ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსეთისა და ტრამპის პოლიტიკა განიხილეს


შეხვედრა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი
შეხვედრა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი

"მსოფლიო და რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ" - კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში საბჭოთა კავშირის დაშლის 25 წლისთავთან დაკავშირებული ლექციათა სერია გრძელდება. როგორ გაგრძელდება რუსეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა და როგორ შეიცვლება ამერიკა- რუსეთის ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? ამ თემებზე დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ბობო ლო და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ტედ ჰოპი მოხსენებით წარსდგნენ.

რა ფაქტორები განაპირობებს რუსეთის მიერ წარმართულ ურთიერთობებს საგარეო მიმართულებით, მოხდა თუ არა ტრანსფორმაცია და პოლიტიკის გადახედვა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის თავზე. ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი ფიონა ჰილი, რომელიც ჰარიმანის ინსტიტუტში, რუსეთის საკითხებში პოლიტიკური ანალიტიკოსების გამოსვლების მოდერატორი იყო, შესავალ სიტყვაში რუსეთის მომავალ, შესაძლო გეგმებზე წარსულის გამოცდილებით საუბრობს. შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტაციასა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე ექსპერტებს განსაკუთრებული მოლოდინი ამ ეტაპზე არ აქვთ.

ფიონა ჰილი: პუტინმა, ამერიკის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გააკეთა განცხადება სამხედრო ბაზების თავიდან გახსნის შესახებ კუბაზე და ვიეტნამში. რამდენად გვინდა პერსპექტივაში არსებული გეოპოლიტიკის პირობებში ცივი ომის დაბრუნება? ამჟამად, ყველაზე დიდი კითხვა არსებული ლიდერშიპის მოსალოდნელ სვლებს უკავშირდება, ახლადარჩეული ტრამპის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი პუტინი - სურთ კი ან მზად არიან, აქვთ მოლოდინი რომ შეცვლიან მიმართულებებს და იმ ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ვინც ატიპატიით არის განწყობილი და ღიად აფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას შესაძლო ცვლილებების მიმართ?

დასავლეთის მიერ უკრაინის საკითხზე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა თავისი ეკონომიკური და ფინასნური გავლენა აზიის ქვეყნებში გააძლიერა. ამით კიდევ ერთხელ გაამყარა თავის პოზიციები, როგორც გლობალურმა მოთამაშემ და ანგარიშგასაწევმა ძალამ. რამდენად მყარია რუსეთის ეს ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა აზიასთან და ასევე, რამდენად გრძელვადიანი იქნება რუსეთის დასავლეთთან დაშორება, რომელიც ექსპერტების შეფასებით ისტორიულად, ლიტერატურით, კულტურით, ევროპის ნაწილს წარმოადგენს. ბობო ლო საუბრობს:

"ჩანს, რომ ჩინეთი ლიდერის პოზიციაშია რუსეთთან, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ეს კი მის ინტერესებს აზარალებს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში. რატომ უნდა წავიდეს რუსეთი ასეთ რისკზე, რატომ არ შეიძლება მისაღები პოზიცია დაიკავოს? საბოლოოდ, რუსეთის თანამშრომლობა აზიის ქვეყნებთან ნაყოფიერი და მომგებიანი მხოლოდ იმ პირობით იქნება, თუ აზიის ქვეყნებს მიუდგება როგორც ანგარიშგასაწევ პარტნიორს და არა როგორც ერთგვარ კომპონენტს მათი ეკონომიკისთვის. თითქმის ყველა მიესალმა ტრამპის არჩევას რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ იქ მას ექსენტრულად და მატერიალისტურად თვლიან. თუმცა, არ იქნება ჭკვიანური იყოს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში რუსეთი, ამერიკასთან მიმართებაში პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის. ვფიქრობ, რომ პუტინი ვაშინგტონს დაუთმობს პირველობას, რომ წავიდეს დათმობებზე. თუ პუტინიც წავიდა დათმობებზე, მაშინ მისი მხრიდან ეს იქნება ძალიან ტაქტიკური და პრაგმატული ნაბიჯები. ეს არ იქნება ცვლილებები დასვლეთთან პოლიტიკურ დამოკიდებულებაში, არც მის მეზობლებთან მიმართებაში და არც ამერიკის, როგორც გლობალური ძალაუფლების მქონე ქვეყნის აღიარება."

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის განმავლობაში რუსეთში სხვადასხვა ისნტიტუციების განვითარების ანალიზი წარმოადგინა სინგაპურის ინსტიტუტის პოლიტოლოგმა რუსეთის საკითხებში ტედ ჰოპმა. საინტერესოა, რომ პუტინის მმართველობის პირველი 8 წლის განმავლობაში კორუფცია ქვეყნის განვითარებისთვის მთავარ უარყოფით ფაქტორად რჩებოდა. დემოკრატია, რომელიც ძალიან დაბალ მაჩვენებელს ასახავდა წინა წლებში, 2012-2015 წლებში შედარებით უფრო განვითარდა პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაციების და უკრაინის ფაქტორის ხარჯზე. ქვეყნის განვითარების პოზიტიურ ასპექტს ბოლო წლებში დაემატა ისიც, რომ რუსეთი მრავალლნაციონალური რუსული სახელმწიფო გახდა.

ტედ ჰოპი : საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის თავზე რუსეთი ისევ განვითარებად ქვეყნად რჩება. ეს არ არის დარსრულებული პროექტი. ერთის მხრივ, უცნაურია ასეთი ტიპის ქვეყანაზე საუბარი, რომ ისევ განვითარების სტადიაშია როცა დიდი ძალაუფლების ქვეყანას წარმოადგენს და გლობალურ პროცესებში მნიშვნელოვან მოთამაშეა. თუმცა მეორეს მხრივ, მაგალითად, როდესაც საკითხი დასავლეთის კრიტიკას ეხება იქ არსებული დემოკრატიული პროცესების შესახებ, რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის ყოველთვის იქნება არგუმენტი ის, რომ დემოკრატია რუსეთში ისევ განვითარების პროცესშია. მეორე საკითხია, რატომ უნდა დასჭირდეს 25 ზე მეტი წელი ევროპულ ღირებულებებზე ადაპტაციას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი, რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროსადენები, გაზსადენები, რკინიგზის ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა შეინარჩუნა, რითაც ასევე შეინარჩუნა იმპერიალისტური ზრახვები, რაც რეგიონში დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების მიმართ პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG