ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და კლინტონი ყოველი ხმისთვის იბრძვიან


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და კანდიდატები შტატების მასშტაბით ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად იბრძვიან. დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა 69-ე დაბადების დღე ფლორიდაში კამპანიისას აღნიშნა, რესპუბლიკელმა ტრამპმა კი ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, სასტუმროს გახსნა.

ძველი ფოსტის შენობაში ტრამპის სასტუმროს გახსნას შენობის წინ შეკრებილები აპროტესტებდნენ. დემონსტრაცია ლას-ვეგასის სასტუმროს თანამშრომლების და პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული.

ისტორიულ შენობაში ტრამპი სტუმრებს ეუბნებოდა, რომ ეს სასტუმრო იმის სიმბოლოა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

“ეს პროექტი იმის მაგალითია, თუ რისი მიღწევა შეუძლია გუნდურ მუშაობას, ეს ასევე გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს მთავრობასთან მიზნების მისაღწევად. ჩემი ლოზუნგია ბიუჯეტის ფარგლებში და დაგეგმილზე ადრე მოქმედება. ზუსტად ეს გავაკეთეთ ამ სასტუმროში,“ თქვა ტრამპმა.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა კრიტიკას იმის შესახებ, რომ ის დიდ დროს ატარებს საპრეზიდენტო კამპანიის მიღმა.

“მე ვაშენებ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს. რა უნდა მექნა? არ უნდა მოვსულიყავი? ერთი საათით მივატოვე კამპანია. აქედან პირდაპირ ჩრდილოეთ კაროლინაში მივდივარ, იქედან ფლორიდაში ჩავალ, შემდეგ ნიუ ჰემფშირში. ყველგან ჩავალ,” დასძინა მან.

რეიტინგებში ჰილარი კლინტონთან დასაწევად, ტრამპმა მრავალფეროვანი ჯგუფებისადმი მიმართვები დაიწყო, მათ შორის იყვნენ ამერიკელი-ისრაელელები.

“ჩემი ადმინისტრაცია გვერდში ამოუდგება ებრაელ ხალხს და ისრაელის ლიდერს, რათა გაძლიერდეს კავშირები ამერიკელელ ებრაელებსა და ისრაელელებს შორის,” განაცხადა ტრამპმა.

მისი დემოკრატი მეტოქე აქცენტს ეგრეთწოდებულ “მერყევ” შტატებზე აკეთებს.

“თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ჰკითხეთ ჩემს მეგობარ, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ალ გორს. ფლორიდის ლეიკ უორთს შეუძლია შედეგი შეცვალოს. ფლორიდას შეუძლია შედეგები შეცვალოს. თუკი ხალხი არჩევნებზე მივა, 8 ნოემბერს ჩვენ გამარჯვებას აღვნიშნავთ,” უთხრა ამომრჩევლებს კლინტონმა.

ოჰაიოში გამართულ შეხვედრებზე, სადაც რეიტინგებში ტრამპი ლიდერობს, კლინტონს ქალიშვილი - ჩელსიც ახლდა.

“ჩვენ, დემოკრატებმა, ოჰაიო უნდა გავალურჯოთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ვიცი თქვენი მხარდაჭერით ამას შევძლებთ,” უთხრა მან დედის მხარდამჭერებს.

როგორც ირკვევა, კლინტონი კალიფორნიაში მხარდამჭერების რაოდენობას არ უჩივის. ჰოლივუდის დიდების ხეივანში დონალდ ტრამპის ვარსკვლავი ჩაქუჩით დააზიანეს. ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს, დაზიანებული ვარსკვლავი კი შეკეთებულია.

XS
SM
MD
LG