ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლიდარობა მუშებს: რუსთავის „აზოტის“ კრიზისის ფორმულა


რუსთავის "აზოტიდან" დათხოვნილი მუშებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისსა და რუსთავში არ წყდება საპროტესტო აქციები, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმო „აზოტიდან“ 330 ადამიანის გათავისუფლების გამო. დღეს, ხალხმრავალი მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართა.

სოლიდარობის მოძრაობაში უმუშევრად დარჩენილი რუსთაველი მუშების გარდა, ჩართული არიან პროფკავშირები, სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო სექტორი. პროტესტს თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, რომელმაც რუსთავის აქციის დროს ძალას აშკარად გადაამეტა.

„აზოტმა“ - ერთმა-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო დამსაქმებელმა ქვეყანაში, თანამშრომლების მასიური შემცირება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. იურისტების შეფასებით, ეს პროცესი შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით წარიმართა.

„აზოტის“ მხრიდან არ მოხდა დასაქმებულების წინასწარ გაფრთხილება და კომპენსაციის გაცემა. 350-მა მუშა მოსამსახურემ მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ უმუშევრად დარჩა, როცა ქარხანაში შესასვლელი სპეციალური საშვი გაუქმებული დახვდათ. მათ შორის არის ამირან დიაკონიძე, იგი „აზოტში“ 16 წლის მანძილზე მუშაობდა

ხალხად არ ჩაგვთვალეს და გამოგვყარეს, როგორც ძაღლები ისე, წადით სახლშიო. რა გავაკეთო? დამრჩა სარჩენი ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი. ეს ამათ არ ესმით, ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ასე ცხოველივით ხალხს არ უნდა მოეპყრა"

"ხალხად არ ჩაგვთვალეს და გამოგვყარეს, როგორც ძაღლები ისე, წადით სახლშიო. რა გავაკეთო? მარტო მე ვმუშაობ ოჯახში. ვმუშაობდი, უფრო სწორად. და ახლა აღარ ვმუშაობ. დამრჩა სარჩენი ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი. ეს ამათ არ ესმით, ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ასე ცხოველივით ხალხს არ უნდა მოეპყრა."

რუსთავის „აზოტმა“, რომლის ძირითადი საექსპორტო საქონელი აზოტოვანი სასუქებია, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.

ამის მიზეზად საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა სახელდება, რომელსაც აზოტოვანი სასუქის თვითღირებულებაში - 65% უკავია. თუ 2011 წელს, „აზოტმა“ ექსპორტზე - 144 მილიონი დოლარის სასუქი გაიტანა, 2016 წელს - ეს ციფრი 65 მილიონამდე შემცირდა.

შარშან, მარტში, გაზის მომწოდებენ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გართულებული ურთიერთობის გამო, „აზოტმა“ საწარმოო პროცესი მცირე ხნით საერთოდ გააჩერა. იმავე პერიოდში, Standard & Poor's-მა „აზოტის“ საკრედიტო რეიტინგი გაიწვია. „სოკარის“ გარდა, „აზოტს“ აქვს ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება სხვა კრედიტორებთან: ფოთის პორტთან, ენერგო პროსთან, საქართველოს რკინიგზასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან.

2011 წლიდან, „აზოტს“, ბიზნესმენი რომან ფიფია, ლუქსემბურგში რეგისტრირებული „აგროქიმ ეს.ეის“ მეშვეობით მართავდა. 2016 წლის ივლისში, სწორედ ფიფიას კომპანიას გამოუყო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 155 მილიონი დოლარი. ამ კრედიტით „აზოტის“ სრული საწარმოო მოდერნიზება, გაზის მონეტიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე, აზოტოვანი სასუქის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის უნდა აშენებულიყო.

EBRD-ის შეთანხმება "აზოტთან", რომლის მომავალი უცნობია

EBRD-ის შეთანხმება "აზოტთან", რომლის მომავალი უცნობია

EBRD-სა და ფიფიას შორის ხელმოწერას მაშინ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც დაესწრო და ბრძანა, რომ ამ შეთანხმების შედეგად, რუსთავში, სრულიად ახალი შესაძლებლობები და 500 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. მან ასევე დადებითად შეაფასა, პროექტში საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ბანკის“ ჩართულობა. იმ დროს, „აზოტის“ ძირითადი საწარმო საშუალებები და აქტივები სწორედ „საქართველოს ბანკის“ გირაოს ქვეშ იყო მოქცეული.

