ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გადაადგილება უკვე უვიზოდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და მის ძალაში შესასვლელად მხოლოდ 20 დღე უნდა გავიდეს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერი და მინისტრები აცხადებენ, რომ ვიზალიბერაიზაციის სიკეთეებით სარგებლობას ის მოქალაქეებიც შეძლებენ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამისთვის მათ მხოლოდ საქართველოს პასპორტის აღება სჭირდებათ.

სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა აფხაზეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ორი გამშვები პუნქტი უნდა დაიხუროს ხურჩასა და ფახულანში.

"ამერიკის ხმა" ზუგდიდში ორგანიზაცია „თანხმობის“ სამეგრელოს წარმომადგენელს მაია ჩემიას დაუკავშირდა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა:

„გასასვლელ პუნქტებთან ქართველები და აფხაზები ყოველთვის ახერხებდნენ მოლაპარაკებას, ახლაც კი რუსის ჯარი რომ ჩადგა, საბუთებზე პრობლემა რომ ექმნებოდათ, ყოველთვის ახერხებდნენ შეთანხმებას აფხაზებთან. ისინი ეხმარებოდნენ კიდეც ჩვენს მოსახლეობას, ეგრეთ წოდებული შავი გზით სარგებლობისას. პრობლემას ქმნიდნენ რუსის ჯარისკაცები, ვინც იქ იდგა. რუსული მხარეა პრობლემა, თორემ ჩვენს შორის გადაულახავი არაფერია – ამას გვეუბნებიან ის ადამიანები, ვინც იქიდან გადმოდის.“

ჩემია ჩვენთან საუბრისას არა მხოლოდ გადაადგილების უფლების შელახვაზე საუბრობს, არამედ ამბობს იმასაც, რომ ადგილობრივ მოსწავლეებს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებით განათლების ხელმისაწვდომობის უფლებაც ეზღუდებათ:

„მოსწავლეებს გადმოსვლისას, საზღვრის გადმოკვეთისას, პრობლემები, რა თქმა უნდა, ხვდებოდათ. არ ვიცი ის ბავშვები საერთოდ სად წავლენ. არის იქით მხარეს რამდენიმე სოფელი, რომელშიც სკოლა საეროდ არაა. იქ მაცხოვრებელი მოსწავლეები აქეთ გადმოდიოდნენ სასწავლებლად. ის ბავშვები ახლა დარჩებიან განათლების გარეშე,“ ამბობს ჩემია.

აფხაზეთის დე–ფაქტო მთავრობის განცხადებით, მათ საავტომობილო გზა შეაკეთეს, რომელიც ენგურის ხიდამდე მიდის, თუმცა ადგილობრივების თქმით, ეს არაფრით აუმჯობესებს გალის სოფლების მაცხოვრებლების მდგომარეობას, რადგან ისინი, საზღვრის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, იზოლირებულები აღმოჩნდნენ.

„ხუთიდან ღია დარჩება მხოლოდ ერთი პუნქტი - ენგურის ხიდი. ორი პუნქტი ადრე ჩაკეტეს, ორს ახლა კეტავენ. ენგურის ხიდზე გაივლის ყველა, ტვირთით იქნება ის თუ ქვეითად. თუ ადრე შესაძლებელი იყო ადამიანებისთვის გადმოელახათ ეს გამყოფი ხაზი სხვადასხვა გზით, ახლა ყველა არხი დაკეტილია. მათ შორის, ეგრეთ წოდებული არალეგალური გადასვლებიც შეზღუდულია, რადგან გამკაცრებულია დაცვის ზომები,“ ამბობს ელიკო ბენდელიანი, "კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარეს არსებულ ვითარებას, გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე ამ მხრივ დიდი ხნის წინ იფიქრეს და მავთულხლართები და ლითონის ღობეები გაავლეს. ამ დროისთვის ერთადერთი გამშვები პუნექტი ახალგორშია, რაც ყველაზე აქტიურად მუშაობს, თუ არ ჩავთვლით მაგალითად ზარდიაანთკარის პუნქტის მსგავს დერეფნებს, რითაც მხოლოდ ეთნიკურად ოსი და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ოჯახები სარგებლობენ.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის გამშვები პუნქტს ხშირად იყენებს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ოსური მხრიდან მოძრაობა დანარჩენი საქართველოს მიმართულებით არ კლებულობს, ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა კი მსოფლიოს გაცნობის მადას უფრო გააღვივებს:

„ღიად ვერავინ გამოხატავს ოსეთში საკუთარ განწყობას. ახლაც ხომ ვერავინ ამბობს, „უი, როგორ გვიხარია, რომ სამედიცინო სერვისებზე გვაქვს ხელმისაწვდომობაო“, მაგრამ ვიცით, რომ გადმომსვლელები კონფლიქტის ზონებიდან ყოველ წელს ორმაგდება. ყველა შემთხვევაში აქ გადაუდებელი საჭიროება არ იგულისხმება. ვიცი, რომ ჩამოდიან კოსმეტიკური ოპერაციებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, სტომატოლოგიური საჭიროებებისთვის. ჩემი აზრით, ერთხელაც რომ მოხვდეს ადამიანი საზღვარგარეთ საქართველოს გავლით, ერთხელ რომ გავა სადმე, ნახავს ფილმში ნანახ ადგილს, ან წიგნში წაკითხულს, ან სკოლის პერიოდიდან ნაოცნებარს, შემდეგ შეძლებს უკვე რაღაც ბარიერის გადალახვას,“ მეარაყიშვილი.

კონფლიქტის ზონაში ცხოვრებით ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი მოქალაქეებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნა ცალსახად ნიშნავს სწორედ ამ, რიგითი მოქალაქეებისთვის არსებობის გართულებას. ამას ყველა კარგად აცნობიერებს: მოქალაქეების და ხელისუფლებებიც.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG