ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილნიუსის სამიტზე ქართული ღვინით და დიდი იმედებით


ლიტვის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ამჯერად ვილნიუსში შეხვდება
ლიტვის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ამჯერად ვილნიუსში შეხვდება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას, ლიტვაში „ქინძმარაულით“, „საფერავითა“ და „ხვანჭკარით“ აღნიშნავენ

ბმული

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც ოფიციალური კიევის ნაბიჯს მოჰყვა შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე წინასწარი ხელმოწერის პროცედურა, საქართველოს დელეგაცია ვილნიუსის სამიტზე მაინც იმედიანად მიემგზავრება.

ოფიციალურმა თბილისმა ღიად განაცხადა, რომ კიევის მოულოდნელ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, სერიოზული გავლენა ექნება, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას საქართველოს გადაწყვეტილებაზე, ლიტვის დედაქალაქში მოახდინოს როგორც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების, ისე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტერგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს:

„ის რაც ხდება უკრაინაში ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს თუ რუსეთი დაუსჯელად განახორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას, თუმცა უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენი ხელისფლება ნაკლებად მოწყვლადი არის ამ თვალსაზრისით. იგი არ იძლევა ნიშნებს, რომ მასთან ასეთი ტიპის „მუშაობებს“ აზრი ექნება.“
ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს ახალი პრეზიდენტი წარადგენს. ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრები.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება, 28 ნოემბერს მოხდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა, რომელიც იმავდრულად, ევროკავშირთან მთავარი მომლაპარაკებელიც არის, 1000 გვერდიან დოკუმენტის თითოეულ გვერდზე უნდა განახორციელოს ხელმოწერა. ეს პროცედურა 3 საათი გაგრძელდება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მოახდენს.

საინტერესოა, რომ ვილნიუსის სამიტზე ოფიციალური სასმელი ქართული ღვინო იქნება. სპეციალურ ეტიკეტზე მითითებულია, რომ „საქართველო მიესალმება ევროკავშირში ლიტვის თავჯდომარეობას 2013“. სპეციალური დეგუსტაცია კი ლიტექსპოს საგამოფენო დარბაზში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს:

„ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში ინტეგრაცია არის საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და მეტსაც გეტყვით, კულტურული არჩევანი.

შესაბამისად, ის სირთულეები რომელიც შესაძლოა გაჩნდეს, გადაიძლევა - ერთის მხრივ, პოლიტიკური სპექტრის სრული ერთიანობით და მეორეს მხრივ - იმ ახლო თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში გვიყალიბდება.“

ვილნიუსის სამიტის წინ, საპარლამენტო უმცირესობა „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს, როგორც უმრავლესობას, ისე მთავრობას მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირონ კიევში, ევრომაიდანზე გამოსულ უკრაინის ოპოზიციურ ძალებს.

ქართული ოპოზიცია ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის დაძაბვასაც მოელის. საფრანგეთში საქართველო ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა ამბობს:

„მოსალოდნელია, რომ რუსეთის მხრიდან გაძლიერდეს წნეხი, როგორც ეს მოხდა უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენზე, ალბათ გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ოკუპაციის ხაზის გავლება და კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის დაძაბვა მთლიანად ქვეყნის სტაბილურობაზე აისახება.

ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც მთავრობამ, ისე ახალმა პრეზიდენტმა უნდა გაავრცელოს სწორი გზავნილები, რომ ჩვენი კურსი არის ურყევი.“

გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ხულვალეთის სიახლოვეს ორი ქართველი 24 წლის გიორგი ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი გაიტაცეს, ისინი ცხივნალის იზოლატორში გადაიყვანეს.

პარალელურად, რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ქარელიდან 24 კილომეტრში მდებარე სოფელ ღოღეთთან, არის საშიშროება რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით, სეპარატისტებმა, დამატებით 50 ჰექტარი მიწა მიიტაცონ.

იგივე მდგომარეობაა, გორიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ბერშუეთშიც, აქ ოკუპანტები დამატებით 30 ჰექტარი მიწის მითვისებას ცდილობენ.

ვილნიუსის სამიტამდე, ოკუპირებული აფხაზეთის მორიგ ინსპექტირებას ახდენს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ბოლო ორ თვეში სურკოვი მეორედ ჩავიდა აფხაზეთში და გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირის რაიონებითან ერთად, პირველად მოინახულა ეთნიკური ქართველებით დასახლებული გალის რაიონიც.
XS
SM
MD
LG