუსიკალური სეზონი გურიაში, ქრისტინა აგილერას შოუთი მხოლოდ გახურდა. 6 აგვისტოს, შეკვეთილში, უკვე ბრიტანელი ვირტუოზი მევიოლინე, ელექტრონული კლასიკის დედოფალი - ვანესა მეი დაუკრავს.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ჩამოიტანს თუ არა ვანესა საქართველოში, სტრადივარის მოწაფის, ჯოვანი გვადანინის მიერ 1761 წელს, დამზადებულ Gizmo-ს საყვარელ ვიოლინოს, რომელიც მას მშობლებმა 250 000 ფუნტად შეუძინეს.

20 აგვისტოს კი შეკვეთილს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს, ლეგენდარული Scorpions-ი აჩუქებს. 1965 წელს, ჰანოვერში დაბადებული გერმანული როკ ჯგუფი, დაარსების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო ტურნეში - Return to Forever იმყოფება. ქართველ მსმენელს როკის ცოცხალი ლეგენდის 68 წლის კლაუს მაინეს მოსმენა შეეძლება.

Scorpions-ს შეკვეთილში ჯეიმზ კოტაკი არ ჩამოჰყვება
Scorpions-ს შეკვეთილში ჯეიმზ კოტაკი არ ჩამოჰყვება

Scorpions ერთი დანაკლისი აქვს. სამწუხაროდ, შეკვეთილში ვერ ჩამოვა, Scorpions-ის სკანდალური დრამერი ამერიკელი ჯეიმზ კოტაკი, რომელიც 2014 წელს, ხულიგნობის გამო, დუბაიში ერთი თვით ციხეშიც იჯდა. კოტაკს, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, „მოტორჰედის“ უკვე ყოფილი დრამერი მიკი დი ჩაანაცვლებს.

Scorpions-ი გურიაში ჩინეთიდან ჩამოფრინდება, სადაც კონცერტებს 12 და 14 აგვისტოს მართავს. „ბლექ სი არენაზე“ გამოსვლის შემდეგ კი ლეგენდარული როკ-ჯგუფი ბრაზილიისკენ აიღებს გეზს. კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს

"Black Sea Arena არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს“
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი

„დარწმუნებული ვარ, რომ Black Sea Arena არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, გადაუჭარბებლად ვამბობ, მთელი რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს შეასრულებს.“

Black Sea Arena-ს მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ფონდმა „ქართუმ“ 2008 წელს დაიწყო. 2016 წლის ივლისში კი ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა, ეს ულტრათანამედროვე დარბაზი სახელმწიფოს გადასცა.

Black Sea Arena-ს პარალელურად, შეკვეთილში ასევე შენდება, შავ ზღვაში შეჭრილი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Black Sea Resort და დიდი საზღვაო აკვარიუმი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG