ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელები და დასავლეთი" - კონგრესმენი კოსტა


რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის შვიდი თვე გავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა სულ უფრო ძლიერდება და დასავლური, პირველ ყოვლისა ამერიკული სამხედრო-ტექნიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერით, წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს.

პოლიტიკურად დაყოფილ ვაშინგტონში, უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება არის საკითხი, რომელზეც განსხვავებულ პლატფორმებზე მყოფი პარტიები ერთსულოვნად თანხმდებიან.

დღეს აშშ-ის კაპიტოლიუმში კალიფორნიელმა კონგრესმენმა ჯიმ კოსტამ „ამერიკის ხმას“ უთხრა:

ჯიმ კოსტა - კონგრესმენი
ჯიმ კოსტა - კონგრესმენი

„ვფიქრობ, უკრაინელები მამაცი ხალხია და ბევრი ადამიანი დაკარგეს, მაგრამ დაამტკიცეს, რომ თუ სათანადო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება ექნებათ, დემოკრატიისთვის ბრძოლის ნებისყოფა გააჩნიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა გადაჭარბებით იყო შეფასებული და მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს უკრაინელები, ვერ შეაფასეს დასავლეთი, ევროკავშირი და ნატო იმ გაგებით, რომ შეგვიძლია ძლიერად შეკავშირება, რასაც პუტინი არასდროს მოელოდა.

ჩვენ მამაც უკრაინელ ხალხზე ფიქრს ვაგრძელებთ. გვესმის, რომ მათ დასჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა იმ მომენტამდე, როდესაც რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მოუხდება. ამის უზრენველსაყოფად, ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ.“

აშშ-ის კონგრესში, როდ აილენდის წარმომადგენელმა დევიდ სისილინემ ხაზი გაუსვა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მთელი თავისუფალი სამყაროს პასუხისმგებლობაა.

დევიდ სისილინე - კონგრესმენი
დევიდ სისილინე - კონგრესმენი

არ ვფიქრობ, რომ ვიცით რუსეთისგან რას უნდა ველოდეთ. ვფიქრობ, მათ აჩვენეს, რომ მზად არიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ნამდვილად საზარელი, ჩემი აზრით ომის დანაშაულები ჩაიდინონ. ვფიქრობ, დანამდვილებით არავინ იცის მათი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. ვფიქრობ, უკრაინელი ხალხის სიმამაცით და გამბედაობით, ყველა აღფრთოვანებული უნდა იყოს. თავისუფალ სამყაროში ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა. მხარს ვუჭერთ უკრაინელებს ამ ბრძოლაში, როდესაც ისინი მზად არიან, საკუთარი დემოკრატიის შესანარჩუნებლად იბრძოლონ და თავი დადონ. ჩვენ მათ ყველა შესაძლო გზით დავეხმარებით" - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, კონგრესმენი სისილინე.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრიერიში განახორციელა და ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. დასავლურმა იარაღმა და წვრთნამ, უკრაინული არმიის წარმატებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

XS
SM
MD
LG