ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუბრიკა “გალილეო” დღეს ერთ არაორდინალურ ფენომენზე მოგითხრობთ, რომელიც ბუნებაში ძალზე იშვიათია და "ქალწულის მშობიარობის" სახელით იცნობენ.

ივნისის ბოლოს ავსტრალიელი მეცნიერები უცნაური შემთხვევის მომსწრე გახდნენ. აკვარიუმში გაზრდილ მდედრ ზვიგენს სახელად ლეონი, შვილები მამრის გარეშე შეეძინა. ის ლეოპარდისებრთა ოჯახს განეკუთვნება, რომელსაც ხანდახან ზოლებად დაწყობილი ხალების გამო ზებრისებრ ზვიგენსაც ეძახიან (ლათინური დასახელება Stegostoma fasciatum).

ლეონის სამივე ახალშობილი მდედრია და მათ კლეო, სისი და ჯემინი დაარქვეს. თაუნსვილის აკვარიუმის წარმომადგენელი, აკვარისტი ლაურა კაურტონი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მდედრები იბადებიან, რადგან დედას მათზე მარტო ერთი სქესის გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა შეუძლია. ლეონმა სულ 41 ქვირითი დადო, მაგრამ მათგან აკვარიუმში მხოლოდ 3 გადარჩა.

ვფიქრობ, ეს ხდება მაშინ, როცა ისინი ერთგვარ ევოლუციურ კუთხეში არიან მომწყვდეული, როგორიცაა აკვარიუმი, სადაც მამრები არ იმყოფებიან - უთხრა გამოცემა “ნეშენალ ჯეოგრაფიკს” ჯორჯ ბურგესმა. ის ფლორიდის შტატის ბუნების ისტორიის მუზეუმში ზვიგენების კვლევების განყოფილების დირექტორია.

საერთოდ მამრის გარეშე გამრავლება ზვიგენებისთვის უცხო არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ზვიგენებში მსგავსი შემთხვევა პირველად საკმაოდ გვიან, 2009 წელს დუბაიში დაფიქსირდა. მაგრამ მაშინ საქმე ე.წ. “ქალწულის მშობიარობასთან” ჰქონდათ. ლეონი კი აკვარიუმში 1999 წლამდე მამრ ზვიგენებთან ერთად ცხოვრობდა და შვილები ბუნებრივი გზით მანამდეც გაუჩენია. რეპროდუქციის ამ ტიპის ფენომენი სახელწოდებით პართენოგენეზისი ბუნებაში უმეტესად მწერებში, მატლებში, გველებში და სხვა უხერხემლოებშია დოკუმენტირებული.

ამჟამად თაუნსვილის აკვარიუმის მეცნიერები ქუინსლენდის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად მომხდარი ფაქტის შესწავლას და მის ანალიზს აგრძელებენ. არ ვართ დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად ხშირია ამგვარი მოვლენა ველურ ბუნებაში. შეიძლება ეს მართლაც მხოლოდ მამრების არარსებობის პირობებში გენეტიკური ხაზის შენარჩუნების გზა იყოს - ამბობს აკვარისტი ლაურა კაურტონი.

XS
SM
MD
LG