ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გავლენა ექნება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე? როგორი იქნება მისი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპაში და შეცვლის თუ არა პრეზიდენტის ცვლილება ქვეყნის ურთიერთობას რუსეთთან?

თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ობამას საგარეო პოლიტიკაზე წიგნის ავტორი დერეკ შოლე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ პრაგმატული მიდგომა ჰქონდა, რაც შეიძლება სერიოზულად შეიცვალოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„არავინ ელოდა, რომ საარჩევნოდ რუსეთზე მსგავსი დებატები გაიმართებოდა. რესპუბლიკელების მხარეს ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც რუსეთთან აქამდე წარმოუდგენელ ურთიერთობებზე საუბრობს. მის შეხედულებებს საერთაშორისო პოლიტიკის რესპუბლიკელი სპეციალისტების უმეტესობა არ ეთანხმება," ამბობს შოლე.

შოლეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტად დემოკრატი ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში ამერიკა მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას შეინარჩუნებს.

"რაც შეეხება ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მას პრეზიდენტ პუტინზე ილუზიები არ აქვს. მას წლების განმავლობაში უმუშავია ამ საკითხზე. ის რუსეთის მიმართ მკაცრი იყო, ვლადიმირ პუტინი მას მოსკოვში 2011 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების ორგანიზებაშიც კი ადანაშაულებს. კლინტონის არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება ნატოსთან და ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა. თუ პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, საგანგაშო რამდენიმე მიზეზია, როგორიცაა ამერიკის როლი მსოფლიოში, ურთიერთობა რუსეთთან ან თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან.“

ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშოსო პოლიტიკის პროფესორ იჯეიმს გოლდიერი მიიჩნევს, რომ ახლო წარსულში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა, მისი აზრით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მეტი სიცხადეა საჭირო.

„ამ რეგიონის დიდი ნაწილი ნატოსა და ევროპის კავშირში ინტეგრირდა. ამან ამ ქვეყნებს მოუტანა უსაფრთხოება, რომელიც ისტორიულად არ ჰქონდათ. პრობლემად რჩება არა ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ალიანსს მიღმა დარჩნენ, განსაკუთრებით ეს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ეხება. ჩვენ ნაწილობრივ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და ევროპა მშვიდობიანი და თავისუფალია, თუმცა ნაწილობრივ და არა მთლიანად," ამბობს გოლდიერი.

მისივე თქმით, ამერიკას რეგიონთან მიმართებით კარგი სტრატეგია არ აქვს:

"არ ვიცით რა გავაკეთოთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მისწრაფებებისთვის იყვნენ რუსეთისგან დამოუკიდებლები. ამერიკის საგარეო პოლიტიკას ეს სტრატეგია აკლია და პუტინი ამას სათავისოდ იყენებს.“

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ორივე ანალიტიკოსი ხაზს უსვამს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას. ისინი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებამდე არარეალისტურია იმაზე საუბარი თუ როგორი იქნება ამერიკის სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპაში ან რა ფორმატში ითანამშრომლებს მომდევნო ადმინისტრაცია რუსეთთან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG