ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

GEO-EU: უვიზო რეჟიმის “სწრაფი შეჩერების“ თავიდან ასაცილებლად


საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე 18 დღით ადრე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანია, ქვეყანამ თავიდან აიცილოს „უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების“ მექანიზმის ამოქმედების საფრთხე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად დაიცვას შენგენის ზონის ქვეყნების მონახულების წესები.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ. მათ უფლება აქვთ, რამდენჯერმე შევიდნენ შენგენის ზონაში, თუმცა იქ გატარებული დღეების ჯამი, არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მოქალაქემ აუცილებლად უნდა დატოვოს შენგენის ზონა და მომდევნო ვიზიტი შეუძლია დაგეგმოს 90 დღის გასვლის შემდეგ.

შენგენის ზონაში გამგზავრებამდე, ვიზიტორს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული მგზავრობის მიზანი. აუცილებლად უნდა გააჩნდეს: სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, ჩეკი ან საბანკო ბარათი), სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის თანხმობა და რაც მთავარია - უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს:

აუცილებელია, რომ ეს ვადები იქნეს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის დაგეგვმისას ზუსტად იქნეს გათვალისწინებული უკან დაბრუნების დრო, შეძენილ იქნას უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ვიზიტორმა მკაფიოდ უნდა იცოდეს და საზღვარზე უპასუხოს შეკითხვას: სად მიემგზავრება, რა ვადით და ვისთან ჩერდება"
მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი

„აუცილებელია, რომ ეს ვადები იქნეს დაცული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის დაგეგვმისას ზუსტად იქნეს გათვალისწინებული უკან დაბრუნების დრო, შეძენილ იქნას უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ვიზიტორმა მკაფიოდ უნდა იცოდეს და საზღვარზე უპასუხოს შეკითხვას: სად მიემგზავრება და ვისთან ჩერდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი, თუ მოქალაქე ხანგრძლივი ვადით აპირებს შენგენის ზონაში გამგზავრებას - სამუშაო კონტრაქტით ან სასწავლებლად, ამ შემთხვევაში ვიზის აღება აუცილებელია.“

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე დაარღვევს ამ წესებს, ის ჩაითვლება არალეგალად და გამოძევებული იქნება სამშობლოში. მას 5 წლით შეეზღუდება შენგენის ზონაში შესვლის უფლება ან ალტერნატივის სახით, შეიძლება დაჯარიმდეს 3000 ევროთი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აეკრძალება შენგენის ზონაში შესვლა.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ყოფნისას ვალდებულნი არიან დაიცვან: ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი. ვიზიტის დროს სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევა, დეპორტაციასთან და შესაბამის პასუხისმგებლობასთან ერთად, ასევე ისჯება შენგენის სივრცეში შესვლის აკრძალვით, 5 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოდან ძალიან მოიმატებს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არღვევენ "90 დღიანი ვადის წესს", რომლებსაც, საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეუბნებიან, რომლებიც უსაფუძვლოდ ითხოვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარს ან საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, მაშინ შესაძლოა ამოქმედდეს „უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების“ მექანიზმი და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში, 9-დან 18 თვემდე შეიზღუდოს.

საგარეო მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მთავრობა საინფორმაციო კამპანიას ქვეყნის რეგიონებშიც აწარმოებს.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქე დაარღვევს ამ წესებს, ის ჩაითვლება არალეგალად და გამოძევებული იქნება სამშობლოში, მას 5 წლით შეეზღუდება შენგენის ზონაში შესვლის უფლება ან ალტერნატივის სახით, შეიძლება დაჯარიმდეს 3000 ევროთი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აეკრძალება შენგენის ზონაში შესვლა

„დღევანდელი დღე არის გახსნა ამ კამპანიის, რომელშიც ჩვენს გარდა, საქართველოს მთვარობის სხვადასხვა უწყება იქნება ჩართული, განსაკუთრებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ჩვენ ერთობლივად, დიდი ქალაქების გარდა, რეგიონებშიც მივაწვდით ინფორმაციას მოქალაქეებს, რათა მათ იცოდნენ თუ რა შემთხვევაში ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით.“

საქართველომ ევროკავშირის „შავი სიიდან“ „თეთრ სიაში“ 2017 წლის 8 მარტს გადაინაცვლა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ოფიციალურ საკანონმდებლო რეესტრში ახალი რეგულაციით 2017/372, შესწორება შევიდა რეგულაციაში 539/2001 და საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირთან გრძელვადიანი ან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი აქვთ.

ახალი რეგულაციით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ: ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ანუ 2017 წლის 28 მარტს შედის .

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ და ინტერნეტით ან საზღვარზე შეუძლიათ ვიზის აღება

ევროპა - ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია, ანდორა, ვატიკანი, სან-მარინო - (2017 წლის 28 მარტიდან), უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, კოსოვო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი

აზია - ინდონეზია, ირანი, ისრაელი, შრი-ლანკა, ქუვეითი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კამბოჯა, იორდანია, ყირგიზეთი, ლიბანი, მალაიზია, მალდივის კუნძული, მონღოლეთი, ნეპალი, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთ ტიმორი, ბანგლადეში, კაბო-ვერდე, ლაოსი, პალაუ, ინდოეთი, მიანმარი

აფრიკა - ეგვიპტე, კენია, მადაგასკარი, ბურუნდი, ჯიბუტი, გამბია, მავრიკი, მოზამბიკი, რუანდა, ტანზანია, ტოგო, უგანდა, კომორის კუნძულები, მალავი, სეიშელის კუნძულები, გვინეა-ბისაუ, ზამბია, მავრიტანია, გაბონი, ზიმბაბვე, სან-ტომე და პრინსიპი

სამხრეთ ამერიკა - ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე

ცენტრალური ამერიკა - იამაიკა, პანამა, ნიკარაგუა, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, დომინიკა, გრენადა, ჰაიტი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი

ოკეანეთი - კუკის კუნძულები, მიკრონეზია, სამოა, მარშალის კუნძულები, ტუვალუ

XS
SM
MD
LG