ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის გუბერნატორმა პალესტინელთა მხარდამჭერი სტუდენტური ჯგუფი აკრძალა


ფლორიდის საუნივერსიტეტო სისტემამ გუბერნატორ რონ დესანტისთან შეთანხმებით, სამშაბათს კოლეჯებს პრო-პალესტინელთა სტუდენტური ორგანიზაციის დახურვის განკარგულება მისცა. ფლორიდა გახდა პირველი შტატი, სადაც ჯგუფი, რომლის ეროვნულმა ხელმძღვანელობამ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას მხარი დაუჭირა, უკანონოდ გამოაცხადეს.

შტატის საუნივერსიტეტო სისტემამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია SJP ("სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის") უნდა დაიშალოს. ეს კი იმ „შეზღუდვების“ ფარგლებში უნდა მოხდეს, რაც რესპუბლიკელების მიერ მართულმა შტატმა კოლეჯებში იმ დემონსტრაციებს დაუწესა, რომელიც „ტერორისტულ ჯგუფებს მავნე მხარდაჭერას“ უცხადებენ.

„SJP-ის ეროვნული ხელმძღვანელობის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საფუძველზე, გუბერნატორ დესანტისთან კონსულტაციით, სტუდენტური [ორგანიზაციის] ფილიალების დეაქტივაცია უნდა მოხდეს“, - ნათქვამია სისტემის კანცლერ რეი როდრიგესის მემორანდუმში, რომელიც მან უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს გაუგზავნა.

როდრიგესმა თქვა, რომ SJP სულ ცოტა, ფლორიდის ორ უნივერსიტეტში მოქმედებს.

„ინსტაგრამ“ გვერდების თანახმად, ჯექსონვილში მდებარე ჩრდილოეთ ფლორიდის უნივერსიტეტს და ტალაჰასიში მდებარე ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს SJP-ის ფილიალები აქვთ. SJP-ის ეროვნულ ხელმძღვანელობას ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ზოგიერთი ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ SJP-ის ეროვნული ხელმძღვანელობა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა „ჰამასის“ თავდასხმას „პალესტინური წინააღმდეგობის ისტორიული გამარჯვება“ უწოდა და ამერიკასა და კანადაში თავის 200 ფილიალს მოუწოდა 12 ოქტომბერს „წინააღმდეგობის დღე“ დემონსტრაციებით აღენიშნათ.

როდრიგესმა თავის მემორანდუმში თქვა, რომ ორგანიზაციამ საკუთარი თავი „ჰამასის“ თავდასხმის ნაწილად გამოაცხადა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია ფლორიდის კანონის შესაბამისად. კანონის ეს მუხლი „დადგენილი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის არსებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას“ ეხება.

XS
SM
MD
LG