ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 მილიონამდე ყირიმელს კრემლი უკეთეს ცხოვრებას, გაზრდილ პენსიებს და ტურიზმის აყვავებას პირდებოდა. რუსეთის ანექსიიდან 2 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ მდგომარეობა ყირიმში არათუ არ გამოკეთდა, არამედ გაუარესდა კიდეც. ადგილობრივი მოსახლეობა სააგენტო “როიტერის” ჟურნალისტებთან ჩივის, რომ ფასებმა იმატა, პენსიების და ხელფასების სტაგნაცია მოხდა, ტურისტები კი მთებით გარშემორტყმულ, მზიან სანაპიროებს გაურბიან.

შევუერთდით თუ არა რუსეთს, მათ საერთოდ აღარ ვაინტერესებთ - ამბობს ქალაქ არმიანსკის მცხოვრები ევგენი. “ადამიანები გულუბრყვილოები არიან. ეგონათ, რუსეთის ნაწილი თუ გავხდებოდით, ყველაფერი რუსეთის მსგავსად გვექნებოდა. ფასები გაიზარდა და რუსეთის დონეზე ავიდა, მაგრამ ხელფასები ისეთივე დარჩა, როგორიც აქამდე გვქონდა. მთავარი პრობლემა ამაშია- ამბობს ტიტანის საწარმოს მუშა. სამსახურიდან დათხოვნის შიშით, ის, როგორც ბევრი სხვა რესპონდენტი, გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.

20 ათასი ადამიანით დასახლებული არმიანსკი რუსეთის მახლობლად, ყირიმის ახლადდადგენილ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის აყვავებული და მდიდარი არასოდეს ყოფილა. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ტიტანის საწარმოში მუშაობს, ყოველ დილით დგება და ერთნაირ მწვანე ავტობუსში ჯდება, რომელსაც ისინი ჯერ სამსახურამდე და შემდეგ უკან, შინისკენ დაჰყავს.

არმიანსკელები ამბობენ, რომ უკრაინის კონტროლის ქვეშ პროდუქტი და მომსახურება გაცილებით ხელმისაწვდომი იყო და ხანდახან თავს ახალი შენაძენის უფლებასაც აძლევდნენ. ახლა მხოლოდ საკვები პროდუქტის ყიდვას თუ ვახერხებ. ტანსაცმლის შეძენა გაჭირდა - ჩივის პაველი. ის ტექნიკოსია და ამბობს, რომ მისი თვიური ხელფასი 17 ათასი რუბლია, დაახლოებით 265 დოლარი. ეს რუსული საშუალო ხელფასის დაახლოებით ნახევარია, რაც უკრაინის პირობებში მისთვის საკმარისი იყო, რადგან მაშინ ფასებიც დაბალი იყო. იგივეს ამბობს საწარმოს სამი სხვა თანამშრომელიც. შოკში ვარ. ჩემი ხელფასი გაყინულია, ფასები კი თანდათან იზრდება - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. თვიური ხელფასი თანამშრომლების თქმით, 10 ათასიდან იწყება და 21 ათასამდე ადის.

ყირიმის ტიტანის საწარმოს მენეჯერები და პრეს-სპიკერი, თხოვნის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მოსკოვი დღესაც აცხადებს, რომ ის ცდილობს ყირიმი სამხრეთ რუსეთთან უფრო მჭიდროდ დააკავშიროს და იქიდან მომარაგების ახალი ხაზი გახსნას, რაც სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებს დააგდებს. თუმცა, პირველი ტვირთი, ამ გეგმის წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც კი, იქ სულ ცოტა, 2018 წლამდე ვერ ჩააღწევს.

მოსკოვმა არმიანსკი იმ 300 ქალაქის სიაში ჩასვა, რომელთაც ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციები დასჭირდება. მაგრამ ყირიმის ეკონომიკის სამინისტრო სააგენტო “როიტერთან” საუბარში აღიარებს, რომ ქალაქში ჯერ არცერთი პროექტი არ დაწყებულა.

კრემლი 2 წლის წინ აცხადებდა, რომ ყირიმელებს პენსიებს გაუზრდიდა და მასწავლებლებს, ექიმებს და საჯარო მოხელებს კი ხელფასებს მოუმატებდა. ამას გარდა, მოსკოვი 2020 წლამდე ყირიმში 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას გეგმავდა. ამ დაპირებებიდან არმიანსკელებისთვის არცერთი არ შეუსრულებიათ. სანაცვლოდ, რუბლი თითქმის ნახევრამდე გაუფასურდა და როცა მაისში რუსეთის პრემიერ-მინისტრს დმიტრი მედვედევს ყირიმელმა ხანში შესულმა ქალმა პენსიასთან დაკავშირებული დანაპირები გაახსენა, მედვედევი ვიდეოკამერების წინ გამოტყდა: ელემენტარულად ფული არ გვაქვსგაუძელით”.

ცარიზმის დრო იქნებოდა, თუ თუნდაც საბჭოთა პერიოდი, ყირიმი ზაფხულის დამსვენებლებისთვის პოპულარული ტურისტულ ადგილად რჩებოდა. დღეს იალტის სანაპიროები და რესტორნები უფრო ცარიელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რუსეთმა ვერც ტურიზმის აყვავების დანაპირები შეასრულა.

უკრაინის შემადგენლობაში რომ ვიყავით, გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოდიოდა, ხალხმრავლობაში გზას ძლივს ვიკვლევდით - ყვება თითქმის ცარიელი რესტორნის მიმტანი, რომელიც ერთ დროს პუპულარულ საკურორტო ქალაქ ევპატორიის რესტორან “ევროპაში” მუშაობს. იგივეს იმეორებს მეორე მიმტანი ნატალია. მისი თქმით, მომხმარებელი გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ცოტას უკვეთავს და მომსახურების საფასურსაც ნაკლებს ტოვებს. მაღალი ფასებია. ხალხი რუსეთიდან ჩამოდის და ყირიმის სიძვირით შოკში ვარდება. მაღალი ფასებით ჩვენ თითონაც შოკში ვართ - ამბობს ის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG