ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახდება თუ არა დრონების პროგრამა მაქსიმალურად უსაფრთხო?


ობამას ადმინისტრაციის ცნობით, 115 სამოქალაქო პირი დაიღუპა ამერიკის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული ანტი-ტერორისტული იერიშებისას ლიბიაში, იემენში, სომალიში და პაკისტანში. თეთრმა სახლმა გასაიდუმლოებულ პროგრამაზე ინფორმაცია პარასკევს გაავრცელა, მაღალჩინოსნების თქმით, მთავრობა მსგავსი ოპერაციების გამჭვირვალობაზე იმუშავებს.

“პრეზიდენტს სჯერა, რომ ჩვენი კოტრ-ტერორიზმის სტრატეგია უფრო ეფექტური და სანდოა, როცა ჩვენ შეძლებისდაგვარად გამჭვირვალენი ვართ,” განაცხადა ჯოშ ერნესტმა, თეთრი სახლის სპიკერმა.

ეროვნული უშიშროების დირექტორის ცნობით, პაკისტანში, სომალიში, ლიბიასა და იემენში დაახლოებით 500 საჰაერო შეტევა განხორციელდა.

ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, დრონების პროგრამა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთ უძლიერეს მეთოდად იქცა. პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, პროგრამა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს და სამოქალაქო მსხვერპლი მაქსიმალურად უნდა შეამციროს.

“პრეზიდენტს სწამს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას ასახავს, რაც სამოქალაქო მსხვერპლის შემცირებას და ეროვნული უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს,” ამბობს ერნესტი.

ადამიანის უფლებათა დამცველების მონაცემებით სამოქალაქო მსხვერპლი ოფიციალურ მონაცემზე მაღალია. აქტივისტებს ბევრი უპასუხო კითხვა აქვთ.

რიტა სემიონი, HUMAN RIGHTS FIRST-დან, ამბობს, რომ კონტრ-ტერორიზმს და ომს განსხვავებული წესები აქვთ და რთულად განსასაზღვრია რომელ შემთხვევაში რა წესებით მოქმედებენ: “არის განსხვავება იმაში, თუ ლეტალურ იარაღს პირველივე ჯერზე იყენებ, ანდა უკანასკნელ ნაბიჯად ინახავ.”

ექსპერტები უახლოეს მომავალში გამოსავალს ვერ ხედავენ.

“ვფიქრობ, აუცილებელია შედგეს დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესს, ამერიკელ ხალხს და მოკავშირეებს შორის და შეთანხმდნენ, თუ როგორ შეიქმნას დაბალანსებული ინსტიტუტები, რომლებიც ამერიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ,” ამბობს ჯონ ჰანა, დემოკრატიების თავდაცვის ფონდიდან.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკა სენსიტიურ ინფორმაციას უნდა გაუფრთხილდეს, მით უფრო, თუ საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

XS
SM
MD
LG