ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების მოკავშირე 2016 - ეს ტიტული საქართველოს სამხრეთ კაროლინის დედაქალაქ კოლუმბიაში 18 ივნისს მიანიჭეს. საქართველო პირველი ნატოს არა-წევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს. ღონისძიება ამერიკის კონგრესმენის ჯო უილსონის მხარდაჭერით, ორგანიზაცია “თავისუფლების ფონდმა” განახორციელა. საზეიმო ცერემონიას ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის, რამდენიმე გადამდგარი გენერალი, გადამდგარი ადმირალი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები დაესწრნენ.

ყველა ნამდვილი ამერიკელი სამშობლოს სიყვარულს საკუთარ თავზე წინ აყენებს. ყველა ნამდვილი ამერიკელი გულით ქართველია - მე ამას გულახდილად ვამბობ

გადამდგარმა ადმირალმა და დღეს საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ კაროლინაში დევიდ შიმპმა ცერემონიის გახსნისას სულხან საბას ორბელიანის იგავი “ძალა ერთობაშია” მოუყვა და თქვა, რომ თუ საქართველო და ამერიკა ერთად გააგრძელებენ განვითარებას, მათ ისრების კონის მსგავსად, ვერაფერი გატეხს.

სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე დასძინა, “ყველა ნამდვილი ამერიკელი სამშობლოს სიყვარულს საკუთარ თავზე წინ აყენებს. ყველა ნამდვილი ამერიკელი გულით ქართველია - მე ამას გულახდილად ვამბობ.”

თავისუფლების მოკავშირე 2016 ჯილდო საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სამახსოვრო დაფაზე წერია: გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. დაფის ასლი სქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხერდო ატაშეს ვიფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.

ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთში და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და საქართველოს და ქართველი ხალხის დაფასება. ამის მიზეზი ნათელია. გასულ წელს ავღანეთში ყოფნის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს შევხვდი. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ ქვეყანა, რომელსაც ჩვენს შემდეგ სისიდით მეორე უმსხვილესი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში საქართველოა," “ამერიკის ხმასთან” ექკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა. მან ასევე დასძინა, "ბევრს მიაჩნია, რომ საქართველო შავ ზღვაზე მდებარე პატარა ქვეყანაა. არა! საქართველო შავ ზღვაზე მდებარე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.”

საქართველოს მომავალზე საუბრისას კონგრესმენმა თქვა, რომ ის ქვეყნის ნატოსთან დაახლოებაზე დიდ იმედებს ამყარებს. “შარშან თბილისში ვიყავი. შევხვდი მოსახლეობას, სამხედრო მაღალჩინოსნებს, მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ასევე ვეწვიე ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიაზე ყოველ დღე გვახსენებს. ვფიქრობ, ნატოსთან დაახლოება წინ მიიწევს და ისე როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოც მალე გახდება ნატოს წევრი.”

ქართველებმა საკუთარი სისხლი ამერიკელებთან ერთად ბრძოლის ველზე დაღვარეს. ეს ჩვენს შორის ძმობას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს ჯილდო საქართველოსთვის დიდი ხნის წინ უნდა მიგვეცა

კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და მან ეს პირადად გამოსცადა. “ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთში და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ.”

გადამდგარი ადმირალი შიმპი (რომელსაც მანქანაზე ქართულ ენაზე “მე მიყვარს ღვინო” წარწერა აქვს მიკრული, ხოლო მანანის წინა მხარეს, მრგვალ სამარკო ნიშანზე საქართველოს დროშა აქვს დაკრული) ამბობს, რომ საქართველოში ჩასვლისას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ სახლში დაბრუნდა. მისი თქმით, ქართველები არა მხოლოდ სამაგალითო მეგობრობის გამო უნდა დააფასოს ყველამ, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა მსოფლიო არენაზეც. “ქართველებმა საკუთარი სისხლი ამერიკელებთან ერთად ბრძოლის ველზე დაღვარეს. ეს ჩვენს შორის ძმობას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს ჯილდო საქართველოსთვის დიდი ხნის წინ უნდა მიგვეცა. კონგრესმენი უილსონის დახმარებით, ჩვენ დღეს ეს შევძელით,” თქვა ადმირალმა.

“თავისუფლების ფონდის” პრეზიდენტი ჯონ ლავლედი საქართველოს ყველა სხვა მოკავშირე ქვეყნისგან განასხვავებს. ის ამბობს, რომ საქართველო ნატოს არა-წევრი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ფონდმა ეს ჯილდო გადასცა. “თავისუფლების ფონდი ამ პრესტიჟული ჯილდოს მიმღებ ქვეყანას კონგრესთან კონსულტაციებით არჩევს. საქართველო იმის გამო შევარჩიეთ, რომ ის დემოკრატიისა და თავისუფლების იმ ღირებულებებს იცავს, რომლებისაც ჩვენ ასე გვჯერა. ამასთან, საქართველო ჩვენს გვერდით ტერორიზმთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნატოს წევრი არ არის.”

ამერიკის არმიის გადამდგარი გენერალი ჯონ ლენტი, რომელიც ამჟამად “თავისუფლების ფონდის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია, ამბობს, რომ საქართველოს ძალიან დიდ პატივს სცემს. “მეამაყებას ის, რომ ისეთ ქვეყანასთან მაქვს ურთიერთობა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის. თქვენ საუკუნეების მანძილზე ებრძოდით მტრებს. ხართ პატარა ქვეყანა და გიწევთ თავი გაართვათ რუსეთს, ქვეყანას, რომელიც ცდილობს რაც დაკარგა ძალით დაიბრუნოს.”

ამერიკის რამდენიმე სამხედრო ჯილდოს, მათ შორის, ვერცხლის ვარსკვლავის და იასამნისფერი გულის (ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის უმაღლესი სამხედრო ჯილდო) მფლობელი გადამდგარი გენერალი ლენტი ამბობს, რომ საქართველო უდავოდ იმსახურებს საუკეთესო მოკავშირის ტიტულს. “თქვენ ავღანეთში 50-მდე ჯარისკაცი დაკარგეთ, 500-ზე მეტი დაიჭრა, ზოგიერთს კიდურების ამპუტირება დასჭირდა. თქვენ კარგად იცით თავისუფლების ფასი. ამიტომაც, ჩემთვის, საქართველო უდავოდ საუკეთესო მოკავშირეა.”

XS
SM
MD
LG