ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიერ წაქეზებული და „გაყინული“ კონფლიქტები


ეგრეთწოდებული “გაყინული კონფლიქტები“ ექსკლუზიურად პოსტ-საბჭოთა ტერმინია და ამ ტერიტორიებზე წარმოქმნილ ერთეულებს ერთი რამ აერთიანებთ - მოსკოვის მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების არ აღიარება.

„გაყინული კონფლიქტების“ საერთო ქოლგის ქვეშ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი აგნია გრიგასი, აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მთიან ყარაბაღს, დნესტრისპირეთს და ყირიმს აერთიანებს. ამ თემისთვის მიძღვნილ სპეციალურ ანგარიშში პოსტ-საბჭოთა სივრცის მკვლევარი აგნია გრიგასი შეერთებული შტატების მთავრობას 5 პუნქტიანი პოლიტიკის გატარებას ურჩევს:

აგნია გრიგასი, მკვლევარი
აგნია გრიგასი, მკვლევარი

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მკვეთრი და გრძელვადიანი არაღიარების პოლიტიკის ქონაა, რათა სეპარატისტული რეგიონების აღიარება არ მოხდეს. მეორე - მონიტორინგში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა, ამის მაგალითები არსებობს, როგორიც იყო გაეროს ან ეუთოს მისიები.

რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო სამართლის საზღვრებში ცხოვრება
ჯერი კონოლი, კონგრესმენი

მესამე ნაბიჯია გრძელვადიანი სანქციები რუსეთის მთავრობის, სეპარატისტი ლიდერების, რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ბიზნესების და ინდივიდების წინააღმდეგ. მეოთხე ხალხთაშორის დიპლომატიის გაღრმავებაა, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, აუცილებელია ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან კავშირების შენარჩუნება. მეხუთე ნაბიჯი კი ევროპის კავშირისთვის მიბაძვა და რეგიონში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაა.“

რუსეთის მიერ წაქეზებული ეს კონფლიქტები, შეერთებული შტატების კონგრესმენ ჯერი კონოლის „ცივ ომს“ ახსენებს. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტებს და მათი მოგვარების გზებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.

კონგრესმენი ჯერი კონოლი
კონგრესმენი ჯერი კონოლი

“კანონის, მათ შორის საერთაშორისო სამართლის, უზენაესობა ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის მნიშვნელოვანია. სხვაგვარად ჯუნგლის კანონი იმეფებს. საქართველოს და უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ხელყოფა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ამ პრაქტიკის დასასრულებად ჩვენ მეორე მსოფლიო ომში ვიომეთ. ეს მიუღებელია, ეს უნდა შეიცვალოს, რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო სამართლის საზღვრებში ცხოვრება.“

რა არის დასავლეთის როლი და როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად?

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს მხარდაჭერა, ისე რომ ამ ორი ურთულესი პრობლემის მიუხედავად გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება
კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

„მეორე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს მხარდაჭერა, ისე რომ ამ ორი ურთულესი პრობლემის მიუხედავად გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება, რომ განვითარდეს ბიზნესი, ვაჭრობა, ტურიზმი. ასევე ვისურვებდი მეტ კონტაქტს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შრის,“ ამბობს ყოფილი ელჩი.

ყველაზე მეტად კი: „ქართული ეკონომიკის აყვავების ხილვას ვისურვებდი, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ძლიერი, ცხოვრების გაუმჯობესების შანსები და ევროპის კავშირთან დაახლოება მიიზიდავს ამ რეგიონებს საქართველოსკენ.“

კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტები და რეგიონში ამერიკის ყოფილ ელჩები თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის და კონფლიქტის მქონე სხვა ქვეყნების ნომერ პირველი სტრატეგია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება უნდა იყოს. შეერთებულმა შტატებმა კი ეს კონფლიქტები ამერიკის საგარეო პოლიტიკის რუსეთთან ურთიერთობის ნაწილად უნდა აქციოს.

XS
SM
MD
LG