ბმულები ხელმისაწვდომობისთვის


როდესაც სკანდალურმა ვებგვერდმა “ვიკილიქსმა” შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონული მიმოწერა გამოაქვეყნა, შედეგმა არ დააყოვნა: კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი დები შულცი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. “ამერიკის ხმასთან” საუბარში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ანალიტიკოსი რიჩარდ ფორნო ამბობს, რომ გასულ თვეში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უცხოელი ჰაკერების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად თანდათან უფრო ინტენსიურად ხდება.

რიჩარდ ფორნო, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
“სახელმწიფოთა საარჩევნო პროცესებში, თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა დაზვერვის მუშაობის და საგარეო პოლიტიკის წარმართვის კლასიკური მეთოდია... იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიების განვითარების შედეგად ხმის მიცემის ელექტრონულ მეთოდზე გადასვლისკენ მივდივართ, ტრადიციული საფრთხეები მაინც თან მოგვყვება და თავს არც კიბერსივრცეში გვანებებს” - ამბობს ის.

ხმის მიცემის ელექტრონული დანადგარებიც ხომ ამ კიბერსივრცის ნაწილია. ამერიკის შტატების უდიდესი ნაწილი მათ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენებს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 43 შტატში ეს მოწყობილობები ძალიან მოძველებულია და სულ ცოტა ათ წელიწადზე მეტი ხნისაა.

რამდენად არიან ისინი დაცული კიბერთავდასხმისგან? ლას-ვეგასში მიმდინარე კონფერენციის მონაწილე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები თვლიან, რომ დანადგარების უსაფრთხოება კრიტიკას ვერ უძლებს. ტონი გიდვანი ერთ-ერთ პრეცედენტს ასახელებს:

ტონი გიდვანი, THREATCONNECT
“ჩვენ 2014 წელს უკრაინაშიც დავრწმუნდით ამაში:არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტზე ჰაკერების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. იერიში იმდენად სერიოზული იყო, რომ ხმის მიცემის პროცესის გეგმის მიხედვით წარმართვა ეჭვქვეშ დადგა. პრობლემის მოგვარება უშუალოდ შედეგების გამოცხადების წინ მოხერხდა, რამაც სრულიად განსხვავებული მონაცემები აჩვენა”.

არჩევნებზე ხმის მიცემისთვის მოქმედი ამერიკული დანადგარების ნაწილს შედეგების ქაღალდზე გადატანის უნარი გააჩნია, რაც პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ხმების დათვლის პროცესს დაეხმარება. მაგრამ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები თვლიან, რომ ეს გამოსავალი არ არის და ინფრასტრუქტურის დაცვის უფრო საიმედო მეთოდების ძებნაა საჭირო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG