ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არალიცენზირებული იდენტობა


თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის, რაც ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივით უნდა გახსნილიყო, გახსნამდე დაიხურა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:27 0:00
ბმული


ორგანიზაცია „იდენტობა“ იძულებულია უარი თქვას საკუთარ ინიციატივაზე უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის თაობაზე. „იდენტობის“ ერთ-ერთი წევრის ირაკლი ვაჭარაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა ეკლესიისთვის. საქართველოს შრომის, სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი განაცხადა, რომ ქველმოქმედება საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

„მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ ბავშვების დახმარებისთვის იქნება მიმართული, მაგრამ ეს ყველაფერი მოქცეული უნდა იყოს საერთაშორისო გამოცდილებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში. ჩვენ მზად ვართ ამგვარი თანამშრომლობისთვის. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს მექანიკურად: ავაშენებ სახლს და შევუშვებ იქ ბავშვებს. ეს ეწინააღმდეგება ორ საერთაშორისო კონვენციას. პირველი: დე-ინსტიტუციონალიზაციას და მეორეა სწორედ ეს: აღზრდის ძირითადი მეთოდები. თუ ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული და ამაში სათაო დაწესებულებაა ჯანდაცვის სამინისტრო, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან,“- განაცხადა მინისტრმა.


მას შემდეგ, რაც „იდენტობის“ წარმომადგენელმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა, აღმოჩნდნენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებმაც თანხა უსახლკაროებისთვის უკვე გაიღეს. გარკვეული ჯგუფები კი ამის გაკეთებას მომდევნო დღეებში გეგმავდნენ. მაგალთად, ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი 19 ნოემბერს აქციას აწყობდა მწერალთა სახლში, საიდანაც შესული თანხა თავშესაფარს უნდა გადასცემოდა.
თუმცა მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ იდენტობამ თავად განაცხადა უარი საკუთარ ინიციატივაზე. „იდენტობის“ განცხადებაში ნათქვამია:

„თავშესაფრის ბინადრებს და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრა. მრავლად გაისმა თავშესაფრისა და ორგანიზატორებზე თავდასმის მუქარა. 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროცესის მშვიდობიან და პროფესიონალურ ორგანიზებას. „იდენტობას“ დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ. მათი განცხადებით, თუ თავშესაფარი დაგეგმილ ადგილზე გაიხსნებოდა, ისინი ყოველდღიურად შეუქმნიდნენ მის ფუნქციონირებასა და მაცხოვრებლებს პრობლემებს“.
მამა მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს:

„ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა რადიკალურად უარყოფითი და რა თქმა უნდა, ამას აქვს ობიექტური ახსნა: ამ ადამიანების ცხოვრების წესი არაა ჯანსაღი ცხოვრების წესი. მათ ორიენტაციაში აქვთ პრობლემა. სექსუალურ ორიენტაციას ვგულისხმობ. ბავშვების ბედის მათზე მინდობა არის ძალიან სერიოზული დანაშაული“.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მხოლოდ ქ. თბილისის მერიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით სოციალურად დაუცველ 7500-დან 9000-მდე ადამიანს აქვს მიმართული. თავშესაფარი არ არის გამიზნული არასრულწლოვანი პირებისათვის, თუმცა იქ შესახლებული ადამიანები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი ბავშვებიც. 4 თვიანი პროგრამა ითვალისწინებს ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და დასაქმების სპეციალისტის, ასევე მოხალისეთა ფართო ჩართულობას ამ ადამიანთა გაძლიერებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისათვის“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „საქართველოს კანონმდებლობა არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს აძლევს უფლებას განახორციელოს კანონით აუკრძალავი ქმედებები, ანუ, რაც არაა აკრძალული კანონით. ამ შემთხვევაში, თავშესაფრის მოწყობა არ წარმოადგენს სახელმწიფოს მონოპოლიას. მხოლოდ სახელმწიფოს არ აქვს თავშესაფრის მოწყობის უფლება. ამგვარი უფლება არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირსაც გააჩნია. მას აქვს უფლება მოაწყოს თავშესაფარი ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ანუ „იდენტობას“ რეალურად აქვს თავშესაფრის მოწყობის უფლება“.

1000 ლარამდე თანხას და ტანსაცმელს, რაც ამ დროისთვის ორგანიზაციაში მოგროვდა, იდენტობა იმ ადამიანებს გადასცემს, ვისი დახმარებაც იგეგმებოდა.

ორგანიზაცია „იდენტობა“ ერთხელ უკვე იქცა დევნის ობიექტად მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენლებმა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გააპროტესტეს.

XS
SM
MD
LG