ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუბრიკა „გალილეო“: როგორ დავაძინოთ ახალშობილები?


ახალშობილთა სიკვდილიანობა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, მტკივნეულ პრობლემად რჩება. 24 ოქტომბერს პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ მშობლების დასახმარებლად ჩვილი ბავშვების სწორად დაძინების თაობაზე საგანგებო გზამკვლევი გამოსცა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მისი ყველა პუნქტის დაცვის შემთხვევაში, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპვის ფაქტები (SIDS- Sudden Infant Death Syndrome) მნიშვნელოვნად შემცირდება. ამ და სხვა მიზეზით შეერთებულ შტატებში წელიწადში საშუალოდ 3, 500 ახალშობილი იღუპება. რუბრიკაში „გალილეო“ დღეს ამერიკელი პედიატრების რამდენიმე საყურადღებო რჩევას გაგაცნობთ.

  • ერთ წლამდე ჩვილი ბავშვი სჯობს მშობლების, ან გამზრდელის ოთახში დავაძინოთ. იდეალურ შემთხვევაში მთელი წელი, ან სულ ცოტა, 6 თვე მაინც.
  • ბავშვი აუცილებლად ცალკე საწოლში უნდა ეძინოს. ასეთ დროს უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპვის შანსი თითქმის ნახევრდება.
  • წლამდე ასაკის ახალშობილს ყოველთვის ზურგზე უნდა ეძინოს. გვერდზე წოლა „არ არის უსაფრთხო და რეკომენდირებული“ - ნათქვამია პედიატრიის ამერიკული აკადემიის პუბლიკაციაში.
  • ბავშვი წლამდე მაგარ ზედაპირზე უნდა დავაძინოთ, რომელზეც გლუვი ზედაპირის ზეწარი (და არავითარ შემთხვევაში ბეწვეული, ან ხაოიანი ნაჭერი) მჭიდროდ არის შემოკრული. რბილი საწოლი სასურველი არ არის, რადგან ზედაპირზე წარმოქმნილი მცირე ზომის ორმოები და ხვეულები მისი სუნთქვისთვის უსაფრთხო არ არის.
  • ძილის წინ საწოლიდან აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ბალიშები, გადასაფარებლები, ნაჭრის ცხოველები, თუ სხვა ტიპის რბილი სათამაშოები. თუ გგონიათ, რომ ახალშობილს სცივა, მაშინ ჩააცვით თავისივე ზომა საღამური, რომელიც თავისუფლად მოერგება და რომელსაც თავსაბური არ აქვს.
  • საწოვარა რეკომენდირებულია ყოველი ძილის წინ. მაგრამ თუ ბავშვი მას პირიდან აგდებს, ან საერთოდ არ იღებს, ნუ დააძალებთ.
  • მუცელზე წოლა დროდადრო სასარგებლოა, ოღონდ აუცილებლად უფროსის ზედამხედველობის ქვეშ.
  • არ დააძინოთ ჩვილი ბავშვი სავარძელში, ხელში, ეტლში, ჭოჭინაში, ან სხვა ადგილას. თუ მას შემთხვევით მანქანის სავარძელში, საბავშვო ეტლში, ან სადმე სხვაგან ჩაეძინა, რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ ის მყარი ზედაპირის მქონე საწოლზე.

აქვე ქიმების რამდენიმე სხვა რჩევაც, რაც ახალშობილის ძილს არ უკავშირდება, მაგრამ უეცარი სიკვდილის სინდრომის პრევენციისთვის არის გათვალისწინებული. რეკომენდირებულია ჩვილი ბავშვის და დედის ერთმანეთთან კანით შეხება მშობიარობისთანავე, სულ ცოტა ერთი საათით და იმის მიუხედავად, თუ რა გზით იმშობიარა დედამ. თუ ის ნარკოზის ქვეშ იმყოფება, მაშინ - გამოფხიზლებისთანავე.

ძუძუთი კვებაც, ბევრ სხვა დადებით ეფექტთან ერთად, აღნიშნული სინდრომით დაღუპვის რისკსაც ამცირებს. სასურველია დედის რძე პატარამ მინიმუმ 6 თვემიიღოს. იდეალურ შემთხვევაში, კვება წლამდე გრძელდება, ამის შემდეგ კი - სურვილის მიხედვით.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილს ყველა საჭირო აცრა გაუკეთდეს.

ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ თამბაქოს კვამლს, როგორც ორსულობის დროს, ასევე მისი საწოლის მახლობლად. არ უნდა ჩავსვათ ბავშვი იმ მანქანაში, რომელშიც ადრე ეწეოდნენ. ბავშვის არყოფნის შემთხვევაშიც კი მის ოთახში მოწევას უნდა მოვერიდოთ. უეცარი სიკვდილის სინდრომით დაღუპვის რისკს ორსულობაში ალკოჰოლის მიღებაც ზრდის.

XS
SM
MD
LG