ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკოპოლიტიკა კლავს: „დედა დარჩი მარტო...“


გარდაცვლილი დემურ სტურუა
გარდაცვლილი დემურ სტურუა

დემურ სტურუას ტრაგიკური დაღუპვიდან უკვე 8 დღე გავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, წაუყენებს თუ არა პროკურატურა, 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის სკანდალურ საქმეზე პოლიციელებს ბრალს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება "ინტენსიურად მიმდინარეობს და დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება".

სოფელ დაფნარის მკვიდრმა დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს მოიკლა. წერილში, რომელიც გარდაცვლილმა დატოვა, სტურუა სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელ გ.თ-ს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი
თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი

„პოლიციელი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქვს დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო..“
თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილიდან

„პოლიციელი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქვს დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო. მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს პლანი დათესილი კულაშში, დაფნარში და საჯავახოშიო. გემშვიდობებით ყველას. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ - წერს სტურუა.

წერილის გამოქვეყნებისთავანე, პოლიციელმა გ.თ-მ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. პროკურატურა საქმეს, "უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც იძიებს". არის ინფორმაცია, რომ ძალადობაში შესაძლოა კიდევ ერთი პოლიციელი ფიგურირებდეს. გარდაცვლილის დედამ უკვე მისცა ჩვენება პროკურატურას, ნონა ჯოჯუა პოლიციელთა დასჯას ითხოვს

აწი, მაინც არაფერი ეშველება ჩემს შვილს, მხოლოდ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ"
ნონა ჯოჯუა, გარდაცვლილის დედა

„ჩვენ გვინდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მეტი არაფერი, მხოლოდ ეს გვინდა, აწი, მაინც არაფერი ეშველება ჩემს შვილს“.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრმა 38-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, დემურ სტურუას სიკვდილის გამო მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა: „დემურ სტურუას წერილში აღწერილი ვითარება პირდაპირი ანარეკლია იმ რეპრესიული სისტემისა და გავრცელებული პოლიციური პრაქტიკისა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა.

არსებული ნარკოპოლიტიკა არის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ყველაზე მახინჯი გადმონაშთი, რომელიც მიმართულია მხოლოდ ადამიანების დევნასა და უსამართლო დასჯაზე და ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი, რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება“ - ნათქვამია არასმთავრობოების განცხადებაში.

არსებული ნარკოპოლიტიკა ექსკლუზიურად ემსახურება ძალოვანი სტრუქტურების კერძო ინსტიტუციურ საჭიროებებს - იქონიონ ადამიანების დაშინების და დაშანტაჟების მექანიზმი, რათა აიძულონ თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება“
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი ტატო გეთია ამბობს, რომ მიუხედავად, ხელისუფლების არაერთგზის დაპირებისა, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ უფრო რესპრესიული გახდა.

„ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაცია დღევანდელ ხელისუფლებას საარჩევნო პროგარამაში ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ. ამას აცხადებს უმეტესობა მმართველი პოლიტიკური ელიტიდან, თუმცა, რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, ამ განცხადებების შემდეგ, პირიქით, უფრო გამძაფრდა სიტუაცია.“

ადამიანის უფლებების სწავლებისა დამონიტორინგის ცენტრმა ( EMC), რომელიც დემურ სტურუას ოჯახის ინტერესებს იცავს, დღეს მოითხოვა, რომ „დაიკითხოს სამტრედიის პოლიციის ხელმძღვანელობა და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც წერილში ხსენებული პოლიციელისა და დემურ სტურუას შორის კომუნიკაციის შესახებ ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას“.

EMC-ის აზრით, „გამოძიებამ ასევე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიციის მხრიდან დაფნარსა და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ პირებზე, განხორციელებული შესაძლო ზეწოლის სხვა ფაქტების შესახებ, რაც გამოააშკარავებს ადგილობრივი სამართალდამცველების მუშაობის უკანანო და რეპრესიულ პრაქტიკებს.“

20 აგვისტოს, თეთრი ხმაურის მოძრაობა, სამტრედიის პოლიციის შენობასთან სამტრედიის პოლიციის უფროსის გადადგომას, მოძალადე პოლიციელთა დასჯასა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გადახედვას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG