ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დუნია მიატოვიჩი უკრაინელი ჟურნალისტის მკვლელობას ეხმაურება


დუნია მიატოვიჩი

დუნია მიატოვიჩი

მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობას „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, სამწუხაროა „უკრაინსკა პრავდას“ ამ ნიჭიერი, აღიარებული ჟურნალისტის ტრაგიკული სიკვდილი კიევში. მიატოვიჩი ამბობს, რომ პირადად არა, მაგრამ ამ საგამოძიებო ჟურნალისტის მოღვაწეობას კარგად იცნობდა უკრაინაში, ბელორუსსა და რუსეთში. მისი განცხადებით, კიდევ უფრო სიმბოლურია ის, რომ ეს ტრაგედია შეეხო ასევე ცნობილი და წარსულში ტრაგიკულად მოკლული უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მიერ დაარსებულ გაზეთს. „ადამიანის უფლებები, კრიზისების დროსაც კი, აუცილებლად უნდა იყოს დაცული“-თქვა მან და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. მიატოვიჩმა დასძინა, რომ მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას და პირობას, რომ დანაშაულის ორგანიზატორები დაისჯებიან, თუმცა გამოთქვა რწმენა, რომ ეს სავალალო ფაქტი იქნება კარგი შეხსენება იმისა, რომ ჟურნალისტებს სახიფათო დროში უწევთ ცხოვრება.

მიატოვიჩმა ჟურნალისტებს მეტი სიფრთხილისკენ, მთავრობებს კი მან ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

უკრაინის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოს “უკრაინსკა პრავდას” ჟურნალისტის პაველ შერემეტის მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის სამსახურში წასასვლელად მანქანაში ჩაჯდა. შერემეტი 44 წლის იყო.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მეთაურმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. დღესვე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ გამოძიებას დაეხმარება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG