ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალაუფლების მოუკრძალებელი ხიბლი


საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე მსჯელობს. მათ შორისაა პრეზიდენტის არჩევისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების წესი. მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას ლობირებს და ასევე მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მხოლოდ ისე, რომ გაუნაწილებელი მანდატები, რაც არჩევნების შემდგომ არც ერთი პარტიის კალათაში არ აღმოჩნდება, მიეკუთვნოს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ეს ორი, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომ ერთმანეთს დავუკავშიროთ, სურათი საინტერესოდ შეიცვლება: აღმოჩნდება, რომ პირველ ადგილზე გასული და შესაბამისად, ყველაზე მეტი მანდატის მფლობელი პარტია, დამატებით მიიღებს გაუნაწილებელ მანდატებს, კიდევ უფრო გაზრდის საკუთარ წარმომადგენლობას პარლამენტში, იქნებ საკონსტიტუციო უმრავლესობამდეც და შესაძლებლობა ექნება პრეზიდენტიც საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს, თუ 2023 წლისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი გადაწყდება. კონსიტუტუციის ამგვარი „დახვეწის“ შედეგად, საზოგადოება დაუბალანსებელ ხელისუფლებას მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ეს უკიდურესად პროგრესული მიდგომაა მმართველი გუნდის მხრიდან: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახად ბევრად უფრო სამართლიანი და ბევრად უფრო ადექვატურად, პროპორციულად და სწორად ასახავს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას პარლამენტში, ვიდრე დღეს არსებული სისტემა. ამიტომ, აქ რომ გაუმჯობესება არის, თან ძალიან სერიოზული, ამაზე დავა წარმოუდგენელია“.

„თუ პრეზიდენტი კვლავაც გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს, მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე იფიქრებს” – ეს სიტყვები კი ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

ამერიკის ხმა საკონსიტუტციო კომისიის წევრებს ესაუბრა. გიორგი ტუღუში, „ევროპული საქართველოსთვის“ წევრი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ თავიდანვე გვქონდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს პროცესი გამოყენებული იქნებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასასუსტებლად და ასევე შეიცვლებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი. ანუ პირდაპირი არჩევითი პრეზიდენტი იქცეოდა არაპირდაპირ არჩეულად. როდესაც ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა კომისიაში მუშაობაზე, ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ საარჩევნო სისტემის შეცვლა, ეს ეხებოდა საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ახლა ვიღებთ ასეთ მდგომარეობას: ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, რომ ის აირჩეს პარლამენტის მიერ ან რაიმე სხვა მსგავსი მექნიზმით, რაზეც მიდის რეალურად საუბარი და ამავდროულად, არ აპირებენ ძირეულად შეცვალონ პარლამენტის საარჩევნო სისტემა. ეს ჩვენ მიგვიყვანს ძალიან ცუდ მდგომარეობამდე, რადგან დღეს, რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტი გვევლინება გარკვეულ დამბალანსებლად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის.

გიორგი ტუღუში ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბუნებრივად და კანონზომიერად არ დადგება მისი არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი:

„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მუდმივად აპელირებს, რომ მისი უფლებამოსილებები არასაკმარისია, ჩვენ ვთვლით, რომ ამ მოდელში პრეზიდენტს გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ იყოს წონიანი ინსტიტუცია. თავიდან უმრავლესობა აცხადებდა, რომ პრეზიდენტს იმდენად ცოტა უფლებამოსილება აქვს, რომ მხოლოდ რამეს თუ დაამატებ, თორემ ვერაფერს მოაკლებ, თუმცა ჩვენ გავხდით იმ პროცესის მოწმენი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება ნელ–ნელა აჭრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტს. საბოლოო მიზანია, ითქვას, რომ ასეთი სუსტი უფლებამოსილების პრეზიდენტი ვერ იქნება არჩეული პირდაპირ.“

საია საკონსტიტუციო კომისიის წევრია, მისი წარმომადგენელი ლელა ტალიური ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესაა მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი გააჩნია და აქვს ნდობა, რასაც ამომრჩევლები უცხადებენ. არგუმენტი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, გახლავთ ის, რომ საპარლამენტო ქვეყნებში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და ამის გამო, პირდაპირ არჩევას აზრი ეკარგება. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო სისტემაა და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, პრეზიდენტი მაინც პირდაპირი წესით ირჩევა. თუ მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირ აღარ აირჩევს, გაჩნდება საფრთხე იმისა, რომ ერთი სახელისუფლებო ცენტრის ირგვლივ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია. დემოკრატიულ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილება, დანაწილების შენარჩუნება და ბალანსი.“

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG