ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ თურქეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან - გეგა მგალობლიშვილთან


გეგა მგალობლიშვილი
გეგა მგალობლიშვილი

თურქეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ერთპარტიული მმართველობა დასრულდა და მომდევნო 40 დღის განმავლობაში ოთხმა პარტიამ სამთავრობო კოალიცია უნდა შექმნას. კოალიციის შესაქმნელად ერდოღანის პარტიას, რომელმაც ხმების 40 პროცენტი მიიღო, რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ალიანსში შესვლა მოუწევს, ერდოღანის პარტიის გარეშე კოალიციის შესაქმნელად კი სამივე პარტია უნდა გაერთიანდეს.

თურქეთის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და მის მოსალოდნელ შედეგებზე „ამერიკის ხმა“ საქართველოს ყოფილ ელჩს თურქეთსა და ნატოში - გეგა მგალობლიშვილს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და პარლამენტში 4 პარტია მოხვდა. კიდევ რითი იყო ეს არჩევნები გამორჩეული?

გეგა მგალობლიშვილი: ეს არჩევნები თავისი მნიშნელობით სცდება რიგითი საპარლამენტო არჩევნების მნიშნელობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - დამთავრდა ერდოღანის პარტიის - სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 13-წლიანი ერთპარტიული მმართველობა და თურქეთი უბრუნდება უკვე დავიწყებულ კოალიციურ რეჟიმს, რაც მუდმივად იყო თურქული პოლიტიკის თანმხლები პროცესი.

ასევე პირველად ხდება თურქული საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში, რომ ქურთული იდენტობის პოლიტიკური პარტია - ხალხის დემოკრატიული პარტია (HDP) შედის პარლამენტში. ქურთულმა პარტიამ შეიცვალა იდენტობა, ის აღარ არის მხოლოდ ქურთული იდენტობის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაცია, მან მოახერხა და შექმნა საკმაოდ განსხვავებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური ბაზა. მას დღეს მხარს უჭერს როგორც მემარცხენეების დიდი ნაწილი, ასევე უმცირესობები, მან ასევე მიიღო ლიბერალური ნაწილის, განსაკუთრებით ურბანული მოსახლეობის ხმები. ის გასცდა მის მხოლოდ ქურთულ პოლიტიკურ იდენტობას და გახდა ახალი მნიშვნელოვანი სუბიექტი თურქეთის საპარლამენტო ცხოვრებაში.

ამერიკის ხმა: მმართველმა პარტიამ ხმების 40% მიიღო, რაც თუქრეთს კოალიციური მთავრობის საჭიროების წინაშე აყენებს. რას ამბობს ეს თურქეთის შიდა პოლიტიკაზე?

გეგა მგალობლიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი თვითონ არ მონაწილეობდა არჩევნებში, წინასაარჩევნო პროცესში აქტიური ჩართულობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არჩევნები მაინც აღიქმებოდა როგორც ერდოღანის მაღალი საკონსტიტუციო ინიციატივებისადმი რეფერენდუმი. ანუ, შეძლებდა თუ არა ერდორანი ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეეცვალა თურქეთის კონსტიტუცია და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკიდან ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაეყვანა.

როგორც თურქეთში ასევე გარედან მაყურებლებისთვის ეს არჩევნები გარკვეულწილად რეფერენდუმად ითვლება ერდოღანის მიმართ და ერდოღანი პირველად თავისი 13წლიანი მმართველობის პირობებში დამარცხდა მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად მას არჩევნები არ წაუგია.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით როგორი იქნება კოალიცია, იქნება ეს ერდოღანის პარტია რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად თუ სამივე ოპოზიციური პარტია ერდოღანის გარეშე?

გეგა მგალობლიშვილი: მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე სამ ოპოზიციურ პარტიას ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გაუჭირდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამორიცხულია ქურთული პოლიტიკური იდენტობის პარტიის (HDP) კოალიციაში შესვლა ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიასთან (MHP), ძალიან განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ პრაქტიკულად ყველა საკითხზე.

ოპოზიციური პარტიების მიერ მთავრობის ფორმირებას პრაქტიკულად გამოვრიცხავ, შესაბამისად უფრო მაღალი ალბათობაა იმისა, რომ დღევანდელი მმართველი პარტია შეძლებს რაიმე სახის კოალიციის შექმნას. ან შექმნის კოალიციას მასთან უფრო იდეოლოგიურად ახლომდგომ ულტრა-ნაციონალისტურ მემარჯვენე MHP-სთან, ან შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ უმცირესობის მთავრობა, როცა რომელიმე ოპოზიციური პარტია მხარუჭერს მმართველ გუნდს, მაგრამ თავად არ შედის მთავრობაში.

ამერიკის ხმა: ერთის მხრივ თურქეთს ხშირად აკრიტიკებდნენ უმცირესობების შევიწროვებისთვის, ადამიანის უფლებების მდგომარეობისთვის, ერდოღანის ოჯახი არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული, მაგრამ ამავდროულად რეგიონში ისლამური დაჯგუფებების აღმავლობის ფონზე, თურქეთი სტაბილურ ისლამურ სახელმწიფოდ ითვლება. იცვლება თუ არა ამ არჩევნებით თურქეთის როლი რეგიონში?

გეგა მგალობლიშვილი: ეს არჩევნები იყო პასუხი კითხვაზე შეძლებდა თუ არა ერდოღანი საპარლამენტო სისტემის საპრეზიდენტო სისტემად გადაკეთებას და ჩამოყალიბდებოდა თუ არა ის ერთპიროვნულ მმართველად, სადაც მას პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ინსტიტუტის კონტროლი შეეძლებოდა. ეს აღიქმებოდა როგორც თურქეთის ავტოკრატიული განვითარების სცენარად.

ამ არჩევნებმა მთელს გარე სამყაროს ისევ დაანახა, რომ თურქეთი რჩება ძლიერ პლურალისტურ საზოგადოებად, თურქეთი რეგიონში მყოფი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით არის ელექტორალური დემოკრატია, სადაც არჩევნები არის ცხოვრების წესი და თურქეთი ჯერ კიდევ არის ძლიერი სეკულარული ისლამური ქვეყანა, რაც რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელია.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ბევრი შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გადავა ეკონომიკურ კრიზისებში, თვითონ ამ არჩევნებმა მაინც გააძლიერა თურქეთის იმიჯი, როგორც პლურალისტური სეკულარული ისლამური სახელმწიფოს მოდელი რეგიონში, რასაც ჩემი აზრით ექნება დადებითი გავლენა ფართო გაგებით რეგიონზე.

ამერიკის ხმა: ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ერდოღანის პარტიის ულტრა ნაციონალისტებთან გაერთიანებით უმცირესობების, განსაკუთრებით კი ქურთების, უფლებები შევიწროვდება?

გეგა მგალობლიშვილი: ქურთული პარტია პირველად ხდება პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი წევრი. პარტიის პარლამენტში შესვლით ძირეულად იცვლება თუქრული პოლიტიკის ლანდშაფტი. ასე რომ ქურთული პარტიის მარგინალიზაციას და იზოლაციას ვერავინ ვერ მოახერხებს.

მას მხარს უჭერენ უმცირესობების წარმომადგენლები, მხარს უჭერს ურბანული ელექტორატის ლიბერალური ნაწილი, მხარს უჭერენ მემარცხენეები. ქურთული პარტიის პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვნად ზრდის ქურთული სამშვიდობო პროცესის წარმატებით წარმართვას, იმიტომ რომ ეს პარტია არ იქნება იზოლირებული მოთამაშე, არამედ ხდება პოლიტიკური სპექტრის სრულფასოვანი მოთამაშე.

ამერიკის ხმა: რა იცვლება ამ არჩევნებით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში?

გეგა მგალობლიშვილი: მიმაჩნია რომ ამ ეტაპზე ამ კოალიციურ მთავრობაში ჩვენ ვიხილავთ ამჟამინდელ მმართველ ძალას, ასე რომ მოკლევადიან სერიოზულ ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებით არ უნდა ველოდეთ.

უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს კოალიციური მთავრობის თანმდევმა მუდმივმა პოლიტკურმა ან ეკონომიკურმა კრიზისებმა. ამის მოწმეები ჩვენ ვიყავით 90-იან წლებში, როდესაც არასტაბილური იყო მთავრობები, როდესაც მუდმივი ცვლილებების გამო ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვერ იზრდებოდა. თურქეთის ამ ფაზაში გადასვლამ, ჩვენთვის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორისთვის შესაძლოა გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონიოს.

XS
SM
MD
LG