ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო გეგმა


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

შეერთებულმა შტატებმა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დემოკრატიული გზით სირიაში ძალაუფლების გადაცემის გეგმა შეიმუშავა.

ეს გეგმა, პირველ ყოვლისა, ძალადობის შეჩერებას ისახავს მიზნად, რასაც 2011 წლის მარტის შემდეგ დაახლოებით 15,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გეგმის მიხედვით, ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ასადის წასვლის შემდეგ ეროვნული ერთიანობის მთავრობა უნდა შეიქმნას.

დემოკრატიული სირიის ჩამოყალიბება კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს დამყარებული. უნდა შეიქმნას გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელიც ახალ კონსტიტუციას შეიმუშავებს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ვაშინგტონი ამ გეგმას სირიის მეგობარ სახელმწიფოებს გააცნობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მაშინ როდესაც პრეზიდენტ ასადის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინაღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია გააგრძელოს ზეწოლა სირიის ხელისუფლებაზე ძალადობის შეწყვეტის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

ქალბატონი კლინტონი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, სირიის მმართველი რეჟიმი და ოპოზიცია დაარწმუნონ კოფი ანანის გეგმის მხარდაჭერის აუცილებლობაში. მისი თქმით, ის ქვეყნები, რომლებსაც სირიის მთავრობაზე გარკვეული გავლენა გააჩნიათ, ვალდებულნი არიან დაარწმუნონ ბაშარ ალ-ასადი შეწყვიტოს ძალადობა და დაემორჩილოს კოფი ანანის გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, გაეროს უშიშროების საბჭოში კიდევ ერთხელ დააყენებენ რეზოლუციას, რომელიც ბატონი ანანის ექვს პუნქტიანი გეგმის შესაბამისად იქნება შემუშავებული. ამ გეგმის მიხედვით სირიის სამთავრობო ჯარებმა უნდა შეწყვიტონ სადამსჯელო ოპერაციები და დატოვონ აჯანყებული რაიონების ტერიტორია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, გაიზრდება დევნილთა რიცხვი და დესტაბილიზაციის საშიშროება მეზობელ სახელმწიფოებს დაემუქრება.

სირიელი ხალხი შეერთებული შტატების მხარდაჭერას იმსახურებს. ვაშინგტონი ყველანაირ დიპლომატიურ საშუალებას გამოიყენებს კრიზისის მოგვარების მიზნით - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG