ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ევროპასთან ისე ახლოს, როგორც არასდროს“


კონფერენცია თბილისში, 16 მაისი, 2017
კონფერენცია თბილისში, 16 მაისი, 2017

საქართველომ ევროინტეგრაციისა და განვითარების გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, პირველი, ყველაზე ხელშესახები ბენეფიტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის რეალობად ქცევაა. თუმცა ევროპულ ქვეყნად ფორმირებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ მათ პრაქტიკაში უზრუნველყოფას გულისხმობს. საქართველოსთვის ამ გზაზე ბევრი მტკივნეული რეფორმის კონტური და მათი რეალიზების აუცილებლობა იკვეთება.

ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა იყოს საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯი, რას ითვალისწინებს დღის წესრიგის მომდევნო შესასრულებელი ეტაპი, ან არსებობს თუ არა, ზოგადად, ამგვარი: გაწერილი და მიღებული გეგმა, ეს და ბევრი სხვა, ევროინტეგრაციის მიმართულებით საინტერესო საკითხი იქნა წარმოდგენილი და განხილული საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანასური მხარდაჭერით გაიმართა.

მისი ხელმძღვანელი და მასპინძელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამერიკის ხმასთან ამბობს: „ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა იყოს საქართველოს მხრიდან შემდგომი ნაბიჯი? – ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს, არსებობს, რადიკალური მოსაზრებები, რომ, ვთქვათ, ჩვენ პირდაპირ უნდა შევიტანოთ განაცხადი წევრობაზე. ზოგი ამბობს, რომ ეს ნაადრევია და ამით გავაღიზიანებთ ევროპელ პარტნიორებს, რის შესახებაც კონფერენციის მესამე პანელზე მოვისმინეთ. ჩვენ შევიმუშავეთ ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვა გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უწყებებმა, რომელთაც ეს პროცესი ეხება.

ჩვენ გვაინტერესებდა, რა არის ამ პოზიციებიდან რეალური. ასევე, გვინდოდა წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ქართული მხარის პოზიცია, არამედ ევროკავშირის პოზიციაც. ამისთვის ჩვენ ბრუსელიდან მოვიწვიეთ ის ოფიციალური პირები, ვისაც უშუალოდ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობა. კონფერენციაზე გამოვიდა დირკ შუებელი, რომელმაც ბრუსელის ხედვა გააჟღერა. საინტერესო იყო, რომ ამით მთლიანი სურათი შეიქმნა, რა მდგომარეობაშია საქართველოს ევროპეიზაციის საკითხი.“

თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური მოთამაშეების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ამერიკის ხმასთან თორნიკე გორდაძემ, საფრანგეთის თავდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ერთ–ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა:

„ზოგადი ტენდენცია არის ყველაგან, მათ შორის ევროპაშიც, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტების მიმართ ნდობა იკლებს ამომრჩევლებში. მაგალითად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან არც ერთი არ წარმოადგენს ორ მთავარ ძალას, რომელიც არსებობს საფრანგეთში მეხუთე რესპუბლიკის დამყარებიდან, 1958 წლიდან.

რუსეთის მთავარი მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი, დაასუსტოს ყველა გაერთიანება, რაც ბლოკურ გაერთიანებას გულისხმობს დასავლეთში, ეს იქნება ნატო თუ ევროკავშირი
თორნიკე გორდაძე

სასიამოვნო ისაა, რომ მიუხედავად ძველი პოლიტიკური ელიტების მიმართ უნდობლობისა, პოპულიზმმა მაინც ვერ გაიმარჯვა. რუსეთის მთავარი მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი, დაასუსტოს ყველა გაერთიანება, რაც ბლოკურ გაერთიანებას გულისხმობს დასავლეთში, ეს იქნება ნატო თუ ევროკავშირი. მისთვის ბევრად უფრო მარტივია ცალკ–ცალკე ესაუბროს ევროპის ქვეყნებს და მისი წონის და ძლიერების გათვალისწინებით, უფრო მარტივად შეეძლება ცალკ–ცალკე ქვეყნებთან საუბარი, ვიდრე გაერთიანებებთან, ამიტომ ევროკავშირი მიაჩნია მას მტრულად, აგრეთვე მიაჩნია საშიშად, რადგან მას გააჩნია მიზიდულობის ძალა. ის იზიდავს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს: მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას. მათაც კი იზიდავს, ვისაც ევროაზიული არჩევანი აქვს გაკეთბული, სომხეთს ვგულისხმობ.“

უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უკვე ამჟამად, თუ უმჯობესია მსგავსი წინადადებით ოფიციალურად გამოსვლამდე წევრობისთვის მზადყოფნის უფრო მაღალ ხარისხზე ვიზრუნოთ.

ამის შესახებ ერთ–ერთმა მომხსენებელმა თამარ ხულორდავამ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კონფერენციაზე: „ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება შესასრულებელი. ამაზე უნდა მოვახდინოთ ახლა კონცენტრაცია. მე მესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდანაა მოწოდებები იმის თაობაზე, რომ პროაქტიულები ვიყოთ. უფრო სწორად, მე ასე ვიტყოდი, რომ აქტიურები ვიყოთ, რადგან, ვფიქრობ, პროაქტიულები ჩვენ ვართ იმაში რასაც ვაკეთებთ. მაგრამ უფრო აქტიურად ვაჩვენოთ, აქტიურად ვუთხრათ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვინდა წევრობა და ეს გავაკეთოთ განაცხადის ფორმით ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის ჩვენთვის მიზანი, ეს არის ჩვენთვის დანიშნულების წერტილი, სადაც მივდივართ, მაგრამ მე მინდა ისე მივიდეთ იქამდე, რომ რაღაც ისეთი არ გავაკეთოთ, რაც კონტრ–პროდუქტიული იქნება და საბოლოო შედეგის მიღწევაში ხელს შეგვიშლის. ამ ეტაპზე, მე მგონია, რომ კანდიდატობაზე განცხადების გაკეთება, შეიძლება, სწორედ ასეთი ნაბიჯი იყოს დღეს. შეიძლება, ეს ასე არ იყოს ზეგ, მაგრამ დღეს, ყოველ შემთხვევაში ისეთი მოცემულობაა, რომ ჩემი აზრით ამის დრო ახლა არ არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ კაკუნს ევროკავშირის კარზე.“

ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. ამავდროულად, კონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან, როგორც არასდროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG