ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ნიუ-იორკიდან აკვირდებოდნენ. დემოკრატების კანდიდატის მხარდამჭერები ჯავიტსის ცენტრში, ხოლო დონალდ ტრამპის მომხრეები მანჰეტენზე, ჰილტონის სასტუმროში შეიკრიბნენ. ჩვენი ექსკლუზივი ნიუ-იორკიდან. თეა თუაშვილი საარჩევნო შტაბებში არსებულ განწყობაზე მოგვითხრობს.

დონალდ ტრამპს "ნიუ-იორკ ჰილტონის" სასტუმროში მისი მხარდამჭერები, შტაბის წევრები და რესპუბლიკელები, საღამოს რვა საათიდან ელოდნენ. თუმცა ტრამპი მისვლას არ ჩქარობდა. სასტუმროსთან მისასვლელ გზებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული- საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებს სასტუმროში ძაღლებით ნახავდით. მთავარ დარბაზში შესვლამდე კი შემოწმება დეტექტორებით სამ სხვადასხვა ადგილას ხდებოდა.

ტრამპის საარჩევნო აქსესუარებისთვის კუთხეები იყო გამოყოფილი სადაც საარჩევნო ქუდები, მაისურები, მედალიონები და სხვა სუვენირები ელაგა. იქვე მოდელი გოგონები პოზირებდნენ კამერების წინ სახუმარო წარწერით "ქალები ტრამპისთვის". განწყობისთვის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მომხრეებს ალკოჰოლური სასმელებით და ლუდით გაუმასპინძლდა. ჯერალდ ბრაიანტი, ბანკირი უოლ სტრიტიდან ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს რესპუბლიკელებთან ერთად უკვე წლებია ატარებს.

ჯერალდ ბრაიანტი : მე ყოველთვის მივდივარ რესპუბლიკელების გამარჯვების ღამეს და ღონისძიებას ვესწრები. ოთხი წლის წინ ამავე სასტუმროში რომნისთან ვიყავი, თუმცა მან წააგო მაშინ. სიმართლე გითხრა, რომნი უფრო მომწონდა ვიდრე ტრამპი, მაგრამ როგორც ჩანს ამ ღამეს ბედნიერი ვარ ვიყო პოტენციური გაამრჯვებულის წრეში. აი მაკკეინმა მოიგო არიზონა და მიხარია. მე მას დიდი ხანია მხარს ვუჭერ. უბრალოდ ნაწყენი ვარ ტრამპზე რომ მაკკეინი ცოტა ხნის წინ ცუდად მოიხსენია.

მელანი უოტერსი დონალდ ტრამპის შტაბში მუშაობს. ტრამპის მხარდამჭერი საარჩევნო ღამის გასათენებლად სასტუმროში 10 წლის შვილთან ერთად მივიდა.

მელანი უოტერსი: არაჩვეულებრივი შედეგები გვაქვს. მე მგონი რომ გავიმარჯვეთ.

სასტუმრო ჰილტონში ტურისტებს ჩემოდნების შემოწმების შემდეგ უშვებდნენ. თუმცა ცნობისმოყვარენი ფოიეში რჩებოდნენ იმ იმედით, რომ მათთვის საინტერესო ადამიანებს ნახავდნენ. ჯილი სამხრეთ კაროლინის შტატიდან ნიუ-იორკში სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ჩამოვიდა.

ჯილ: ამ სასტუმროში გავჩერდი და ვიცი რომ ტრამპი უნდა მოვიდეს. არჩევნებში მონაწილეობა მივიღე უკვე სამხრეთ კაროლინაში, რადგან ადრეული არჩევნები ჩატარდა. ხმა ჰილარი კლინტონს მივეცი, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თქვა რომ მას კრიმინალი არ ჩაუდენია, ამ გამოძიებას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია.

ჯაკობ ჯავიტსის კონვენციის ცენტრის უზარმაზარი შენობა, რომელიც ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, დღეს ექვსი ქუჩის მანძილზე იყო გადაკეტილი. ჰილარი კლინტონის მომხრეები სწორედ იქ შეიკრიბნენ. ცენტრის ტეროტორიაზე შესვლა მხოლოდ წინასწარი საშვებით იყო შესაძლებელი. კლინტონის მხარდამჭერები ჯავიტსის ცენტრისკენ ამერიკის დროშებით ხელში გვიან ღამითაც კი მიდიოდნენ. მართალია, მათ შიგნით საშვის გარეშე არ უშვებდნენ, თუმცა შესასვლელთან იდგნენ და ტელეფონებში არჩევნების შედეგებს ამოწმებდნენ.

მელისა ჯექსონი: იქ ვერ შევდივართ. შედეგები არ ვიცი. დიდი ხანია ჰილარი კლინტონს ვუჭერ მხარს. მის კამპანიას თანხაც კი შევწირე. მინდა რომ ჰილარიმ გაიმარჯვოს.

მარკ გუდმანი: ეს ფენომენალურია ამ ქვეყნისთვის. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თითქმის 100 წელიწადი, რომ ამხელა გარდატეხა მომხდარიყო და ქალი ყოფილიყო კანდიდატი. ეს პროგრესი რეალურია. მართლა არაჩვეულებრივი და პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის ჰილარის გამარჯვება.

არჩევნების ღამე ნიუ-იორკში საარჩევნო პროცესის მსგავსად დაძაბული და ნერვიული გამოდგა. რვა ნოემბრის არჩევნების დღე ისე დასრულდა კანდიდატები თავიანთ მხარდამჭერებთან არ გამოსულან და განცხადებები არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG