ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ცას ფრანგული Crotale დაიცავს?


ფოტოზე: "აღმოაჩინა-გაანადგურა", საზენიტო-სარაკეტი კომპელქსი Crotale NG Mk3 მოქმედებაში
ფოტოზე: "აღმოაჩინა-გაანადგურა", საზენიტო-სარაკეტი კომპელქსი Crotale NG Mk3 მოქმედებაში

საქართველოს სახელმწიფოს, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი გადაიტანა, პირველად მიეცა შესაძლებლობა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა გამართოს.

ის, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა გვექნება უკვე დანამდვილებით ცნობილია. ცნობილია ქვეყანაც, სადაც ამ სისტემას ვყიდულობთ - საფრანგეთი. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ კონკრეტულად, რომელ სისტემას გვაძლევენ ფრანგები. ეს ინფორმაცია ამ დრომდე კომერციული და სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შესაბამისი ხელშეკრულება ფრანგულ-ამერიკულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან პარიზში, ორშაბათს, ლაბურჟეს 51-ე საავიაციო გამოფენის დროს გააფორმა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, სასტუმრო დე ბრიენში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ კოლეგა ჟან ინ დე დრიანს შეხვდა. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კონტრაქტი ფინანსურად ხელსაყრელია და ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„შესაძლებლობა რომელიც გაუჩნდა საქართველოს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამ წუთის მდგომარეობით, პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას.“

მოლაპარაკება საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. მის დროსვე გაფორმდა მემორანდუმი, ბოლოს კი პროცესი კინაღამ საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. 2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც, ალასანიას თანამდებობა დაატოვებინეს, ყოფილმა მინისტრმა ყოფილ და მოქმედ პრემიერებს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დასდო, ფრანგულ მხარესთან შეთანხმების ჩაშლაში.

„პარიზში ვიზიტის დროს ივანიშვილისა და ღარიბაშვილს დავალებით, დამირეკა კრიზისების საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ და მითხრა, რომ არ მომეწერა საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელი“ - აღნიშნა ალასანიამ. როგორც ივანიშვილმა, ისე ღარიბაშვილმა და ასევე ჯანელიძემაც, რომელიც ალასანიას შემდეგომ მცირე ხნით იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, ამ ბრალდებას აბსურდული უწოდეს. დღეს ირაკლი ალასანია ამბობს, რომ არ იცის, რას მოაწერა ხელი თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

„მე ვიქნები ბედნიერი ადამიანი, რომ ის დაწყებული საქმე 100%-ით განხორციელდეს. ეს იქნება თინა ხიდაშელი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც ამას ბოლომდე მიიყვანს მე მადლობას გადავუხდი. მაგრამ, ჯერ გასარკვევია, არის თუ არა, ეს ის, შეთანხმება, რომლის მემორანდუმიც მე გავაფორმე.“

ჯერჯერობით, არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და არც კომპანია ThalesRaytheonSystems არ აკეთებენ დამატებით კომენტარს. თუმცა, ვინაიდან კონტრაქტი ThalesRaytheonSystems-თან გაფორმდა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Crotale NG Mk 3 შეიძინა.

Crotale NG Mk 3 განკუთვნილია საშუალო, დაბალ და ძალიან დაბალ სიმაღლეებზე, საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლისთვის. ამ კომპლექსის საშუალო ფასი 16 მილიონი დოლარია. ასევე საუბარია, Groundmaster 200 ტიპის მობილურ რადარებზე, რომლის საშუალო ფასი 23 მილიონი ამერიკული დოლარია.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის დროს, საქართველოს არმიის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფის შეიარაღებაში იყო: თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი OSA, BUK-ის ტიპის სარაკეტო სისტემა, ისრაელის წარმოების მოკლე რადიუსის მოქმედების Spyder-ი და თვითმავალი საზენიტო დანადგარი ZSU-23-4 ე.წ „შილკა“. მიუხედავად, იმისა, რომ რუსებმა აგვისტოს ბრძოლებში 12-მდე ავიაგამანდგურებელი და შვეულმფენი დაკარგეს, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საქართველომ ომში ცა პირწმინდად წააგო.

.

XS
SM
MD
LG