ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სურს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში?


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

რა მიზნით ეწეოდა ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ბოლო 15 წლის განმავლობაში? ჰქონდა თუ არა მას თავიდანვე ჩაფიქრებული პოლიტიკაში მოსვლა, თუ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 2008 წლის შემდეგ მიიღო?

საზოგადოებაში არსებულ ამ კითხვებზე დღეს მხოლოდ მარჩიელობენ, პასუხებს ვერც მილიარდერის თითებზე ჩამოსათვლელ საგაზეთო პუბლიკაციებში და ვერც მის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში იპოვით.

ივანიშვილი საქართველოში რუსეთში დაგროვილი უზარმაზარი კაპიტალით ჯერ კიდევ 1996 წელს გამოჩნდა და ერთი წლის შემდეგ ბანკი „ქართუ“ დაარსა. სწორედ „ქართუ ჯგუფის“ მეშვეობით გაშალა მან საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც ორი ნიშნით ხასიათდებოდა: უპრეცედენტო მაშტაბებითა და უკიდურესი გასაიდუმლოებით.

მილიარდერს უბრალოდ აკრძალული ჰქონდა მასზე საჯარო საუბარი, მადლობის გადახდის ჩათვლითაც კი. იგი ეწეოდა უკიდურესად კარჩაკეტილ ცხოვრებას, რამაც საზოგადოებაში ივანიშვილის პერსონის სრული მითოლოგიზება გამოიწვია.

ივანიშვილის რეზიდენცია სოლოლაკში
ივანიშვილის რეზიდენცია სოლოლაკში

ოქტომბრის დასაწყისში კი საჩხერის რაიონის მშობლიურ სოფერ ჭორვილაში მცხოვრებმა "მონტე-კრისტომ" მოულოდნელად „სცენარი შეცვალა“ და როგორც მისი, ვაჟის, რეპერ ბერას ახალ კლიპშია „პუბლიკა შოკში“ ჩააგდო.

„რეჟისორი გვატყუებს, ცხოვრებაა შავ-თეთრი, არ მიცნობს არც ერთი, ჰგონიათ მეც როლში ვარ, სცენარი შემცვალე, პუბლიკა შოკშია“

მილიარდერის ქართული ოცნების ძირითადი მიზანია არ დაუშვას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ მიზნით, 2012 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის ფორმირებას იწყებს.

„ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებვას. ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის და მე მგონი ამას მოვახერხებ რომ ერთად დავდგეთ.

ძალიან დიდი ალბათობით, თუ გაინტერესებთ, ალბათ მინიმუმ 90 პროცენტიანი ალბათობით, მე ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში.“

რა გამოცდილება აქვს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს? 1996 წელს ივანიშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სათავეში ედგა, მაშინ სრულიად უცნობი კანდიდატის გენერალ ალექსანდერ ლებედის საარჩევნო შტაბს. შტაბი ივანიშვილის ბანკ „როსიისკი კრედიტის“ ოფისში მუშაობდა.

უცნობმა ლებედმა არჩევნების პირველ ტურში ხმების თითქმის 15 პროცენტი დააგროვა. მეორე ტურში კი მხარი უკვე ბორის ელცინს დაუჭირა და მისი გაპრეზიდენტება უზრუნველყო. ამის სანაცვლოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა მიიღო.

რუსულ პრესაში, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ივანიშვილი იხსენებს, რომ „ლებედი მალევე მოხსნეს, მე კი გამრიყეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა პოლიტიკაში ვმონაწილეობდი“.

საქართველოში, ივანიშვილმა 1999 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ აამუშავა, 2004 წლის 1 აპრილს კი ტელეკომპანია თავადვე მოულოდნელად დახურა. ზვიად ქორიძე, მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ამერიკის ხმასთან ამბობს

„1998-99 წლებში, როდესაც მან დააფუძნა „მეცხრე არხი“ და ცდილობდა ამ არხის ამუშავებას, ივანიშვილი უკვე საქართველოში იყო. ძალიან უცნაური იყო, რომ ეს პროექტი, ტელევიზია, მან ხუთი წლის შემდეგ თავად დახურა. არ ვიცი, იმ დროს იყო თუ არა მასზე რაიმე ზემოქმედება, მაგრამ ნამდვილად თავად დახურა.

ამის შემდგომ, მის მიერ განხორციელებულ ვერცერთ პროექტს მე სოციალურს ვერ დავარქმევ, ის უბრალოდ, თავისი შეხედულებით, ან თავისი პოლიტიკური გათვლებით და ნამდვილად აღმოჩნდა, რომ მას პოლიტიკური სურვილები ჰქონია, არიგებდა ფულს, ანუ პრაქტიკულად ის, სხვადასხვა ფორმით დივიდენდებს აგროვებდა.“

მილიარდერმა ქართულ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მკვეთრი ხაზი გაავლო იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას და რომლებიც მისთვის პრინციპულად მიუღებელია. რჩეულთა შორის მოხვდნენ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და „ეროვნული ფორუმი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი გუშინ „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტად დაინიშნა.

"გარიყულებიდან" ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ივანიშვილს „ამერიკული პროექტი“ უწოდა. მმართველი პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა „პუტინის პროექტი“. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი კი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დისკრედიტირება უშედეგოდ დასრულდება.

გოკა გაბაშვილი: „ან, ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს და შეიძლება ჯერჯერობით, საერთოდ პოლიტიკაზე არ აქვს წარმოდგენა. ან, მეორეა, რომ შეიძლება მართლა ჰგონია, რომ მისი ქვეყანა, საქართველო, შეიძლება ბანკ „როსიისკი კრედიტზე“ იცვლებოდეს. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ამის შესახებ ნათელ სიგნალს არაერთხელ მიიღებს, როგორც ივანიშვილი, ისე პუტინი. საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეების ხმები და საქართველოს პოლიტიკური პროცესი არ იყიდება.“

დავით ბერძენიშვილი: „როდესაც მრავალი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არის ცნობილი ქველმოქმედი, თავად სააკაშვილის მიერ აქვს მას მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა.

ასეთ ვითარებაში როცა მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, როცა პოლიტიკური სპექტრი დასუსტებულია და ხალხს იმედის მოთხოვნილება აქვს, რომ დაინახოს ალტერნატივა. ასეთ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილზე თქვან, რომ ის ბიძინა კი არ არის, ბორისია, მიბმა იმაზე რომ რუსეთია, პუტინია, მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა, ეს ჩემი ღრმა რწმენით არ გამოიწვევს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ იმის დაჯერებას რომ ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის მტერია.“

უკვე ერთი კვირაა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური ამბიციის გამჟავნებისთანავე მილიარდერს, მის მიერვე შვიდი წლის წინ მინიჭებული მოქალაქეობა შეუწყვიტა.

ამ გადაწყვეტილებამ თავად მმართველ პარტიაში სერიოზული აზრთა სხვადასხვადაობა გამოიწვია. განათლების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ პრეზიდენტის ბრძანებულებას „ძალიან დიდი სისულელე და დიდი პოლიტიკური შეცდომა უწოდა“.

ექსპერტთა დიდი ნაწილი თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ თუ "ჭორვილელმა მონტე კრისტომ" აწ გარდაცვილილი ბადრი პატარკაციშვილის შეცდომები გაითვალისწინა, ბიზნესმენს, რომლის ქონებაც 5 მილიარდ დოლარს აღემატება, პოლიტიკაშიც სერიოზული წარმატების შანსი შეიძლება ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG