ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო წარმატების ისტორიაა“ -არიელ კოენი


სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის CSIS ფოტო

სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის CSIS ფოტო

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების შესახებ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის თანამშრომლები სწავლობდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების როლს ევრაზიის განახლებულ კავშირებში. კერძოდ - ამ ქვეყნების ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებს. რეგიონის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, მკვლევარებმა შეადგინეს რეკომენდაციები, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

11 ოქტომბერს გამართული ღონისძიება მიჰყავდა ცენტრის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის დირექტორს ოლგა ოლიკერს. მომხსენებლებს შორის იყვნენ: არიელ კოენი (ატლანტიკური საბჭო), კენეტ იალოვიცი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი), ჯეფრი მანკოვი (სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრი) და ენდრიუ კუჩინსი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი).

გამომსვლელებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ დიდი ქვეყნებით გარშემორტყმულ ამ მცირე ზომის სახელმწიფოებში მართალია, ჯერ კიდევ არის გაყინული კონფლიქტებით გამოწვეული დანაწევრება, ე.წ. გეოპოლიტიკური ფრაგმენტაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი დიდ როლს თამაშობენ რეგიონული და ტრანს-კონტინენტური ინტეგრაციის საქმეში.

სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კავშირები ლიმიტირებულია როგორც შიდა კონფლიქტებით (სომხეთ-აზერბაიჯანი), ასევე გარე დაძაბულობით (საქართველო-რუსეთი) - ამბობს ჯეფრი მანკოვი. სანაცვლოდ, გაჩნდა საგანგებო პარტნიორობის ისეთი სახეები, როგორიცაა აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის დამყარებული ერთობა. მანკოვის თქმით, თავიდან ეს შეთანხმება უფრო ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ინტერესებით იყო ნაკარნახევი, მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკური და უსაფრთხოების დარგში პარტნიორობაში გადაიზარდა. ასევე განმტკიცდა ურთიერთობები სომხეთს და რუსეთს შორის, ირანთან ერთად. ჯეფრი მანკოვი ამ ორ შეთანხმებას აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით გაჩენილ ახალ კავშირებს უწოდებს.

სწორედ ჯეფრი მანკოვმა წარუდგინა ანგარიში ცენტრის სტუმრებს და განმარტა, რომ ეს არის გაცილებით უფრო ვრცელი ნაშრომის ნაწილი, რომელსაც არაფორმალურად ჰქვია „ევრაზია შიგნიდან გარეთ“. მისი შექმნის მიზანი იყო ერთგვარი გზამკვლევის შემუშავება, რომელიც „ვაშინგტონის პოლიტიკოსებს და ზოგადად ამერიკის, თუ დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებს შეუქმნის აზრს რეგიონის მთავარ საგარეო, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, უშუალოდ ამ ქვეყნების პერსპექტივიდან გამომდინარე“. კონკრეტულად საქართველოს შესახებ სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის ანგარიშის ავტორები არიან ცენტრის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის თანამშრომლები: ენდრიუ კუჩინსი, ჯეფრი მანკოვი და ოლივერ ბეიქსი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ანგარიში ვაშინგტონის პოლიტიკოსებს ურჩევს რაც შეიძლება მეტად გააღრმავონ ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანასთან. „მართალია, შეერთებული შტატები შორს არის, მაგრამ ამის მიუხედავად, რეგიონის ყველა სახელმწიფო და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ადგილზე, ანგარიშზე მუშაობის პერიოდში გავესაუბრეთ, ამერიკის რეგიონულ ჩართულობასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს გამოხატავდა“. იმის მიუხედავად, რომ ერთგვარი ბალანსის დაცვა აუცილებელია, ამბობს ჯეფრი მანკოვი, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამერიკისთვის „საქართველო, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გათვალისწინებით და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციის ერთგულებით, ცალკე პრიორიტეტად უნდა იყოს დასახული“.

კენეტ იალოვიცმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში კონფლიქტის რეზოლუციის პროგრამის დირექტორმა, რომელიც წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად მსახურობდა საქართველოში, აღნიშნა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ამერიკის ინტერესმა ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი, ობამას ადმინისტრაციის პერიოდში იკლო. ამ ფაქტს ყოფილი დიპლომატი სირიაში და ირანში განვითარებული მოვლენებით ხსნის. ანგარიშთან დაკავშირებით კი მან თქვა, რომ არასაკმარისად არის ყურადღება გამახვილებული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე რუსეთთან და ამ კონკრეტული რეგიონის, ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებზე, რომელიც ჯერ ისევ ძალიან აქტუალურია.

„მინდა დავსვა კითხვა, რომელიც ყოველთვის მაფიქრებს: საერთოდ არის კი სამხრეთ კავკასია ერთიანი რეგიონი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ძირეული განსხვავებებია ამ სამ ქვეყანას შორის“? იკითხა კენეტ იალოვიცმა და იქვე განაცხადა, რომ ამ განსხვავებების დაძლევის შესაძლებლობა რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს. ამის უნარი შესაძლოა მხოლოდ საქართველოს შესწევდეს. შესაბამისად, „ვისურვებდი, რომ საქართველომ გაცილებით ძლიერი როლი ითამაშოს და რეგიონში უფრო მაღალი დონის დიპლომატიური მისია იკისროს“ - თქვა მან.

კენეტ იალოვიცი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო, რომელშიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ყოფილი დიპლომატის აზრით, საქართველოსთვის ეს არის „ეკონომიკური რეფორმების, წინსვლის, საგარეო პოლიტიკაში დასავლეთის ტრაექტორიით დაწინაურების ახალი მანდატი“.

საქართველოში ჩატარებულ კიდევ ერთ, 2012 წლის შემდეგ უკვე „მეორე დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებზე“ და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად ისაუბრა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა. მან კიდევ ერთ ანგარიშზე მიუთითა, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბოლო 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდა და რომლის დასკვნაშიც ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციებია მოცემული.

არიელ კოენი აცხადებს, რომ ამერიკის შემდეგმა მთავრობამ, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, სასურველია, რომ გაითვალისწინოს მათი რჩევები. კერძოდ: გაგრძელდეს მუშაობა საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების მიმართულებით, მეტად შეეწყოს ხელი აკადემიურ გაცვლებს, კანონმდებელთა ვიზიტებს და წახალისდეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი. აუცილებელია საქართველოში, მის ეკონომიკაში, არასამთავრობო სტრუქტურებში, ჟურნალისტიკაში, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მაქსიმალური წახალისება. „ჩემს წიგნში ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში საქართველო წარმატების ისტორიაა. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებივით დასავლური ქვეყანა ჯერ არ არის, მაგრამ მთელი ათასწლეულის მანძილზე ის აღმოსავლეთის ქრისტიანობის ბურჯი იყო... ჩვენ ინტერესიც გვაქვს და მორალური ვალდებულებაც საქართველოს მიმართ, რომლის აღსრულება შემდეგი ადმინისტრაციის ხელში იქნება“ - თქვა არიელ კოენმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG