ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მოდის იმპერიის ქართველი არტ-დირექტორი


დიმა ჩხეიძე მოდელების გარემოცვაში

დიმა ჩხეიძე მოდელების გარემოცვაში

ნიუ-იორკი-მოდის მექა, თავის მკაცრი და დაუნდობელი კანონებით, სადაც შეღწევა და ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია. ეს გზა მარტივად, სულ რაღაც ორ წელიწადში იმიგრანტმა საქართველოდან დიმიტრი ჩხეიძემ გაირა. ის პროფესიით თერაპევტია, თუმცა მთელი თავის ცხოვრება მოდის სამყაროს დაუკავშირა.

ნიუ-იორკი, როგორც დიდი ქალაქი, სადაც ოცნებების ასასრულებლად ჩასულ უცხოელ იმიგრანტს მალე ჩაყლაპავდა - ევროპაში 24 წლის განმავლობაში მცხოვრები დიმიტრი ჩხეიძისთვის ძალიან მალე დაპატარავდა. ლედი გაგას პირადი დიზაინერი, ბრენდან მაქსველი და მისი ძმა ბენ მაქსველი, კალვინ კლაინი, სინდი კროუფორდი, არიანა გრანდე, ტარიკ ლეიკჰალი, ვინსენტ დე პოლი, ჯასტინ ჯედლიკა, ოსკარის მფლობელი მსახიობი კუბა გუდინგი, ცნობილი მოდელები, დიზაინერები - ასეთია დიმიტრი ჩხეიძის წრე ნიუ-იორკში ცხოვრების ორი წლისთავზე.

დიმიტრი ჩხეიძე: აქ რაღაცნაირად ისე უცბად "გავბაზრდი", ასე ვთქვათ, თუ ასე უცბად გავარდა ჩემზე ხმა, რომ მე თვითონ მიკვრის დღესაც. იმიტომ რომ დღეს მე ვარ ნიუ-იორკის ოთხი წამყვანი მოდის კვირეულის არტ-დირექტორი, სცენის მენეჯერი და ქასთინგის მენეჯერი. ყველა წამყვან სამოდელი ღონისძიებაზე კარები ღიაა ჩემთვის და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიხარია. ფულიც წამოვიდა, თორემ პირველი წელი და რამდენიმე თვე მე საკმაოდ გამიჭირდა.

ყველაფერი ერთმა შეხვედრამ გადაწყვიტა. ნიუ-იორკში გამართულ "Couture Fashion Week"-ზე საკუთარი კოლექცია ქართველმა დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა წარმოადგინა, სადაც დიმიტრი ჩხეიძეც იყო მიწვეული. ამ ჩვენებაზე მან "Couture Fashion Week"- ის დამფუძნებელი ანდრეს აკინო გაიცნო და საკუთარი ბიოგრაფია მოუყვა. ეს იყო 23 წლიანი ემიგრაცია მილანში, პარიზში, ბრუსელში, თურქეთში, გერმანიაში FASHION-TV-ის დამფუძნებლის მიშელ ადამსის ექვს-თვიანი კლასები, პოდიუმის ორგანიზება და ყველა იმ საკითხის შესწავლა, რომელიც მოდის კვირეულების ჩატარებისთვის არის საჭირო. იმ პერიოდში უკვე მუშაობდა "New York Fashion LiVe-Tv"-ში, რომელიც მისმა ძველმა მეგობარმა ლადო ჯორჯიანიმ და მისმა მეუღლემ დაარსეს. მათთან თანამშრომლობით საქართველოში გამოვიდა ინგლისურენოვანი ჟურნალი "Georgian Fashion Life". ანდრეს აკინომ ამერიკაში მუშაობის უფლების არ-მქონე ემიგრანტს მოდის სფეროში გამოცდილებით, შანსი მისცა. დიმიტრი ჩხეიძის მოვალეობაში თავიდან ჩვენებებზე დიზაინერების მოწვევა იყო. ახლა უკვე მეორე წელია ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბრენდონ მაქსველის და კალვინ კლაინის ჩვენებების არტ-დირექტორია. ასევე არის "Style Fashion Week"-ის არტ დირექტორი, "Couture Fashion Week"-ის სცენის მენეჯერი და მონაწილეობას მიიღებს "World Fashion Parade"-ის ორგანიზებაშიც. ლედი გაგა პირადად გასული წლის შემოდგომაზე ჩვენების დროს გაიცნო, სადაც მასთან მოულოდნელი შეხვედრაც ჰქონდა.

დიმიტრი ჩხეიძე: ბექსთეიჯიდან გავდიოდი და ბექსთეიჯისკენ შედიოდა ლედი გაგა და ამ დროს დამინახა თუ არა, არ ვიცი რა მოხდა, ხელები გაშალა, წამოვიდა და მაკოცა. მაკოცა და მეც ვაკოცე. მაკოცა ყელში, მეც ყელში ვაკოცე. კაი ხანი ასე ვიყავით ჩახუტებული და ვსუნთქავდი მის კანს, რაღაც ძალიან სექსუალური მომენტი გვქონდა. მერე ლედი გაგას მენეჯერებმა დაგვაცილეს. მახსოვს ბევრი კამერა იყო და ყველა გვიღებდა. დამესიენ ჟურნალისტები - საიდან იცნობთ გაგას, და ასე შემდეგ. მე არ ვაძლევდი ინტერვიუს, არ მინდოდა შარი. მერე მახსოვს მენეჯერებმა დაიარეს და მათ კამერები წაართვეს, ფოტოები წაშალეს.

ამ შემთხვევას გაგას ნიუ-იორკის პენტ-ჰაუსში დახურულ წვეულებაზე მიპატიჟება მოყვა, სადაც პოპ-ვარსკვლავის ყველაზე ახლო მეგობრები იყვნენ მიწვეული.

დიმიტრი ჩხეიძე: საქართველო რომ გაიგო, გაგამ არ იცოდა, ატლანტის ჯორჯია ეგონა. არა, რა ატლანტა-მე ვუთხარი "This is a small country, Republic of Georgia". მერე მიხვდა, მაგრამ მკითხა-რუსეთს ეკუთვნითო? მე ვუთხარი-არანაირად ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ძალიან განსხვავებული რუსეთისგან.

ნიუ-იორკის ცხელი ზაფხული გრილი შემოდგომისთვის და მოდის სფეროში მთავარი მოვლენისთვის უკვე ემზადება. წლევანდელ კვირეულში ახალი სახე მოდელი-სტეფანო სუარესი გამოჩნდება, რომლის კარიერისთვის დიმიტრი ჩხეიძე ისევე იზრუნებს, როგორც სხვა ქართველი მოდელებისთვის უკვე იზრუნა.

სტეფანო სუარესი: ამერიკა დიდებული ქვეყანაა იმისთვის, რომ აქ კარიერა და დიდი მომავალი შეიქმნა. ამის იმედი მაქვს და ამიტომ ჩამოვედი.

კარიერა და დიდი მომავალი -ამ ორი მოტივაციით ამ ქვეყანაში ჩამოსული ადამიანების მხოლოდ ძალიან პატარა პროცენტს უმართლებს ძალიან მალე. ზოგი ოცნების ასასრულებლად წლები იბრძვის და მაინც არაფერი გამოდის. ორი წლის წინ დიმიტრი ჩხეიძემ იცოდა, რაც უნდოდა. დღეს კი იცის რა იქნება ათი წლის შემდეგ.

დიმიტრი ჩხეიძე: ათი წლის შემდეგ მე ალბათ ვიქნები ისევ აქ, ოღონდ ვიქნები მილიონერი. ნეტა ათი წლის წინ ჩამოვსულიყავი. მე ვარ პოტენციური მილიონერი, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი კაპიტალი უნდა მქონდეს ათ წელიწადში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG