ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამბაქოს მოწევის შედეგად დარჩენილი წებოვანი ნარჩენები, რომელიც ავეჯზე და კედლებზე ილექება, ჯანმრთელობას ვნებს. დღეს რუბრიკა „გალილეო“ ამ თემაზე თებერვალში გამოცემულ კიდევ ერთ, ახალ კვლევას გაგაცნობთ, რომელიც ბერკლში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

ე.წ. მესამეჯერადი მოწევის შედეგებზე ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია. ზოგიერთ წყაროში მას მესამე პირის მეშვეობით მოწევას უწოდებენ. საუბარია კვამლის ნალექზე, რომელიც დახურულ სივრცეში სხვადასხვა ზედაპირზე რჩება და რომელშიც მავნე ტოქსინები ათწლეულობით ნარჩუნდება.

ადრეულ კვლევებში საუბარი იყო იმაზე, რომ ნარჩენები კანცეროგენებს შეიცავს და განსაკუთრებულ ზიანს ღვიძლს და ფილტვებს აყენებს. ამას გარდა, დადასტურებულია, რომ ნელდება ჭრილობის შეხორცების პროცესიც.

ბერკლის ლაბორატორიაში ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. ახალშობილი თაგვები, რომლებიც სამი კვირა თამბაქოს კვამლის ნარჩენებით გაჟღენთილი ნაჭრების გვერდით იზრდებოდნენ, გაცილებით ნაკლებს იწონიდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ ხნის მანძილზე სუფთა გარემოში იმყოფებოდნენ.

ამას გარდა, მესამეჯერადმა მოწევამ გავლენა მოახდინა როგორც ახალშობილი, ისე ზრდასრული თაგვების სისხლის იმ უჯრედებზე, რომელიც იმუნიტეტზე აგებს პასუხს და ანთებით პროცესებს, თუ ალერგიულ რეაქციებს უკავშირდება. „ეჭვი გვაქვს, რომ ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, მათი მოუმწიფებელი იმუნური სისტემის გამო, თუმცა აქამდე ამის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება არ გაგვაჩნდა“ - ამბობს პრესრელიზში ბო ჰანგი, კვლევის წამყვანი ავტორი.

მეცნიერები შიშობენ, რომ ადამიანები ანალოგიურ სიტუაციაში, ანუ შენობებში, სადაც ადრე მწეველები ცხოვრებდნენ, ან ცოტა ხნის წინ ვინმე ეწეოდა, შესაძლოა, გაცილებით დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. მესამეჯერადი მოწევის რისკები ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და შემდგომი კვლევების ჩატარებას საჭიროებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ სამეცნიერო ჟურნალის „ნეიჩერ“ 3 თებერვლის გამოცემაში.

XS
SM
MD
LG