ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელთა ნახევარზე მეტი მიგრაციის შეზღუდვის მომხრეა


ევროპელთა დიდი ნაწილი ემხრობა სამომავლოდ იმიგრაციის შეზღუდვას იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.

გამოკითხვა ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Chatham House-მა ჯერ კიდევ მანამდე ჩაატარა, სანამ ამერიკის ახალი პრეზიდენტი მუსლიმური უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან მიგრანტთა შემოსვლის შემზღუდველ განკარგულებას მოაწერდა ხელს.

კვლევის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შედეგების მიხედვით ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში მსგავსი შეზღუდვის მომხრენი არიან.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მუსლიმთა იმიგრაციის საწინააღმდეგო დამოკიდებულება უფრო მეტად ასაკოვან მოქალაქეებს აქვთ. ეს მაშინ, როდესაც 30 წელზე ახალგაზრდა მოქალაქეები აშკარად ნაკლებ წინააღმდეგობრივად არიან განწყობილნი.

დამოკიდებულებების განსხვავება იკვეთება განათლების დონის მიხედვითაც: იმ რესპოდენტების 59 %, რომელთაც მხოლოდ სკოლის განათლება აქვთ, მიგრაციის შეზღუდვის მომხრეა, კოლეჯის დონის განათლების მქონეთა შორის კი იგივე მაჩვენებელი 50 %-ზე ნაკლებია.

სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებნი უფრო მეტად ემხრობიან მუსლიმი მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვას, ვიდრე ისინი, ვინც ქალაქებში ცხოვრობენ. ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და განათლების დონე ამ გამოკითხვაში დაახლოებით ისეთივე როლს თამაშობს და პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ისევეა გადანაწილებული, როგორც იმ მონაცემებში, რომელთა მიხედვითაც ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირეს მხარი.

მთლიანობაში, ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვით, დაახლოებით 55 % -ს სურს მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოებიდან მიგრაციის შეჩერება. 25 % არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება ამ პოზიციას, 20 % კი ამგვარ აკრძალვას ეწინააღმდეგება. ჯამში, ათიდან 8 სახელმწიფოში შეზღუდვების მომხრეთა რაოდენობა ჭარბობს. მონაცემების ნაწილი ასე გამოიყურება: პოლონეთში - 71 %, ავსტრია - 65 %, გერმანია - 53 %, იტალია - 51 %, ესპანეთი - 41 %.

მათი რიცხვი, ვინც მიგრაციის შეზღუდვას ეწინააღმდეგება, არც ერთ ქვეყანაში არ აჭარბებდა გამოკითხულთა 32%-ს. პოლონეთის გარდა, იმ სახელმწიფოებში, სადაც შეზღუდვების მომხრეთა დიდი რაოდენობა ფიქსირდებოდა, ბოლო დროს ან ტერორისტული თავდასხმაა მომხდარი, ან ისინი ბოლო წლების განმავლობაში მიგრანტთა კრიზისის ეპიცენტრში იყვნენ.

Chatham House-ის მკვლევარები მეთიუ გუდვინი და ტომას რაინერსი ისევე, როგორც, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტი დევიდ ქატსი ამბობენ, რომ გამოკითხვის მიხედვით, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე ევროპულ მემარჯვენე პარტიებს მზარდი მხარდაჭერა აქვთ.

ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო წელს შესაძლო ეპოქალური არჩევნების წინაშე დგას. მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და შესაძლოა იტალიაშიც ულტრა-მემარჯვენე პარტიები იკრებენ ძალას. ასე, რომ მკვლევარებისთვის დონალდ ტრამპის გამარჯვება შესაძლოა ერთადერთ სიურპრიზად აღარ დარჩეს.

პარტია „საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი, რომელიც სავადაუდოდ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, „პატრიოტულ გაზაფხულს“ წინასწარმეტყველებს.

Chatham House-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები დამაფიქრებელი და საყურადღებოა და რომ მუსლიმური სახელმწიფოებიდან მიგრაციის შეზღუდვის სურვილი აბსოლუტურად არ უკავშირდება ტრამპის ამომრჩეველს და მათ მისწრაფებებს. „ეს დამოკიდებულება ფართოდაა გავრცელებული“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ჯონ ლოიდი - ბრიტანეთის მემარცხენე ჟურნალის New Statesman-ის ყოფილი რედაქტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტში როიტერის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის მკვლევარი - ამბობს, რომ ახლა მთავარი საკითხავი ისაა, მიიყვანენ თუ არა გამარჯვებამდე მსგავსი მოსაზრების ადამიანები ამ პარტიებს გამარჯვებასთან. ლოიდის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მაგალითი ამ შესაძლებლობის რეალურობის საჩვენებლად საკმარისზე მეტია.

ამასობაში კი ევროპის მემარჯვენე პარტიების ლიდერები - გეერტ ვილდერსი ნიდერლანდებში, ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთში და მატეო სალვინი იტალიაში - ამერიკის ახალი პრეზიდენტის ანტისაიმიგრაციო შეზღუდვის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებას არ მალავენ. თუმცა ტრამპი ევროპელი ლიდერების მხრიდან კრიტიკის სუბიექტიც გახდა.

გასული კვირის დასაწყისში ბრიტანეთში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერშოუმ კანონმდებლებს უთხრა, რომ მას საჭიროდ არ მიაჩნია პრეზიდენტ ტრამპის პარლამენტში დაპატიჟება, როდესაც წელს ის ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.

„მტკიცედ მჯერა, რომ რასიზმისა და სექსიზმის მიმართ ჩვენი შეუწყნარებლობა და ჩვენი რწმენა კანონის წინაშე თანასწორობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმომადგენელთა პალატისთვის.“

ბერშოუს განცხადებამ ლონდონში პოლიტიკური დისკუსიები გამოიწვია. კონსერვატორი კანონმდებლები მას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს.

Chatham House-ის ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის შედეგები პარალელურად, ბოლო წლებში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგების მსგავსია და შესაბამისად, რეალურად ასახავს მიგრაციის მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას.

გაუსლ წელს პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ასევე 10 ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული კვლევის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მათ ქვეყანაში მუსლიმების ცხოვრების და მათი რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG