ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რკინის აბრეშუმის გზა“ რუსეთს მიღმა


სურათზე: პირველი ჩინური საკონტეინერო ეშელონი თბილისის რკინიგზის სადგურში
სურათზე: პირველი ჩინური საკონტეინერო ეშელონი თბილისის რკინიგზის სადგურში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისტორიული უწოდა ჩინეთიდან ევროპაში, საქართველოს გავლით, სარკინიგზო გადაზიდვების დაწყებას. აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ძიანსუდან, საკონტეინერო მატარებელი თბილისში, ზუსტად, 15 დღეში ჩამოვიდა.

თურქული კომპანია „ვესტელისთვის“ განკუთვნილი კორეული წარმოების ელექტრონაწილები, სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩხონიდან, ბორანით წამოვიდა და ჩინეთის საპორტო ქალაქ ლიანიუნგანში, მატარებელში გადაიტვირთა.

ოცდაერთვაგონიანი ეშელონი ძიანსუდან 29 ნოემბერს დაიძრა, გამოიარა მთელი ჩინეთი, შემდეგ ყაზახეთი. ისევ, ბორანით გადასერა კასპიის ზღვა, ჩავიდა აზერბაიჯანში. ბაქოდან თბილისის გავლით, 15 დეკემბერს შევიდა ფოთში, და შემდეგ, შავი ზღვით, გეზი სტამბულისკენ აიღო. საბოლოო დანიშნულების პუნქტი - დასავლეთ თურქეთის ქალაქი მანისაა, სადაც „ვესტელის“ სათაო ოფისი და ძირითადი ქარხანა მდებარეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „რკინის აბრეშუმის გზა“ საქართველოსთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის:

მაქსიმუმ ორ კვირაში, შესაძლებელია, რომ ტვირთი უკვე შევიდეს ევროპაში, მათ შორის მდინარე დუნაის გავლით, შესაძლებელია, რომ ჩინეთიდან პირდაპირ გერმანიაში, რეგენსბურგის პორტში ჩავიტანოთ ტვირთი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ.

ტრანს-აზიური რკინიგზის იდეა, რომელიც აზიის კონტინეტს ევროპასთან აკავშირებს, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა. თუმცა, ამ მეგა პროექტის, მრავალმხრივი სარკინიგზო კორიდორების (ჩრდილოეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი-სამხრეთი) სრულფასოვან ამოქმედებას, ათწლეულების მანძილზე, სხვადასხვა გეოპოლიტიკური თუ რეგიონული უთანხმოება, ასევე რკინიგზის ლიანდაგის განსხვავებული ზომებიც უშლიდა ხელს.

ბოლო სამი წელია, მსხვილ ჩინელ იმპორტიორებში, მზარდი პოპულარობით სარგებლობს, Yuxinou-ს რკინიგზის სახელით ცნობილი: ჩუნცინი-დოსტიკი-მოსკოვი-ბრესტი-ლოძი-დუისბურგის მარშრუტი, რომელსაც ასევე „ახალ აბრეშუმის გზად“ მოიხსენიებენ. 11 180 კილომეტრის კორიდორი ჩინეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ბელარუსს, პოლონეთს და გერმანიას აკავშირებს. 2014 წელს ტვირთბრუნვა ამ მიმართულებით 290 პროცენტით გაიზარდა, რასაც სარკინიგზო გადაზიდვებზე შეღავათიანი სატარიფო სისტემის შემოღებამ შეუწყო ხელი.

ვაგენინგენის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის ბოლო კვლევის თანახმად, ეს სარკინიგზო მარშრუტი მართალია, 1,5 ჯერ ძვირია, საზღვაო მარშრუტზე, თუმცა, ტვირთის გადატანის ვადა, იგივე საზღვაოსთან შედარებით, 30-40 დღით მცირეა. კვლევის მიხედვით, ამ გზით, ჩინეთიდან ევროპაში ძირითადად, კომპიუტერები და ელექტრონაწილები გადაიზიდება, თუმცა, უკან ეშელონები ცარიელი ბრუნდება. მკვლევარები, ევროპელ იმპორტიორებს მიუთითებენ, რომ ეს გზა პერსპექტიულია, ჩინეთის ბაზარზე ევროპული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის (მაგალითად. ახალი ხილი და ბოსტნეული) შესატანად.

ამასთან, სულ უფრო მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ევროკავშირს, რუსეთს და თურქეთს შორის, აიძულებს ჩინეთს მხოლოდ რუსეთზე გამავალ სარკინიგზო მარშრუტზე არ იყოს დამოკიდებული. ტრანს-აზიურ რკინიგზაში, კავკასიური (ტრანს-კასპიური) მონაკვეთის შერწყმით, პეკინის გარდა, სისხლხორცეულად დაინტერესებულია: როგორც ყაზახეთი, ისე აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი.

სირიის გამო, რუსეთთან გამწვავებული კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ დააჩქარებს, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის (უნდა დასრულდეს, 2017 წლის დასაწყისში) , ისე ბოსფორის სრუტეზე, მარმარის სარკინიგზო გვირაბის მეგა პროექტის ბოლო ფაზის დასრულებას (2018 წლის ბოლომდე).

ამ ორი პროექტის საბოლოო დასრულება კი ავტომატურად შეკრავს, აზია-ევროპის დამაკავშირებელ „აბრეშუმის რკინის გზის“ ამ ახალ მარშრუტს, (ლიანიუნგანი, ჩინეთი-დოსტიკი, ყაზახეთი-აქტაუ, ყაზახეთი-ბაქო, აზერბაიჯანი-თბილისი, საქართველო-ახალქალაქი, საქართველო-ყარსი, თურქეთი-დერინჯე, თურქეთი-ევროპა) რომელიც, ბუნებრივია, ჩუნცინი-დოსტიკი-მოსკოვი-ბრესტი-ლოძი-დუისბურგის მარშრუტის მთავარი კონკურენტი ხდება.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ თუ მოხდება ამ სარკინიგზო მარშრუტის სათანადო რეკლამირება, დაბალ სატრანზიტო და სატარიფო ფასებზე შეთანხმება, საზღვაო მარშრუტებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევა, საქართველოს სერიოზული შემოსავლები ელოდება.

ეს არის სულ მცირე, დამატებით 2 პროცენტიანი ზრდა მთელ ჩვენ მთლიან შიგა პროდუქტში. ეს არის 600 000 000 აშშ დოლარი დამატებით, 600 მილიონი დამატებით ყოველწლიურად ეს კარგი ციფრია.

მთელი 2015 წლის მანძილზე, ჩინეთის პოლიტიკის გააქტიურება საქართველოში განსაკუთრებით, თვალშისაცემია. წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის წევრები რამდენჯერმე მიიწვიეს ჩინეთში, პეკინის ახალი ეკონომიკური სტრატეგიის - „ახალი აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის“ გასაცნობად.

ზაფხულში, საქართველოს სტუმრობდნენ, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე. სექტემბერში, საქართველოს პრემიერი ქალაქ დალიანში ჩინელ კოლეგას შეხვდა და დაიწყო მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაფორმდეს.

ოქტომბერში, პეკინში უკვე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე იმყოფებოდა. დეკემბერის დასაწყისში კი ეკონომიკის მინისტრი. 11 დეკემბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

XS
SM
MD
LG