ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობის გამოხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე


ეს ტექსტი გამოხატავს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას


სარედაქციო კომენტარი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს მთავრობის ხედვას გამოხატავს.

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, 44 წლის ფილოსოფოსის და უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციაზე მან დაიფიცა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააქტიურებს და ნატოსთან დაახლოების მიზნით არსებული ვალდებულების შესრულებას შეუწყობს ხელს.

ინაუგურაციის დროს გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებს დაიცავს.

გიორგი მარგველაშვილი: როგორც პრეზიდენტი მე თქვენს სამსახურში ვიდგები. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვის გარანტი ვიქნები. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა - ეს არის მშვიდობიანი, გაერთიანებული, დემოკრატიული და განვითარებული საქართველო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა. მან აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა საქართველოში პირველად მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით განხორციელდა.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, „ რომ ინაუგურაციის დღე ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული პოლიტიკური ფიგურის თავდადების შედეგია, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის, რომლებმაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც ამ ორმა ლიდერმა მიაღწა შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში და მოუთმენლად ველოდებით ერთობლივ მუშაობას მათ შემცვლელებთან, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ის თანამშრომლობა, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე ოცი წელია გრძელდება.“

საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საკითხში, მათ შორის, საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალის როლის გააქტიურებასთან დაკავშირებით. წარმატებებს აღწევს ევრო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების მიზნით ვალდებულებების შესრულების გზაზე. შეერთებული შტატები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს ითანამშრომლონ სამოქალაქო ინსტიტუტებთან, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიონ.
XS
SM
MD
LG