ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში 30-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ვაშინგტონის გარეუბანში 30-ზე მეტი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეშტონ კარტერი შეეცდება ენდრიუს ბაზაზე გამართული შეხვედრა ერაყში და სირიაში საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად გამოიყენოს. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმ ფონზე, როცა ერაყის სამთავრობო ძალები ქვეყნის უდიდესი ქალაქის მოსულის დაბრუნებას და იქიდან ტერორისტული დაჯგუფების განდევნისთვის იბრძვიან.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კოალიციის წევრები უნდა შევკრიბოთ და ყველაფერი დეტალურად გავიაროთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ წარმატების საუკეთესო შანსისთვის ყველაფერი მზად გვაქვს“ - ამბობს ბრეტ მაკგურკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო დესპანი დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში.

„ამერიკის ხმამ“ ოფიციალური პირებისგან შეიტყო, რომ გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მოსულთან მიმდინარე ბრძოლებში ერაყელთა დასახმარებლად დამატებით 560 ჯარისკაცს გამოყოს. ამასთან, მოკავშირეთა მხრიდანაც აუცილებელია, რომ შენარჩუნდეს, ან გაიზარდოს კოალიციის წევრთა მონაწილეობის აქამდე არსებული მოცულობა.

ხვალ, 21 ივლისს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრთა შეხვედრის მეორე რაუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება. მასში თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდებიან.

ოფიციალური პირების თქმით, მეორე შეხვედრაზე ისაუბრებენ იმაზე, თუ რა მოჰყვება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით დასრულებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რეგიონში სიტუაცია სწრაფად დარეგულირდეს. კოალიციამ უკვე შექმნა ე.წ. „სწრფი სტაბილიზაციის“ ფონდი, რომელიც ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 100 მილიონ დოლარს მოიცავს.

ბრეტ მაკგურკი ამბობს, რომ სტაბილიზაციისთვის შექმნილი ფონდიდან დაფინანსდება პოლიციელთა საწვრთნელი პროგრამები და ასევე გამოიყოფა თანხები დევნილების შინ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ფონდის წარმატების ნიმუშად პრეზიდენტის საგანგებო დესპანი დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში ქალაქ თიქრითს ასახელებს.

მას შემდეგ, რაც თიქრითი ტერორისტული დაჯგუფებისგან გაათავისუფლეს, ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა გასულ წელს შინ დაბრუნდა. ბრეტ მაკგურკის თქმით, ერაყის დასახლებულ პუნქტებში მათი გათავისუფლების შემდეგ 700 ათასზე მეტი ერაყელი დაბრუნდა.

კოალიციის წევრები ასევე მსჯელობენ იმაზე, თუ ე.წ. ხალიფატის კოლაფსის შემდეგ, სად გაიფანტებიან სირიაში და ერაყში დამარცხებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები. „აბსოლუტური გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს, კაპიტულაციის შესახებ დოკუმენტს ხელს არავინ მოაწერს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ენტონი კორდესმენი, სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ლიდერები ყურადღებას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საერთაშორისო ქსელებზეც გაამახვილებენ. კოალიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ავღანეთიდან ლიბიამდე რვა თვითგამოცხადებული მოკავშირე ჰყავს.

ვაშინგტონში არ იმყოფება თურქეთის თავდაცვის მინისტრი ფიქრი იშიკი. მის ნაცვლად თურქეთს, რომლისთვისაც ახლა შიდა პრობლემების მოგვარება გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, შეხვედრებზე წარმოადგენს ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში. პენტაგონის პრეს-სპიკერი პიტერ კუკი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი თურქ კოლეგას სამშაბათს ტელეფონით დაუკავშირდა და საუბარში თურქეთის დემოკრატიულად არჩეული სამოქალაქო მთავრობის მხარდაჭერა გამოხატა.

XS
SM
MD
LG