ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი"


მოჰამედ მორსი მთავრობის შემადგენლობაში ქრისტიანის და ქალი შეყვანას აპირებს

ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყო, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარებულ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა.
პრემიერ-მინისტრი ქამალ ალ განზოური ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს თავის მოვალეობას. მუჰამედ მორსი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დადებს ფიცს პარლამენტის მაგივრად, რომელიც აღნიშნული სასამართლოს ბრძანებით დაიშალა.
ეგვიპტის პრეზიდენტმა თავის მომხრეებს საპროტეტსო გამოსვლებისკენ მოუწოდა, სანამ პარლამენტი არ აღადგენს მუშაობას. ისლამისტი პრეზიდენტის მომხრეები თაჰრირის მოედანზე არიან შეკრებილები.
მოედანზე ამჟამად ცოტა ხალხია დარჩენილი და ტრანსპორტის მოძრაობაც ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
მუჰამედ მორსიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი იქნება. მორსი მთავრობის შემადგენლობაში ქრისტიანის და ქალი შეყვანას აპირებს.
ახალი პრეზიდენტის განცხადებით ეგვიპტემ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან და მეზობელ ქვეყნებთან დაბალანსებული ურთიერთობა უნდა დაამყაროს. ეგვიპტე ასევე დაიცავს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს და შეასრულებს წინა მთავრობის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს.
მუჰამედ მორსის განცხადებით ეგვიპტე არ ჩაერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში და არც სხვა ქვეყნებს მისცემს თავის საქმეებში ჩარევის უფლებას.
ბრიტანეთის ექსტერის უნივერსიტეტის პროფესორის ომარ აშურის თქმით ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო არ მისცემს მუჰამედ მორსის იმის საშუალებას, რომ მკვეთრად შეცვალოს საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ისრაელთან და ირანთან მიმართებაში.
მისი თქმით:“ ისრაელთან და ირანთან ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უშიშროების მთავარი საკითხებია, რასაც არმიის ხელმძღვანელობა განსაზღვრავს.“
ომარ აშურის განცხადებით მუჰამედ მორსიმ შესაძლოა გააუმჯობესოს ურთიერთობები პალესტინური „ჰამასის“ ისლამურ მოძრაობასთან, მაგრამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მოერიდება არმიის ხელმძღვანელობასთან აშკარა კონფლიქტზე წასვლას.
XS
SM
MD
LG