ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში საგაზაფხულო სამუშაოები არ დაუწყიათ. აქ ჯერ კიდევ თოვლია. მკაცრი ზამთარი არ დასრულებულა. მთავრობა აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა და ბუნებრივი აირი ყველა ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. ასევე ორი დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მხრიდან გაიჟღერა 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ამბავმაც ბუნებრივი აირის საფასურის დააფარვის მიზნით.

"ამერიკის ხმამ" ამ თემაზე გასულ წელს რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ასევე საუბარი იყო ამ ყბადაღებულ 200-ლარიან ვაუჩერზე. პირველი რეპორტაჟი 2016 წლის ნოემბერში გავიდა, მეორე კი დეკემბერში. კომენტარებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს, რომ გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში 200-ლარიანი ვაუჩერები უნდა გაიცეს. ამიტომ კვლავ 200-ლარიანი ვაუჩერის შესახებ ორი დღის წინანდელი განცხადება "ამერიკის ხმისთვის" საინტერესო აღმოჩნდა, დავინტერესდით, იგი გაიცემოდა ხელახლა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ - არა. რეალობა განსხვავებული დაგვხვდა:

როგორც ირკვევა, 200-ლარიანი დახმარება კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის, რაც გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა, დღემდე არ გაცემულა. ქეთევან ციხელაშვილის ორი დღის წინანდელი განცხადება ასე ჟღერს:

„მივიღეთ გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის 200-ლარიანი ბუნებრივი აირის ვაუჩერით უზრუნველყოფის თაობაზე. ეს განცხადება გამომდინარეობს უწყებათშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის 200-ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894–ს. თქვენ იცით, რომ გასული წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა.“

ქეთევან ციხელაშვილის გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება "ამერიკის ხმასთან" კი ასე ისმინება:
„ალტერნატიული ენერგიის წყარო გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას გათბობისთვის. სახელმწიფო ყოველ წელს 200 ლარიანი ვაუჩერით ეხმარებოდა მათ. ჩვენ წელსაც მივიღეთ ამ კომისიაზე გადაწყვეტილება, რომ 200 ლარის საფასურით დავფაროთ მათი გაზის მოხმარება“.

რთულია ითქვას, კვლავ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაა, თუ რა მიზეზია, რომ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანები დაანონსებული და დაპირებული დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლების გაზიფიცირება დასრულდა, ბუნებრივ აირს ვერ იყენებს, რადგან მისი საფასურის გადახდა ოჯახის ბიუჯეტისთვის დაუძლეველი გამოწვევაა, ამიტომ კვლავ შეშის მოსაპოვებლად სიარული უწევთ.

მაგული ოქროპირიძეს ხუთი შვილი ჰყავს. იგი მეუღლესთან და დედამთილთან ერთად სოფელ ერგნეთში ცხოვრობს, ცხინვალთან ახლოს. ომის დროს მათი სახლი დაიწვა, ახლა დანიის ლტოლვილთა კომისარიატის მიერ 2008 წელს გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში აშენებულ პატარა კოტეჯში ცხოვრობს, რომელიც საკუთარ ეზოშივე აუშენეს, დამწვარი სახლის გვერდით:

„აქამდე გაიწელა ამ თანხის დარიცხვა. მერე, რომ ატყდა ამბავი და ხალხმა შეაწუხა, თქვეს, ორ კვირაში დაირიცხებაო. ჯერ არ დარიცხულა, ნოემბერში რომ უნდა დაიცხულიყო, იმ ვაუჩერზეა საუბარი. არავინ არ იცის ზუსტი პასუხი. არც გამგეობაში იციან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ."

„აქამდე გაიწელა ამ თანხის დარიცხვა. მერე, რომ ატყდა ამბავი და ხალხმა შეაწუხა, თქვეს, ორ კვირაში დაირიცხებაო. ჯერ არ დარიცხულა, ნოემბერში რომ უნდა დაიცხულიყო, იმ ვაუჩერზეა საუბარი. არავინ არ იცის ზუსტი პასუხი. არც გამგეობაში იციან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. ჩვენ გაზი, მართალია, გვაქვს, მაგრამ გათბობისთვის მაინც შეშის ღუმელს ვიყენებთ. ორჯერ გადავიხადეთ და ჩემს დედამთილს ამის შემდეგ დაავიწყდა, რანაირია პენსია, ის იხდიდა. გვეგონა, რომ იქნებოდა ის 200 ლარიანი ვაუჩერი და რაღაცაში დაგვეხმარებოდა. ახლა კიდევ ახალი უბედურება დაგვემატა. ჩვენი სოფელი გადამოწმებაში მოყოლილა და ყველას მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. მივედი, რომ უნდა ამეღო და მოგეხსნათ, ქალბატონო, გადამოწმებაში ხართო. არც მოსულა ვინმე, არც გავუფრთხილებივართ. ჩვენს ოჯახში არავინ მუშაობს. შეიძლება, აგვისტოსთვის ინახავენ ამ ვაუჩერს, რა ვიცი, რა გითხრათ. ხალხი გადაიტანს ამ ზამთარს როგორმე“.

ჩვენთან საუბრისას მაგული ოქროპირიძე არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გამოყენების საკთხებზე, არამედ სოფელში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზეც საუბრობს:

„არ მიგვიღია ჯერ არაფერი, უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოფელში არავის მიუღია. ამ ზამთარს შეშით ვთბებოდი, გაზი არ მიხმარია, რადგან „კარმები“ ბევრს წვავს. შემდეგ ხალხს გადახდა უჭირს“.

„სასმელი წყალი რომ გაგვიკეთეს, უამრავი ფული დაიხარჯა, ახლა კი ონკანებს გასდის. დღესაც „ყიდულობენ“ ამ ნაწილებს კომპანიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეთი პასუხი აქვთ: როდესაც ვურეკავთ, გვუბნებიან „ვყიდულობთ და მოვიტანთო“. ჯერ არ მოუტანიათ, წყალი იცლება ავზიდან. ძველი ჭაბურღილი რომ შეაკეთეს, იმ ამბავზე გეუბნებით, რამდენიღაც ათასი დახარჯეს. უბნის ჩამოსასვლელ გზებთან დააყენეს ჭები, რომლითაც რამდენიმე ოჯახმა უნდა ისარგებლოს. ამ ჭებს კიდევ დაუყენეს უხარისხო ონკანები, საიდანაც წყალი იღვრება, იკარგება, ფაქტობრივად. ის ავზებიც, წყალსაცავები, საიდანაც წყალი მოედინება ძალიან ძველია. ჩვენ რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, ბევრი არ იკარგება, მხოლოდ ერთ მეტრამდე იკარგებაო. როგორც ჩანს, მოცულობის გამოთვლა არ იციან. ფაქტობრივად, ერთ ავზზე 1 ტონა და 400 ლიტრი წყალი იკარგება. რატომ დაიხარჯა ფული, თუ საქმე ბოლომდე ვერ გაკეთდა, არ ვიცი“.

ზაალ ახალკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, სადაც ასევე ლითონის ღობეა გაბმული. ჩვენთან საუბრისას ისიც ადასტურებს, რომ ადგილობრივებს ნოემბერში დაანონსებული 200 ლარიანი ვაუჩერი გამოზამთრებისთვის არ მიუღიათ: „არ მიგვიღია ჯერ არაფერი, უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოფელში არავის მიუღია. ამ ზამთარს შეშით ვთბებოდი, გაზი არ მიხმარია, რადგან „კარმები“ ბევრს წვავს. შემდეგ ხალხს გადახდა უჭირს“.

ერთ კვირაში გაზაფხულდება. კონფლიქტის ზონაში დაპირებულ 200-ლარიანი ვაუჩერების მიღებას გათბობისთვის ზაფხულში ელიან.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG