ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე პალესტინის და ისრაელის ობიექტივში


„მუსლიმთა საძმოს“ გამარჯვებას ღაზას სექტორში დიდი ზეიმი მოყვა

ეგვიპტეში სამხედროებსა და ისლამისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას ისრაელიდან და პალესტინიდან ყურადღებით აკვირდებიან. როგორია მათი რეაქცია ეგვიპტურ მოვლენებზე, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი არკვევდა.
ეგვიპტეს “მუსლიმთა საძმომ” საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატის მოჰამედ მორსის გამარჯვება გამოაცხადა. მმართველმა სამხედრო საბჭომ კი განაცხადა, რომ ისინი აღიარებენ ამ გამარჯვებას, თუკი პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდება. ამავდროულად, სამხედრო საბჭომ პარლამენტი დაითხოვა და საკანონმდებლო ფუნქცია თავად მოირგო. ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს ისრაელის მთავრობა შეშფოთებით ადევნებს თვალს. თელ-ავივისთვის იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა 33 წლის წინ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება არ დაირღვეს. ეგვიპტესთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ის იმედოვნებს, რომ ეგვიპტეში მოსული ნებისმიერი მთავრობა და ნებისმიერი არჩეული პრეზიდენტი ისრაელთან მშვიდობას შეინარჩუნებს, რადგან ეს არანაკლებ არის ეგვიპტეს ინტერესებში, ვიდრე ისრაელის.
“მუსლიმთა საძმო,” რომელიც აწ უკვე დათხოვნილ პარლამენტში უმრავლესობას ფლობდა, აცხადებდა, რომ პატივს სცემდა მანამდე არსებულ ყველა ხელშეკრულებას. თუმცა, პარტიის ზოგიერთი წევრი ისრაელთან არსებული შეთანხმების რეფერენდუმზე გატანას ითხოვდა.
ისრაელს ხელშეკრულების დარღვევის გარდა ასევე სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთის საკითხიც აშფოთებს. თელ-ავივი ირწმუნება, რომ ეგვიპტეში არეულობის შედეგად ამ მონაკვეთზე ტერორისტული შეტევები, კონტრაბანდა და ტრეფიკინგი გახშირდა.
პალესტინელი ანალიტიკოსი აბდუ ჰადი ამბობს, რომ ისრაელი ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
„ისრაელის მთავრობა ბუნკერში ზის და იქიდან აკვირდება ეგვიპტეს ამბებს. ცდილობს იქ შეღწევას და უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. ასევე ამუშავებს სხვადასხვა სცენარებს არა მხოლოდ დღეისთვის, არამედ სამომავლოდ ხუთი წლის პერსპექტივით“
ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ გამარჯვებას ღაზას სექტორში დიდი ზეიმი მოყვა. როგორც ცნობილია, ღაზას ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ აკონტროლებს.
ჰამასის ლიდერი ისმაილ რადვანი ამბობს, რომ გასულ წელს ეგვიპტეში სახალხო ამბოხების შემდეგ მათთან ურთიერთობა გაუმჯობესდა.
ჰამასი იმედოვნებს, რომ ეგვიპტეს ახალი ხელმძღვანელობა რაფას გადასასვლელს გახსნის, რაც პალესტინასთან ურთიერთობას და ლეგალურ ვაჭრობას შეუწყობს ხელს.
ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს განსხვავებულად აფასებს პალესტინის მეორე ტერიტორიაზე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოქმედი მოძრაობა ფათხის ხელისუფლება. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდა ეგვიპტეს განდევნილ პრეზიდენტთან ჰოსნი მუბარაქთან, იმ დროს, როდესაც მუბარაქი ჰამასს არ განიხილავდა პარტნიორად. ღაზაში მოქმედი ფათხის დაჯგუფების ლიდერი დიაბ ელ ლუ ფიქრობს, რომ ეგვიპტეს ახალი ხელისუფლება ჰამასის პოლიტიკის მოქნილობას შეუწყობს ხელს და შეარბილებს ისრაელთან ურთიერთობას, ასევე ხელს შეუწყობს ფათხთან შერიგების შეთანხმების გაფორმებას.
ჰამასის ერთერთი ლიდერი მაჰმუდ ზაჰარი, აცხადებს, რომ ეგვიპტეში ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლა პალესტინური დაჯგუფებების მიმართ ქაიროს პოლიტიკას დააბალანსებს.
„მისი თქმით, ახალი ხელისუფლება არ იქნება მუბარაქის რეჟიმის მსგავსი, რომლის დროსაც პალესტინელებისთვის საზღვრის ყველა მონაკვეთი იყო ჩაკეტილი. “
ანალიტიკოსი აბდულ ჰადი ამბობს, რომ ეგვიპტეს პოლიტიკაში ქაოსის პერიოდია.
„ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით. წინ გაურკვევლობის პერიოდი გველის,“ - ამბობს აბდულ ჰადი.
თუმცა, ანაალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ის ისრაელთანაც და პალესტინასთანაც დაბალანსებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG