ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც კამპანიის აგრესიულობა პიკს აღწევს, წინასაარჩევნო დარღვევების მხრივ ვითარება საგანგაშო და შემაშფოთებელი სულაც არაა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია უფრო ნორმალიზაციისკენ მიდის, ვიდრე გაუარესებისკენ, არსებულ გამოცდილებას თუ ვიგულისხმებთ.

დარღვევებს, რა თქმა უნდა, ადგილი არჩევნების წინა პერიოდში აქვს, მაგრამ იმ ორგანიზაციების უმეტესობა, ვისაც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ცთომილებები ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში, რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში წინასაარჩევნო ვითარება დამძიმდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეხლა–შემოხლის შემთხვევებსა და ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს, ასევე პარტიების ოფისების დარბევის 5 ფაქტს, ამომრჩეველთა მოსყიდვას, უკანონო აგიტაციას და სხვა.

ამერიკის ხმა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ ბენიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს: “არჩევნებამდე ორი დღით ადრე, განვლილ ოთხ თვეს რომ გადავხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო გარემო იყო მეტ–ნაკლებად მშვიდი. შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ იგი საერთო ჯამში. მიუხედავად მოლოდინისა, სერიოზულ დარღვევებს, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა არჩევნების ჩატარებას, არ ჰქონია ადგილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მშვიდი გარემო და პოზიტიური პირველი ნაწილი წინასაარჩევნო გარემოსი, გარკვეულწილად დაიჩრდილა იმ ფაქტებით, რომელსაც ჰქონდა ადგილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მოგეხსენებათ, პირველ ოქტომბერს, დაპირისპირებისას ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის, დაზიანდნენ ქართული ოცნების აქტივისტები. შემდეგ იყო სროლის ინციდენტი გორში, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ადამიანები. როგორც შემდგომ ვნახეთ, გამოძიების ვერსიით, ეს არაა დაკავშირებული არჩევნებთან, რადგან მას პოლიტიკური მოტივი არ აქვს, მაგრამ მაინც ეს მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში და მნიშვნელოვანი გარემოებაა. გარდა ამისა, კიდევ უფრო დრამატული და შემაშფოთებელია ჩვენთვის იყო ოპოზიციის წარმომადგენლის ავტომობილის აფეთქების შემთხვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ თბილისის ცენტრში. ეს, ერთიანობაში, ცხადია, ქმნის, გარკვეულ ძალადობრივ ფონს წინასაარჩევნოდ, რაც, რა თქმა უნდა არაა მისასალმებელი“,– აცხადებს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი და საუბარს კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალით აგრძელებს: „გამოწვევად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან დაფიქსირდა, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, მაგალითად, ასეთი საგანგაშო ჩვენთვის იყო „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ უფასო სადილის მიწოდება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას პოლიტიკური პარტია იყენებს მის სასარგებლოდ. უფასო მომსახურების ან უფასო ნივთების გადაცემით, ცდილობს მისი გულის მოგებას, ამასთანავე მოსახლეობას კამპანიის მასალებასაც გადასცემდნენ. ეს უკვე აღარაა ქველმოქმედება. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ქველმოქმედება, საქველმოქმედო ორგანიზაციებს კი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსირების ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ აცხადებს: „არიან საჯარო მოხელეები, ვინც თანხა შესწირეს პოლიტიკურ პარტიებს და მათი შემოწირულობა, ზოგ შემთხვევაში ნახევარზე მეტია იმასთან შედარებით, რასაც ისინი წლის განმავლობაში იღებენ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაა რისკები. შესაძლებელია, რომ ამ პირებმა შემოწირულობა განახორციელეს სხვა შემოსავლებიდან. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტებით“.

წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება აუდიტის სამსახურს, პროკურატურას და ცეესკოს აქვს. ლაშა თოდრია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს: „არაერთი ადამიანი და პოლიტიკოსი გამოვკითხეთ ჩვენ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც იყო კითხვის ნიშნები დასმული ამა თუ იმ პოროვნებისა თუ ორგანიზაციის მიერ. ყველაზე, აბსოლუტურად მოვახდინეთ რეაგირება. თუ რაიმე ახალი არსებობს, მოვახდენთ ყველაზე რეაგირებას, თუ შესაბამისი საფუძვლები არსებობს“.

ამერიკის ხმა საიას ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა: „ჩვენ არაერთი წელია ადვოკატირებას ვუწევთ უკანონო მოსმენების პრაქტიკის დასრულებას ამ სახელმწიფოში და მით უმეტეს, პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების მცდელობებს. პრობლემა იყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც გამოქვეყნების დროის, შინაარსის და მასში მონაწილე სუბიექტების მიხედვით, აშკარად აჩვენებდა, რომ იყო პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა ამ ჩანაწერების მეშვეობით, რაც არაა თავსებადი დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და რა თქმა უნდა არაა თავსებადი კანონთან. სამწუხაროდ, ეს არჩევნები ამ თვალსაზრისით, არ აღმოჩნდა გამონაკლისი.“

წინასაარჩევნო დარღვევების გამოძიების საკითხი, ერთ–ერთი მათგანია, რაც პრობლემურად ყველაზე უფრო მეტადგამოიყურება. ორ დღეში საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს ახალ წევრებს აირჩევენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG