ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში რამდენიმე პარტია შეიქმნა და დაიშალა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კი არსებულთაგან ყველაზე გამოცდილი პოლიტიკური პარტიებისთვის ისეთი კრიზისული პერიოდი დადგა, ზოგიერთი მათგანი სრულად, ზოგიერთი კი სანახევროდ განადგურდა. არანაკლებ საინტერესო სურათი გვაქვს პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელდახელოდ შექმნილმა პარტიამ აიღო, პოლიტიკური გამოცდილების მქონე და ამჯერად ოპოზიციური პარტია, რომელმაც პარლამენტში შესვლა შეძლო კი ერთის მხრივ ჩამოყალიბების პროცესის ფაზაში გადავიდა, მეორეს მხრივ კი მარგინალიზაციის. პარლამენტში შესულ მესამე ძალას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.

რა მიზეზია, რომ პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენს ქვეყანაში სრული კრიზისის ეტაპზე აღმოჩნდა და თან იმ დროს, როდესაც მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული „ქართული ოცნება“ ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის რელსებზე გადაყვანას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის ხმამ მოსაზრებები ჩაიწერა. სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან ადამიანების გარშემო, პიროვნებების გარშემო, რაც უფრო მდიდარია ეს პიროვნება, მით უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია პარტია. მისი მტკიცებით, თუ თვალს გადავავლებთ პარტიების იდეოლოგიურ პლატფორმას, ან თუნდაც მათი მხარდამჭერების ლანდშაფტს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ველი საკმაოდ ჭრელი და ამბივალენტურია. კაჭკაჭიშვილი ამბობს: "პოლიტიკური პარტიები ქრებიან იმიტომ, რომ მათ უქრებათ მხარდამჭერები, ხოლო მხარდამჭრები იმიტომ უქრებათ, რომ თავიდანვე, თავის დროზე არ ჰქონდათ მოხაზული ის სამიზნე ჯგუფები, ვისი ინტერესების მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ დაცვასაც ისინი განახორციელებდნენ. მათი აუდიტორიაც ძალიან ჭრელია, როგორც კი შეამჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ან მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის სჭირდებათ ძალაუფლება, აუდიტორია კარგავს ამ პარტიების მიმართ ინტერესს.“

ეკლექტურ და ქაოტურ პოლიტიკურ გარემოში სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პერსპექტივას იაგო კაჭკაჭიშვილი შემდეგნაირად აფასებს:

„საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა კარგია მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებისთვის, სადაც პოლიტიკური პარტიები საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესს გამოხატავენ და შემდგომ პარლამენტში ხდება ამ ინტერესთა ჯგუფების რეპრეზენტაცია. ჩვენთან, სადაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შემოხაზავს ინტერესთა ჯგუფს, უბრალოდ, ამორფული ჯგუფები არსებობენ, საპარლამენტო რესპუბლიკა, რასაკვირველია ვერ განხორციელდება ისე, როგორც უნდა განხორციელდეს. ეს დაემსგავსება პოლიტიკურ პარტიათა ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზს.“

ჩვენთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი ყურადღებას ამახვილების იმის შესახებ, რომ პარტიების არამდგრადობის ძირითადი მიზეზი სწორედ ისაა, რაც შემდგომში პარტიების დაშლას განაპირობებს. „თუ პოლიტიკური პარტია იქნმება საზოგადოების განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების ინტერესების საფუძველზე, რასაკვირველია, პოლიტიკური პარტია მაშინ იღებს რაღაც გარანტიას მისივე სიცოცხლისუნარიანობისთვის. პარტია უნდა შეიქმნას არა ლიდერშიფის ძალაუფლებისმოყვარეობის გამო, ან მათ მიერ გარკვეული რესურსების, პირველ რიგში ფინანსური რესურსების მობილიზების გამო, არამედ სწორედ საზოგადოებაში არსებული გარკვეული ჯგუფების ინტერესების გამოხატვის საფუძველზე. ჩვენთან პოლიტიკური პარტიების შექმნის ასეთი კლასიკური გზა არ მოქმედებს, ან ძალიან სუსტად მოქმედებს.“

ლაშა ტუღუში ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან აცხადებს: „საზოგადოებაში მიდგომაა ასეთი, რომ ეძებენ ლიდერებს, პიროვნებებს და არა გუნდებს. ეს არაგუნდურობა სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება ტრადიციები და შრომა.გარდა ამისა ძალიან სერიოზული თემაა ფინანსები და თავისუფალი გადაწყვეტილებები ფულთან მიმართებით. ძალიან ცოტაა ბიზნესის წარმომადგენლი, რომელიც რისკავს და ფულს აძლევს პარტიებს იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში. მიუხედავად უამრავი პრობლემისა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ დაშლასთან, ჩამოყალიბებასთან და მდგრადობასთან მიმართებით, ჩემი პასუხია, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საპარლამენტო მოდელზე გადასვაზე. საქართველოსთვის ეს ყველაზე ოპტიმალური მოდელია და ისაა, რაც სჭირდება: პლურალიზმი, დემოკრატიზაცია, მრავალი ხმის არსებობა, რომ ჩვენ უფრო დემოკრატიული სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ. სწორედ ასეთი მიდგომა მაფიქრებინებს, რომ სრულად საპარლამენტო მოდელი უფრო საჭიროა, ვიდრე რამე სხვა. მოვძებნოთ ვინმე ძლიერი ლიდერი, ჩამოვკიდოთ მას ყველაფერი და ველოდოთ, რომ ის აგვიწყობს ცხოვრებას – ეს კლიშეები კერ კიდევ ძლიერია საქართველოში და მგონი, მათგან უნდა განვთავისუფლდეთ.“

მმართველი გუნდი ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შესახებ ინიციატივების განხორციელებას იმგვარ ვითარებაში გეგმავს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური გუნდები, პოლიტიკური პლურალიზმი, მინიმუმამდეა შეზღუდული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG