ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გმობს ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის სამხედრო ხელშეკრულებას


სოხუმი, 2008

სოხუმი, 2008

საქართველო გმობს ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციას.

„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს,“ - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.

„მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა ეს ხელშეკრულება 2015 წლის ნოემბერში გააფორმეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ იმ ჩარჩო შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დაიდო და სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის შესაქმნელად გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბებას „აგრესიის მოგერიების“ მიზნით. ამ დაჯგუფებაში აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა შევა და მას გაერთიანებული სარდლობა ეყოლება.

რუსეთის სათათბირომ ხელშეკრულების რატიფიცირება 2 ნოემბერს 410 ხმით მოახდინა მაშინ, როცა სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტში ანალოგიური პროცედურა 2015 წლის დეკემბერში, ხელმოწერიდან ერთ თვეში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG