ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვის ცემის რისკები დადასტურებულია


რუბრიკა „გალილეო“ ტეხასის და მიჩიგანის უნივერსიტეტების მოცულობით კვლევაზე მოგითხრობთ, რომელმაც 50 წლის მანძილზე 160 ათასზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების ცემა მშობლებისადმი მეტ დაუმორჩილებლობას, ფსიქიკურ პრობლემებს, თუ შემეცნებით სირთულეებს იწვევს და მისი ეფექტი ფიზიკური ძალადობის შედეგებისგან თითქმის არ განსხვავდება. ტეხასის უნივერსიტეტის ოსტინის ფილიალის და მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 160 927 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და 50-წლიან გამოცდილებას დააკვირდნენ. კვლევის ავტორების თქმით, ნაშრომი აქამდე არსებულ ანალოგებს შორის ყველაზე მოცულობითი ანალიზია. ის გამოქვეყნდა ფსიქოლოგიის ამერიკული ასოციაციის გამოცემაში „ოჯახის ფსიქოლოგიის ჟურნალი“.

ჯერ განვმარტოთ, თუ რა იგულისხმება ცემაში: სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციალური სამსახურის ფაკულტეტის პროფესორი, ენდრიუ კროგან-კეილორი ამბობს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ცემას შიშველი ხელის ბავშვის სხეულზე დარტყმად აღიქვამს. კვლევის შედეგების მიხედვით, რაც უფრო ხშირად დავარტყამთ ბავშვს, მით მეტია შანსი, რომ ისინი კიდევ უფრო ურჩები გახდნენ, გამოხატონ ანტი-სოციალური ქცევა, აგრესია, გაუჩნდეთ ფსიქიკური პრობლემები და მიდრეკილი იყვნენ ძალადობისადმი.

„ცემის შედეგად ბავშვებში არასასურველი შედეგების ფართო სპექტრის ალბათობა იზრდება და იმის სრულიად საწინააღმდეგო შედეგებს იძლევა, რის მიღწევაც მშობლებს ჩვეულებრივ სურთ“ - აღნიშნავს პროფესორი კროგან-კეილორი. მათ შორის, ვისაც ბავშვობაში ცემდნენ, მეტია მენტალური პრობლემების გაჩენის შანსი და ასევე იმის ალბათობაც, რომ ზრდასრულ ასაკში თავის შვილებს ისინიც ცემით გაზრდიან. შესაბამისად, დასჯის ამგვარი ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

იუნისეფის“ 2014 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ შვილებს მთელ მსოფლიოში მშობლების საშუალოდ 80 პროცენტი ცემს. 2-დან 14 წლამდე ასაკის პატარებში ყოველი 10 ბავშვიდან 6-ის მიმართ მშობლები, თუ აღმზრდელები ფიზიკური დასჯის მეთოდს იყენებენ. და ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ არასოდეს, არცერთ კვლევას გარკვევით არ უთქვამს, რომ ბავშვის ცემას დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

გაეროს მიერ 2006 წელს გამოქვეყნებული დირექტივის მიხედვით, ფიზიკური დასჯა „ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი ლეგალიზებული ძალადობაა“. 1979 წელს შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ბავშვის ფიზიკური დასჯის მეთოდები აკრძალა, მათ შორის თმის მოქაჩვა, ჩქმეტა, წამორტყმა ხელით, ან რაიმე საგნით და ასე შემდეგ. მსგავსი კანონი ფინეთმა და ნორვეგიამ 80-იან წლებში მიიღეს. დღეს ანალოგიური კანონმდებლობა მსოფლიოს მხოლოდ 50 ქვეყანაში მოქმედებს.

XS
SM
MD
LG