ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამბაქო მწეველების ნახევარს კლავს


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თამბაქოს გლობალური კონტროლის ინსტიტუტში მდებარე ჯოანა კოენის ოფისში სიგარეტის სხვადასხვა კოლოფს ნახავთ. ზოგიერთი მათგანი დამთრგუნველი გამოსახულებითაა გაფორმებული, ზოგი კი პირიქით, მიმზიდველით.


მას შემდეგ, რაც უამრავ ქვეყანაში სიგარეტის რეკლამა აიკრძალა, თამბაქოს კომპანიები რეკლამირებისთვის სიგარეტის კოლოფებს იყენებენ. მთავრობა კი ცდილობს მოსახლეობა მოწევის მავნებლობაში დაარწმუნოს. მკვლევარები ამბობენ, რომ სიგარეტზე ბეგარის გაზრდა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც დანებებას უწყობს ხელს.

„ბეგარა საუკეთესო გამოსავალია. მწეველები ნაკლებს ეწევიან, მთავრობა კი შემოსავლებს ზრდის.“

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მთავრობებს თამბაქოს პროდუქტებზე ბეგარის გაზრდას სთხოვს და აცხადებს, რომ მაღალი ბეგარა განსაკუთრებით ეფექტური ბერკეტია დაბალ შემოსავლიან ჯგუფებზე და ახალგაზრდა თაობაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გათვლებით, თამბაქოს ღირებულების 10 პროცენტით გაზრდა, მაღალ შემოსავლიან ქვეყნებში მწეველების 4, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი 8 პროცენტით შემცირებას მოიტანს შედეგად.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანი ეწევა და თამბაქო მწეველების ნახევარს კლავს.

ზოგიერთი მწეველი ამბობს, რომ სიგარეტი აკრძალული რომ იყოს, ისინი საერთოდ აღარ მოწევდნენ:

„38 წელია ვეწევი. ძალიან მიჭირს დამოუკიდებლად სიგარეტს თავი დავანებო.“

სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ისე არიან თამბაქოზე დამოკიდებული, რომ ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად, მაინც ეწევიან:

„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ დამოკიდებულებას სიგარეტი იწვევს. გულის სიღრმეში რაღაც მეუბნება, რომ მოწევას თავი უნდა დავანებო. ჩემს ორგანიზმს და გარშემო მყოფ ადამიანებს ამით დიდ ზიანს ვაყენებ.“

ჯოანა კოენი ამბობს, რომ მთავრობამ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ იმ ადამიანებს მეტად დაეხმაროს, რომლებიც მოწევაზე თავის დანებებას ცდილობენ.

„მწეველების 70 პროცენტი ამბობს, რომ სიგარეტზე თავის დანებება სურთ. უნდა შევიმუშაოთ გზები, რომლებიც ამ ადამიანებს მოწევაზე თავის დანებებაში დაეხმარება - მაგალითად, პროდუქტზე ნაკლები ხელმისაწვდომობის დანერგვით, ფასის გაზრდით, ნაკლები რეკლამირებითა და სხვა მსგავსი ნაბიჯებით.“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება განსაკურთებით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. ექსპერტები იმედს იტოვებენ, რომ მოწევის პრევენციის ახალი ნაბიჯების დანერგვა ადამიანებს ამ მავნე ჩვევის დაწყებაზე უარს ათქმევინებს.
XS
SM
MD
LG