ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრაციის შესახებ თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება ჩაშლის პირასაა


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თურქეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, თურქეთს საბერძნეთისკენ მიგრანტთა ნაკადი უნდა შეეჩერებინა, სანაცვლოდ კი 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებდა. საბერძნეთის სანაპიროებზე მოხვედრილი მიგრანტების რიცხვი 90 %-ით შემცირდა, მაგრამ ეს შეთანხმების ეფექტურობას სულაც არ ნიშნავს. საერთაშორისო დახმარების ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ამ ციფრებით ბანაკებში მყოფთა სიძნელეებისა და პრობლემების გადაფარვა არ შეიძლება.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის სიახლოვეს მდებარე მიტოვებული ქარხანა დღეს 600-მდე ადამიანის თავშესაფრადაა ქცეული. მათ შორის ბევრი ბავშვია, უმეტესად ავღანეთიდან, სირიიდან და პაკისტანიდან.

ისინი იმ 60 000 მიგრანტს შორის არიან, რომლებიც საბერძნეთში მოხვდნენ, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ ვეღარ მიდიან, რადგან ამ ქვეყნების საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილია.

საერთაშორისო დახმარების ჯგუფები ევროკავშირს თავისი პასუხისმგებლობების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

დეკლან ბარი ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“ „ამერიკის ხმასთან“ სკაიპ ინტერვიუში ამბობს, რომ მიგრანტებთან მომუშავე ექიმები ხედავენ, როგორ იტანჯებიან ისინი. ამიტომ, ისინი ევროპა-თურქეთის შეთანხმებას ნამდვილად არ მიიჩნევენ წარმატებულად.

„ეს მარცხია და არა წარმატება. ათასობით ადამიანი რჩება ბანაკებში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრად მეტ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ფსიქოზი, პოსტტრავმატული სტრესი და აშლილობა, შფოთვა და დეპრესია“. - ამბობს დეკლან ბარი.

მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანით მოვაჭრეთა ბანდებს ასობით სიცოცხლე გამოსტაცეს ხელიდან. ევროკავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი ამბობს, რომ თურქეთთან არსებული შეთანხმება „მუშაობს“. მისი თქმით, შედეგები უკვე პოზიტიურია და ციფრები დრამატულად დაეცა იმასთან შედარებით, რასაც ვხედავდით მაშინ, როდესაც თურქეთის საზღვრის გადაკვეთით ევროპის სანაპიროებზე 10 000 -მდე ადამიანი გადავიდა. „ეს ციფრი დღეში 60 ადამიანამდე შემცირდა, რაც ნამდვილად მართვადი რაოდენობაა“, - ამბობს ის.

ავრამოპოლუსმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რელოკაცია დააჩქარონ. საფრანგეთმა ხელი მაოწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ლიბანიდან 500 სირიელ ლტოლვილს მიიღებს. არსებობს იმედი, რომ ამგვარად, უსაფრთხო გასასვლელების შეთავაზება ევროპული სახელმწიფოების საზღვრებზე ზეწოლას შეამცირებს.

მიგრანტთა რელოკაციაზე მომუშავე სანტეგიდიოს თემის ქრისტიანთა ჯგუფის წევრი ვალერი რაგნერი ამბობს, რომ თუ ადამიანებს ალტერნატივებს შესთავაზებენ, ამით მათ ხმელთაშუა ზღვაში სიცოცხლისთვის საშიშ გადაადგილებასაც შეამცირებენ და ადამიანით მოვაჭრეებსაც შეუშლიან ხელს.

თუმცა ამასობაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრანტთა შესახებ შეთანხმება რისკის ქვეშაა, რადგან ევროკავშირმა შეაყოვნა თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღება, რაც მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. ბრუსელი კი ამ დროს ანკარისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG