ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც იურიდიული და სამართლებრივი განხრით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას აპროტესტებენ. საქმე ისევ არჩევნების თემას ეხება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის გარდა, ერთი თავისუფალი კანდიდატი და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ ხაშურის მაჟორიტარად წარდგენილი პირი, სიმონ ნოზაძე მოხვდა. ამ უკანასკნელის პარტიული კუთვნილების სტატუსი დოკუმენტაციის თანახმად, რაც ცესკოში თავის დროზე იქნა წარდგენილი უპარტიო გახლდათ. უპარტიო წევრი საპარლამენტო ფრაქციას ვერ შექმნიდა და ვერც ფრაქციებისთვის განკუთვნილ ფინანსურ ანაზღაურებას მიიღებდა. შესაბამისად, მოგვიანებით ნოზაძე პარტიაში გაწევრიანდა და არა მხოლოდ ფრაქციისთვის განკუთვნილი ფინანსები მიიღო, არამედ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ანგარიშზე, რომელმაც არჩევნებზე სამ პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახა, მნიშვნელოვანი აქტივები გადაისროლა. ამისთვის უკვე ცესკომ იზრუნა, რომელმაც კანონი განსხვავებულად განმარტა და პარტიების დაფინანსების ოდენობები განსაზღვრა. ამგვარი კონფიგურაციის პირობებში შედეგები განსხვავებულად გადაჯგუფდა. მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომელმაც არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის და პარლამენტში მოხვედრისთვის დაახლოებით ათას ხუთასი ამომრჩევლის ხმა დააკლდა, ცესკოში საკუთარი კადრის წარდგენის შესაძლებლობის გარეშე შეიძლება დარჩეს, რადგან მრეწველებმა მათ სახელმწიფოსგან მიღებული თანხების ოდენობით „გადაუსწრეს“. ცესკოს მიღებული გადაწყვეტილება დღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ იურიდიულ საკითხებში დახმარებას საია უწევს. ამერიკის ხმა საიას იურისტს ლელა ტალიურს ესაუბრა: „ჩვენს ქვეყანას მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების მხრივ, ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსება ხდება, რომელთა შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს ამომრჩეველს. ეს განპირობებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ ადგილი აქვს პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ ასეთი დაფინანსება იქნეს მოპოვებული და დაფინანსების გარდა, მოხდეს პოლიტიკური გაერთიანებების პარლამენტში თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარმოდგენა. კანონის ჩანაწერები უნდა იყოს ცხადი და განჭვრეტადი, არ უნდა იძლეოდეს მისი გვერდის ავლის და არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას, რის მაგალითიც გახლავთ ის, რომ პარტია, რომელმაც გადალახა სამ პროცენტიანი ბარიერი, ვერ შეძლო საკუთარი დაფინანსების ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრების შენარჩუნება ყველა დონის ადმინისტრაციაში და ამის პარალელურად, პარტიამ, რომელმაც ვერ დაძლია მინიმალური ბარიერი, აჯობა და ერთი კაცის პარლამენტში გაყვანის შედეგად, ჩვენი აზრით, კანონის არასწორი ინტერპრეტაციით, შეძლო ბაიერგადალახულ პარტიაზე მეტი თანხის მოგროვება და მისი გამოდევნა საარჩევნო კომისიიდან“.

რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ცესკოს ამგვარი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად რევერანსი და მადლიერების გამოხატულებაა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, გოგი თოფაძის მიმართ, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ ალიანსის წევრი გახლდათ და პრორუსული განცხადებების ხშირი გაჟღერებით გამოირჩეოდა, ამის შესახებ ლელა ტალიური ამბობს: „ამ საკითხს აქვს ორი მხარე, ერთი, ესაა სამართლებრივი მხარე, რის გამოც დღეს წარდგენილ იქნა თავისუფალი დემოკრატების მხრიდან სასამართლოში სარჩელი და მოთხოვნილ იქნა ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო და მეორეს მხრივ, ამ საქმეს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლები ამბობენ, ისინი კოალიციაში არიან მმართველ ძალასთან ძალიან ახლოს, იზიარებენ მათ პოზიციას და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი წევრებიც, სავარაუდოდ, მოაზრებულები იქნებიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორც ქართული ოცნების ინტერესების გამტარებლები. ესაა ამ საკითხის უკვე პოლიტიკური მხარე, რომელიც ასახვას ჰპოვებს საბოლოო ჯამში საარჩევნო ადმინისტრაციების სურათის, თუ ბალანსის შეცვლაში.“

ამერიკის ხმა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანს თამარ კეკენაძესაც დაუკავშირდა და კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თავად პარტიის პასიურმა პოზამ ხომ არ მოახდინა ცესკოს გადაწყვეტილების პროვოცირება. შეგახსენებთ, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვამდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა პარტია ამგვარ წაგებას სრული გულგრილობით შეხვდა და არ ჩათვალა საჭიროდ სამარლებრივი ბრძოლის გაგრძელება. თამარ კეკენაძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს: „ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამ საკითხს, თუ რა მოხდა მრეწველებთან მიმართებით, ნამდვილად არ ვუკავშირებთ ჩვენს პასიურობას არჩევნების შემდგომ. მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელები, იქიდან გამომდინარე, რაც დააფიქსირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა არჩევნებზე“.

საიაში ამბობენ, რომ სასამართლომ ამჯერად სწრაფ ტემპში უნდა განიხილოს სარჩელი. ასე, რომ ერთ კვირაში ცნობილი იქნება, მიიღებენ თუ არა ერთი მაჟორიტარი კანდიდატით გასული მრეწველები ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტ ლარს და ჩაანაცვლებენ თუ არა მათი წარმომადგენლები ცესკოში „თავისუფალი დემოკრატების“ კადრებს.

ცესკოს გადაწყვეტილებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პოლიტიკური პარტიების რაოდენობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 11–დან 20–მდე გაიზარდა და ყველა მათგანი, მთლიანობაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მთლიანობაში 9 739 296 ლარით დაფინანსდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG