ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების საგარეო პოლიტიკურ ხედვაში


3 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მიუხედავად ორი ოპონენტის რადიკალურად განსხვავებული საშინაო პოლიტიკური ხედვისა, საგარეო არენაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხედულებები ზოგიერთ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ამაში შედის ევრაზიის რეგიონი, საქართველო და რუსეთი, თუმცა არსებობს განსხვავებებიც.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ტრამპისგან განსხვავებით, რიტორიკის კუთხით უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, ამბობს დამირ მარუსიჩი, გამოცემა "ამერიკული ინტერესის" რედაქტორი.

„ბაიდენი თავად აცხადებს, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამისთვის მეტი თანხებიც გამოიყოფა. ტრამპს ამ კუთხით დაფინანსება არ შეუმცირებია. ამიტომ დიდი ცვლილება არ იქნება, თუმცა რიტორიკა შეიცვლება და რიტორიკის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ“, - ამბობს ის.

ტრამპის მიერ თეთრი სახლის დაკავების შემდეგ, საქართველომ ამერიკისგან ტანკ-საწინააღმდეგო "ჯაველინების" რაკეტები მიიღო. ამ იარაღის მიღებას, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის დროიდან, თბილისი უშედეგოდ ცდილობდა.

ადმინისტრაცია ასევე აქტიურად ადევნებდა თვალს გასული წლის აქციებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესს. მაშინ პროცესებს კრიტიკულად აფასებდა კონგრესიც. საქართველოს შესაძლო დემოკრატიულ უკუსვლაზე გაჩენილი შეშფოთებების დასტური კონგრესიდან თბილისში გაგზავნილი არაერთი წერილი იყო.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მტკიცე იყო განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ხელშეწყობის კუთხით.

ჯეიმს კარაფანო, “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარი ამბობს, რომ ორპარტიული მხარდაჭერიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკა შენარჩუნდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან მომავალ ადმინისტრაციას ექნება პოზიცია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაადოს ვეტო იმას, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - უთხრა "ამერიკის ხმას" კარაფანომ.

მისი თქმით, შავი ზღვის აუზში რუსეთის გავლენის მოპოვების მცდელობის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება.

„ვფიქრობ, სტაბილური და წარმატებული ევროპის ამერიკისეულ ხედვაში საქართველო უფრო და უფრო რელევანტურია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა გააკეთებს ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია“, - თქვა მან.

რუსეთი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის საპრეზიდენტო ვადას ფონად გასდევდა. მათ შორის იყო რუსეთის არჩევნებში ჩარევის გამოძიება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესიც. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვაშინგტონის და მოსკოვის ინტერესები ბევრ საკითხში ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა, მათ შორის, სირიის, ვენესუელასა თუ თურქეთის შემთხვევაში. ვაშინგტონმა დიდ ბრიტანეთში ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალი მოწამვლის გამო, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. რამდენიმე დღის წინ კი ბრალი წაუყენეს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექვს ოფიცერს.

პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარი ღია იყო. ტრამპის მხრიდან ამ რიტორიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია ინარჩუნებდა რუსეთის მიმართტ მკაცრ პოლიტიკას, - ამბობს კარაფანო.

„პრეზიდენტი ინარჩუნებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები საუბრობდა რუსეთის ჩარევაზე და ქმედებებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. აქ პრობლემა არა შეერთებული შტატების ქცევა, ან მისი პოლიტიკაა - ან ევროპის პოლიტიკა - არამედ რუსეთს პოლიტიკაა. პუტინი არ ცვლის მის პოლიტიკას... რუსეთს არ უჩვენებია სურვილი, რომ უნდა უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა ქონდეს. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება", - ამბობს კარაფანო და დასძენს, რომ სწორედ ამ მიზეზით, რუსეთთან პოლიტიკა შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს.

ცოტა ხსნის წინ, ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო გუნდმა, ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე განცხადება გააკეთა და პრეზიდენტ ტრამპმს უფრო თანმიმდევრული და აქტიური პოლიტიკისკენ მოუწოდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ეცდება ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში შეერთებულმა შტატებმა წამყვანი როლი ითამაშოს.

დამირ მარუსიჩის თქმით, ტრამპისგან განსხვავებით, რომელსაც კავკასიისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმია, ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში, შეეცდება მოკავშირეებთან ურთიერთობების გამოსწორებას.

„ტრამპის ადმინისტრაციას დიდი ყურადღება არ დაუთმია საქართველოსა და ზოგადად რეგიონისთვის, მისი პრეზიდენტობის მეორე ნაწილამდე. აქ ვფიქრობ ცვლილებას ვნახავთ. ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება მოკავშირეების გაერთიანებას. თუ საქართველოს ხელისუფლება აღქმული იქნება როგორც პოტენციური მოკავშირე, ისინი მონახავენ ვაშინგტონში ადამიანებს, რომლებიც მათ ხელს გაუწვდიან", - ამბობს მარუსიჩი.

ვაშინგტონში, ადმინისტრაციების ცვლილებების მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უცვლელი რჩებოდა. თუმცა, ტრადიციულად, იმაზე თუ როგორი პოლიტიკა ექნება ვაშინგტონს თბილისის მიმართ, დიდ გავლენას ასევე, თავად რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები ახდენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG