ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ექსკლუზიურად დამხვეწელის ამბიციით


წინ არჩევნების მეორე ტურია. მაჟორიტარების ვინაობა დამატებით 50 ოლქში უნდა გაირკვეს, თუმცა პროგნოზების მიხედვით, ქართული ოცნება შეძლებს ხმების უმრავლესობის აღებას ისე, რომ პარლამენტში საკონსიტუტუციო უმრავლესობა უზრუნველყოს. ქართულ ოცნებას არჩევნების მეორე ტურში ასპროცენტიან წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ასევე ქართული ოცნების მმართველი გუნდის წარმომადგენლები. მაგალითად გიორგი ვოლსკი ამის შესახებ თითქმის ყოველ სატელევიზიო კომენტარში საუბრობს.

საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საქმიანობის გამოცდილება აქვს. მაშინდელი უმრავლესობის წარმომადგენლები, ახლა კი მთავარი ოპოზიციური ძალა მიიჩნევს, რომ 2008 წელსაც და ახლაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური მოთამაშის ხელში საშიში ცთუნების მატარებელია.

კონსტიტუციონალისტი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „საფრთხე ზოგადად არსებობს ერთპარტიული უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში. გინდათ ეს იყოს ჩვეულებრივი უმრავლესობა, ანუ ნახევარზე მეტი და გინდათ ეს იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ, როდესაც ერთ პარტიას შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ორივე შემთხვევაში არსებობს საფრთხე და არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვებთან შეთანხმების გარეშე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რასაც ჰყოფნის მათი ხმები. ჩვეულებრივი უმრავლესობის შემთხვევაში ესაა ცვლილებები კანონებში და საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში – კონსტიტუციაში. ესაა ისეთი ცთუნება, რომელსაც იშვიათად თუ ვინმე უძლებს. ასეთი ცთუნების შედეგია ხოლმე არა მომავალზე გათვლილი, გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა იმოქმედოს, არამედ ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს საფრთხე არის და ეს საფრთხე განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციები. როდესაც ქვეყანა მხოლოდ იწყებს დემოკრატიული წესებით ცხოვრებას. ასეთი რამ როცა არ გვაქვს, მაშინ მომდინარეობს ერთპარტიული უმრავლესობისგან საფრთხე.“

საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეების შესახებ ამერიკის ხმასთან ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი ეკავა. „საფრთხე არის ის, რომ კონსტიტუცია, შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა მოირგოს საკუთარ თავზე. ჩვენ ვიცით, რომ წინასწარაა გაცხადებული რამდენიმე საკითხი, რომლის დარეგულირებაც უნდათ კონსიტუტციაში ცვლილებების საშუალებით. ესაა პრეზიდენტის, თემა, პარლამენტის ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთება კონსიტუციაში, თუ რას ნიშნავს ოჯახი და ასე შემდეგ.ეს რაც გაცხადებულია, თუმცა კიდევ არ გამოვრიცხავ, რომ გაჩნდეს არაერთი პრობლემა, რომელიც საზიანო იქნება ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული წარსულში, როდესაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლა, თუმცა სწორედ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნის დროს გაიზარდა ¾– მდე რაოდენობა პარლამენტის წევრების, რომლებსაც უფლება აქვთ გადახედონ კონსტიტუციას. ახლა რეალურად ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც წინასწარ ვიცით, რა ჩანაფიქრები აქვს ხელისუფლებას, რა აწუხებს და რისთვის უნდა სწორედ ამ პროცესის გამოყენება და ესაა აქ მთავარი საფრთხე,“– ამბობს გიორგი ტუღუში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ოცნების მიზანი მხოლოდ კონსტიტუციის უკეთესობისკენ შეცვლაა, რადგან ამ დოკუმენტს უარესობისკენ შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია: „კონსტიტუცია უნდა გადაიხედოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე საქართველოში და რაც მთავარია, უნდა დაიხვეწოს ეს დოკუმენტი. ძალიან ბევრი ხარვეზია საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წლის საკონსიტიტუციო ცვლილებების შემდეგ. ჩვენი ამოცანა არის დახვეწა საქართველოს კონსიტუტუციის. უნდა გასწორდეს ყველა ის ნორმა, რაც საფრთხეს უქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს ნორმები არის გასასწორებელი და სწორედ აქეთ იქნება ჩვენი საქმიანობა მიმართული. საქართველოს კონსტიტუცია იმდენად დამახინჯდა 2010 წლის ცვლილებებით, რომ თუ გააკეთილშობილებ, თორემ უარესობისკენ ამ დოკუმენტს ნამდვილად ვერ წაიყვან. ესაა რეალური სურათი. ვერ ასახელებენ ვერც ერთ ნორმას, რომლის ნეგატიური კუთხით შეცვლამ შეიძლება რაიმე მძიმე შედეგი წარმოშვას. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, ესააა კონსიტუციის დახვეწა.“

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება შეძლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის უზრუნველყოფას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგი ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით საკუთარი მოსაზრების შესაბამისად, შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში – საქართველოს კონსტიტუციაში.

XS
SM
MD
LG