აქედან სულ რაღაც ორ თვეში „აზოტში“ მოვლენები დრამატულად განვითარდა. EBRD-ის მიერ მრავალმილიონიანი კრედიტის გამოყოფას შეეწინააღმდეგა ლუქსემბურგის East-West United Bank-ი, რომლის მიმართ, რომან ფიფიამ 2014 წელს აღებული 100 მილიონი დოლარის მოცულობის მიზნობრივი კრედიტი ვერ დაფარა.

2016 წლის 1 სექტემბერს კი „საქართველოს ბანკმა“ „აზოტის“ დაგირავებულ ძირითად საშუალებებზე, სასწრაფო წესით იძულებითი აუქციონი გამოაცხადა.

შედეგად, აუქციონის გამარჯვებული და რუსთავის „აზოტის“ ახალი მესაკუთრე სრულიად უცნობი „ეუ ინვესთმენთი“ გახდა. ეს კომპანია აუქციონამდე 20 დღით ადრე, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა ეფრემ ურუმაშვილმა დააფუძნა.

ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები სწორედ „საქართველოს ბანკის“ ოფისებთან მიმდინარეობს, მანიფესტანტები მუშების მასობრივ დათხოვნაში ბანკს ადანაშაულებენ და სამსახურში მათ დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ.

პროტესტი "საქართველოს ბანკთან"

პროტესტი "საქართველოს ბანკთან"

თავად ეფრემ ურომაშვილი ამბობს, რომ EBRD-თან ხელშეკრულებაზე არაფერი იცის და თუ პროტესტი გაგრძელდა, „აზოტი“ შეიძლება, საერთოდ ვეღარ ამუშავდეს და უმუშევრად დარჩენილებმა კომპენსაცია ვერ მიიღონ

EBRD-თან ჩვენ შეხება არ გვქონია. „აზოტის“ მართვა მთლიანად აიღო „ეუ ინვესთმენთმა“. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება „სოკართან“, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქარხანა გაჩერებულია, ეწყობა მიტინგები და პროვოკაციები, საკმაოდ გვიჭირს, იგივე „სოკართან“ მოლაპარაკება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე.“

„EBRD-თან ჩვენ შეხება არ გვქონია. „აზოტის“ მართვა მთლიანად აიღო „ეუ ინვესთმენთმა“. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება „სოკართან“, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქარხანა გაჩერებულია, ეწყობა მიტინგები და პროვოკაციები, საკმაოდ გვიჭირს, იგივე „სოკართან“ მოლაპარაკება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე.“

საქართველოს ქიმიური გიგანტი „აზოტი“ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი მშენებლობა საბჭოთა საქართველოში 1947 წელს დაიწყო, საწარმოს დაბადების დღედ კი მიჩნეულია 1956 წლის 27 თებერვალი, როცა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, რუსთავში პირველი ამიაკი მიიღეს.

ქიმიური გიგანტის 61 წლის იუბილეზე კი საერთოდ ბუნდოვანია, როგორც „აზოტიდან“ განთავისუფლებული - 330, ისე საწარმოში დარჩენილი 2000-მდე მუშა-მოსამსახურისა და მთლიანად წარმოების შემდგომი ბედი.

რუსთავის „აზოტის“ კრიზისის ფორმულის ამოხსნას ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი „აზოტის“ ახალ მეპატრონესთან, მუშებთან და პროფკავშირებთან მედიაციის ფარგლებში ცდილობს.

"აზოტის" ქარხანა რუსთავში

"აზოტის" ქარხანა რუსთავში

აზოტოვანი სასუქის (ამონიუმის ნიტრატის) ექსპორტი საქართველოდან (2000-2017)

2016 – 65 644 000 აშშ დოლარი

2015 – 109 762 500

2014 – 137 607 000

2013 – 130 136 400

2012 – 136 543 700

2011 – 144 057 200

2010 – 84 155 200

2009 – 59 598 100

2008 – 98 459 600

2007 – 56 884 900

2006 – 46 622 600

2005 – 35 831 300

2004 – 28 637 600

2003 – 18 382 100

2002 – 11 973 800

2001 – 4 873 700

2000 – 16 191 300

XS
SM
MD
LG