ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრექსიტი, ნატო და საქართველო


ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ნატოს მომავალ სამიტზე იმსჯელეს. ოფიციალური, თუ არაოფიციალური წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზოგადად ალიანსის მნიშვნელობაზე 21-ე საუკუნეში და წარმოადგინეს ცენტრის ახალი ანგარიში, რომელიც რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს იკვლევს და შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა.

თუმცა, ერთი კვირის წინ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ვაშინგტონს თავისი კვალი დაატყო და ოთხშაბათს გამართულ ღონისძიებაზეც, ისევე როგორც სხვა მსგავს შეხვედრებზე, მთავარ თემად ისევ ბრექსიტი და მისი შედეგები იქცა. "ამერიკის ხმის" კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება ბრიტანელების გადაწყვეტილება ნატოს მომავალზეც აისახოს, გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი ამბობს: „გულწრფელად გითხრათ, ნატოზე დიდ გავლენას მე ვერ ვხედავ. გაერთიანებული სამეფო ალიანსის მოქმედების ყველა ასპექტში მისი განუზომლად მნიშვნელოვანი, დინამიური და აქტიური წევრია. არ მგონია, რომ მომავალში ეს შეიცვალოს“.

ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე -ჩართვა "მაესტროზე"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00

თავის გამოსვლაში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა ყურადღება ზოგადად საერთაშორისო ალიანსების და კოალიციების მნიშვნელობაზე გაამახვილა და მათ მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში ერთგვარი „დაზღვევის ბარათიც“ კი უწოდა. მან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ევროპის კავშირის ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ევროპის კავშირი მოვიწვიეთ. გვინდა, რომ ვარშავის სამიტზე შემოგვიერთდეს, სადაც ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობას გავაღრმავებთ. განსაკუთრებით - ხმელთაშუა ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და ასევე ჰიბრიდულ, ტერორისტულ და კიბერ-საფრთხეებთან დაპირისპირების მიზნით. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს ერთიანი ტრანს-ატლანტიკური საზოგადოება უნდა დავუპირისპიროთ, რომელშიც საბოლოო მიზნის მისაღწევად ჩვენი დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების მობილიზება მოხდება“ - თქვა მან.

ტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ვინც ალიანსის რიგებში იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მოეთხოვებოდა, პირველ რიგში საქართველო უნდა დასახელდეს. მისი თქმით, ვარშავის სამიტი საქართველოს წვლილს აუცილებლად დააფასებს და ღია კარის პოლიტიკას მონტენეგროს მიღებით კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინის შესახებ ჩვენ პროფესორ ეველინ ფარკასს ვესაუბრეთ.

„საქართველო ალბათ მიიღებს განცხადების განახლებულ ვარიანტს გაწევრიანების გზაზე ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. გაგრძელდება ნატოს სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის გაძლიერება, რაც გულისხმობს საქართველოში მეტ წვრთნებს, ტრეინინგებს. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. შესაძლოა არც ისე აღმაფრთოვანებელი იყოს, რადგან ახალი და განსხვავებული მასში არაფერია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია: ერთობლივი მუშაობა გრძელდება და გრძელდება პოლიტიკური მხარდაჭერაც“ - ამბობს ის.

ვარშავის სამიტამდე სულ ერთი კვირა რჩება. ვაშინგტონში ანალიტიკოსების დიდი ნაწილი და გამონაკლისს არც ეველინ ფარკასი შეადგენს, ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, საქართველოსთან მიმართებაში ვარშავის სამიტზე დიდ გარღვევას არ ელის. ამას ნატოს ვებ-გვერდზე ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ალიანსი აღმოსავლეთის მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებას გეგმავს და საქართველოსთან არსებით პაკეტს გააძლიერებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი რეგიონში შექმნილ სიტუაციას ჯერ კიდევ აკვირდება და ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმას არ ფიქრობს.

XS
SM
MD
LG