ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული გაზაფხულიდან 5 წლის შემდეგ


ევროპის კავშირს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებში შექმნილი სიტუაციის დარეგულირების და ამ ქვეყნებიდან მიგრანტების მასიური ნაკადის შემცირების საქმეში, თუკი ის ყურადღებას უფრო მეტად გაამახვილებს რეგიონში პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უსამართლობასთან ბრძოლას. ასეთ და სხვა მსგავს დასკვნებამდე მივიდა ევროპის კომისიის მიერ დაფინანსებული ახალი კვლევა, სახელწოდებით "არაბული ტრანსფორმაციების პროექტი", რომლის პრეზენტაციაც ბრიუსელში 8 სექტემბერს გაიმართა.

პროექტის დირექტორი ანდრეა ტეტი ამბობს, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკა არ ეყრდნობა დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზებს. ამ ფაქტორმა კი შესაძლოა ისედაც არეულობით მოცული რეგიონის კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

პრიორიტეტებად დავისახეთ ანტიტერორისტული ოპერაციები, შიდა უსაფრთხოება და მიგრაციის საკითხები. ეს კი არსებულ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემას არ აგვარებს. ეს არ ასახავს, ან წარმატებით არ ასახავს ადამიანებისთვის მეტი პოლიტიკური ნების მიცემის აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინკლუზიურობის ორივე ფრონტზე ჩავარდნა გვაქვს, ჩვენ ვქმნით იმის წინაპირობას, რომ იქ პოლიტიკური რადიკალიზაცია მოხდეს” - ამბობს ანდრეა ტეტი.

არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ქვეყანაში 2011 წლიდან დაიწყო. დემონსტრანტები ხმას იმაღლებდნენ უმუშევრობის, ცუდი მთავრობის და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ქვეყნების უმრავლესობაში გამოსვლები მთავრობის შეცვლით დამთავრდა, თუმცა მოვლენების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, იქ პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მინიმალურად შეიცვალა, მაგრამ პარალელურად უსაფრთხოების პრობლემები კიდევ უფრო გაიზარდა.

ანდრეა ტეტის თქმით, სავსებით გასაგებია ის ფაქტი, რომ ევროპის კავშირი ძირითად ყურადღებას რეგიონში ადამიანის უფლებების და სხვა დემოკრატიული ღირებულებების რეკლამირებას უთმობს. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს და რაშიც ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ევროკავშირის დახმარება და ჩართვა სურთ.

არასაკმარისი ყურადღება ეთმობა სოციალური უსამართლობის პრობლემას. ეს საკითხი სავაჭრო შეთანხმებების და ჰუმანიტარული დახმარებების დონეზე წყდება. ამ დროს, სწორედ ეს სავაჭრო გარიგებები და განსაკუთრებით სავაჭრო გარიგებები აღიქმება ადგილზე მთავარი პრობლემების წყაროდ. იქ ფიქრობენ, რომ შეთანხმებები საკითხის მოგვარების ნაცვლად, სოციალურ-ეკონომიკური უსამართლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. იქმნება სიმდიდრის პოლარიზაციის და სიღარიბის ზრდის წინაპირობები” - აცხადებს არაბული ტრანსფორმაციის პროექტის დირექტორი.

ევროპის კავშირს საქმე აქვს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან წამოსულ დევნილთა მასობრივი ნაკადის რეკორდულ მასშტაბთან. მიგრანტების მოზღვავებამ გამოიწვია ის, რომ თავად ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში მოსახლეობა მათ მიმართ კეთილგანწყობას თანდათან კარგავს. ამის მიუხედავად, მიგრაციის პროცესი არ შეჩერებულა და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით ადამიანი ყოველთვიურად ჯერ კიდევ ცდილობს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპის ქვეყნებში შეღწევას.

წლის დასაწყისში ევროპის კავშირში გადაწყვიტეს, რომ თურქეთისთვის მილიარდობით დოლარი მიეცათ, რათა ანკარა ევროპის დედაქალაქებს მიგრანტების რაოდენობის შემცირებაში დახმარებოდა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთანაც არის შესაძლებელი.

არაბული ტრანსფორმაციის პროექტმა კვლევა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა. ესენია: მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ლიბია, ეგვიპტე, იორდანია და ერაყი.

XS
SM
MD
LG